თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“ – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.
„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო.
ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება.
მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ.
თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ.
ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ – არა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები