ვაკის პარკის რეაბილიტაციას, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, კომპანია “გრინსერვის პლიუსი” ასრულებდა. დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის მოსწავლეები ჩავარდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას თანატოლი ბიჭი ცდილობდა. 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა თუმცა 1 წლით გადაიწია, ყველა პროექტში სადაც “გრინსერვის პლიუსი” მონაწილეობდა, მაგალითად ერთი წლით დააგვიანეს გახსნა პარლამენტის წინ მდებარე სივრცის.
რა ვიცით გრინსერვისზე და მის მფლობელებზე.
კომპანია გრინსერვის პლიუსის მფლობელი არის ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე. მისმა კომპანიამ 2021 წლის მაისში 7 მილიონი ლარი მიიღო მხოლოდ ორი პროექტის შესრულებისთვის. თავად ფურცხვანიძე 2013 წლის დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
მაშინ გამოძიება იტყობინებოდა, რომძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავეს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, ხარშილაძე და ფურცხვანიძე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აიყვანეს.
გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წლის 1 მაისს ნაცნობების – მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძის და კობა ყორღანაშვილის სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს გრინსერვისი, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან, თავად იყვნენ.
“შპს გრინსერვისის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში მაშინ როდესაც, ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატანდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს გრინსერვისმა ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში, გაიმარჯვა გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში”, – აღნიშნავს ბექა კვიციანი.
გამოძიების მტკიცებით, 2010 წლის 16 ნოემბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ მას შემდეგ, რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოში შეცვალეს ფიქტიური დამფუძნებლები და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს.
“მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის, საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 1 381 487 ლარს, წილებზე საკუთრების მოპოვების კანონიერად წარმოჩენისათვის, შეადგინეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები, 100%-იანი წილის 400 ლარად შესყიდვის თაობაზე. წილების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერს და 2012 წლის 25 იანვარს ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ სამ ეტაპად განახორციელეს შპს გრინსერვისის მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემა 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით”, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა და აღნიშნა, რომ გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ფურცხვანიძეს და კობა ხარშილაძეს 400 000 ლარის გადახდა დააკისრა.
“მინდა მივულცო ჩვენი სასამართლო სისტემის ნამდვილად კორექტულად და კარგად ფუქციონირება, რაც დადასტურდა კიდევაც და სამწუხაროდ, პროკურატურა ნულს ქვემოთ აღარ არის, მინუს ქვემოთ არის უკვე. ის არგუმენტები, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაგვიბარეს და არ გამოვცხადდით, ეს აბსურდი აღარ არის, ეს არის ტყუილი. როდესაც ადამიანს ურეკავენ ღამის საათებში და ეუბნებიან, რომ ხვალ დილით თუ არ მოხვალ, ჩვენ სხვა საშუალებებიც გვაქვს თქვენი მოყვანის, ეს არის მუქარა. და როცა კითხულობ – რის საფუძველზე მიბარებ, პასუხია – მობრძანდი და გაიგებ. ეს სატელეფონო ჩანაწერები, ეჭვი მაქვს, რომ კარგად ისმინება. და ახლა აქ აღმოჩნდა რაღაც გარემოება, რომ თურმე ვიღაცა ოპერმუშაკის განცხადებით, ვაპირებდით აზერბაიჯანში გაქცევას.აზერბაიჯანზე უკეთესი ქვეყნებიც არის გასაქცევად, თუ გაქცევას ვაპირებდით” – ამბობდა მაშინ ლაშა ფურცხვანიძე.
თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა გრინსერვის+-თან, რომლის მესაკუთრეები – ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი და მისი ყოფილი მოადგილე, ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის იყვნენ დაკავებულები;
თბილისის მერიამ ჯამში ატრაქციონებში 647 ათასი ლარი დახარჯა, ბათუმის მერიამ – 646 ათასი ლარი, ხოლო ფოთის მერიამ – 299 ათასი ლარი.
ატრაქციონებისთვის ლ 2.2 მილიონი ლარი ჯამში 12-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაიღო.
მას შემდეგ რაც საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვების გზით 2,208,383 ლარი დაიხარჯა ატრაქციონების შესაძენად.
პანდემიის პერიოდის განმავლობაში ატრაქციონების შეძენა 12-მა მუნიციპალიტეტმა განახორციელა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები გორის მერიამ დახარჯა, რომელმაც 800,000 ლარის ატრაქციონები შეიძინა.
გორის მერიის შემდეგ მოდის თბილისის მერია, რომელმაც ატრაქციონების შესაძენად 2 შესყიდვა განახორციელა და საერთო ჯამში 647,195 ლარი დახარჯა.
თბილისის მერიამ 337,995 ლარის ღირებულების ხელშეკრულება “შპს გრინსერვის +”თან (406030370) გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის ყოფილი გამგებელია, ხოლო მეორე დამფუძნებელი კობა ხარშილაძე მისი მოადგილე. ორივე მათგანი 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. კომპანიას დღემდე 43,256,287 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ანგარიშის მიხედვით, მეწარმეები, რომლებიც თბილისის მერიამ 2013 წელს არაკეთილსინდისიერ მოქმედებაში დაადანაშაულა და ხელშეკრულება გაუწყვიტა, კვლავაც განაგრძობდნენ მერიის ტენდერებში მონაწილეობას და ქალაქის ბიუჯეტიდან ასობით ათას ლარს იღებეას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შესახებ, რომლის მიზანი ბარათაშვილის ქუჩის გამწვანების მომსახურების შესყიდვა იყო. ტენდერში კომპანია „გრინსერვისმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ბარათაშვილის ქუჩაზე 120 ძირი კვიპაროსის დარგვის ვალდებულება იკისრა, მერიამ „გრინსერვისს“ თითო ნერგში 990 ლარი გადაუხადა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა შესყიდვის პროცესი (კითხვებს ბადებდა, ერთი მხრივ, ნერგებში გადახდილი მაღალი ფასი, მეორე მხრივ კი „გრინსერვისის“ მფლობელების კავშირი თბილისის მერიასთან), თბილისის მერიამ ტენდერის შედეგები გააუქმა, „გრინსერვისთან“ დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა და საქმე შესასწავლად სამართალდაცავ უწყებებს გადაუგზავნა. მერია ამტკიცებდა, რომ „გრინსერვისი“ არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მერიას მიწოდებული პროდუქციის რეალური ღირებულება დაუმალა.
მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, „გრინსერვისი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იქნა შეყვანილი ბათუმის მერიის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად კომპანიამ არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შავ სიაში „გრინსერვისი“ შეყვანილია როგორც „შპს აბელია“, რადგანაც კომპანიამ 2012 წლის ივნისში სახელწოდება შეიცვალა და ორი თვის მანძილზე ამ დასახელებით ფუნქციონირებდა, ხოლო 2012 წლის აგვისტოში კვლავ „გრინსერვისი“ ეწოდა). „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შავ სიაში შეყვანილ კომპანიას ერთი წლის ვადით ეკრძალება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა. ამრიგად, “გრინსერვისს” 2013 წლის ივლისამდე არ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში წინადადებების წარდგენა.
თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობას განაგრძობს კომპანია „გრინსერვისი+“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „გრინსერვისი+“-ის დირექტორია ლაშა ფურცხვანიძე (ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი), ხოლო მეწილეები ლაშა ფურცხვანიძე, კობა ხარშილაძე (ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე) და ტარიელ კიკნაძე არიან. იმავე რეესტრის მონაცემებით, ლაშა ფურცხვანიძეა კომპანია “გრინსერვისის” დირექტორიც, ხოლო იგივე ფურცხვანიძე და ხარშილაძე “გრინსერვისის” მეწილეებიც არიან. იდენტურია ამ ორი კომპანიის იურიდიული მისამართიც.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აშკარაა, რომ „გრინსერვისი+“ მეწარმეთა იმავე ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც „გრინსერვისის“ სახელით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავს სიაში არიან შეყვანილი და ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ, ეს კომპანია ტენდერებში მონაწილეობას აგრძელებს და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ „გრინსერვისი+“-ს ხელშეკრულებებს თბილისი მერია უფორმებს – სწორედ ის უწყება, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მეწარმეთა იგივე ჯგუფი არაკეთილსინდისიერ ქცევაში დაადანაშაულა და სამართალდამცავ ორგანოებს მათი საქმიანობის შესწავლა სთხოვა.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში „გრინსერვისი+“-მა ხუთი ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური თანხა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. ხუთივე შემთხვევაში ტენდერი თბილისის მერიის მიერ იყო გამოცხადებული. ორ შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო სამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.
ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებისთვის ჩატარებულ ტენდერში „გრინსერვისის“ ბრალეულობა ცალკე მოკვლევის საგანია. მართალია თბილისის მერიამ შარშან განაცხადა, რომ საქმის მასალები სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნა, მაგრამ ამ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში, მერიის იმ წარმომადგენლების მინიმუმ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომლებმაც ეს ტენდერი დაგეგმეს და ჩაატარეს (რადგანაც საქონლისა და მომსახურების გონივრულ ფასად შესყიდვის უზრუნველყოფა სწორედ მათ ევალებათ და არა მიმწოდებელს). კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამჟღავნდება უკანონო გარიგება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მერიის წარმომადგენელთა ბრალეულობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ბარათაშვილის ქუჩის შემთხვევაში მართლაც იყო ნიშნები იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა ეს ტენდერი კონკრეტული კომპანიის ინტერესებსა თუ შესაძლებლობებს მოარგეს.
თუმცა, 2012 წლის მაისში თბილისის მერიამ არჩია, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მიმწოდებელ კომპანიაზე გადაეტანა და ამდენად მერიის არც ერთი თანამდებობის პირის (მუნიციპალური შესყიდვებისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლების) პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მერიის ამგვარი პოზიციის გათვალისწინებით, მით უფრო გასაკვირია ის გარემოება, რომ თბილისის მერიამ 2013 წლის დასაწყისში მიზანშეწონილად ჩათვალა მეწარმეთა იმავე ჯგუფთან (არსებითად იმავე „გრინსერვისთან“) ხელშეკრულებების გაფორმება ასობით ათასი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვაზე.
თუ საკითხს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ცხადია, რომ ეს შემთხვევა სერიოზულ ხარვეზზე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში შეყვანილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ამჟამად თავისუფლად შეუძლიათ მათთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გაგრძელება სხვა კორპორატიული სახელწოდების გამოყენებით. სისტემის ეს ხარვეზი ფაქტობრივად აზრს უკარგავს შავი სიის მექანიზმის არსებობას.
ექსპრესნიუსი.
კომენტარები