6 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე – საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება 2003 წლის 22 ნოემბერს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას, რომლის შესახებაც ბევრმა არც არაფერი იცის. იმ დღეს მარიამ საყვარელიძის ოჯახი თბილისში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ჯავშანმანქანა დაეჯახათ. მარიამ საყვარელიძის და ადგილზევე გარდაიცვალა, მისი ვაჟი კი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი დღის შემდეგ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. სტრასბურგის სასამართლომ კი რამდენიმე დღის წინ ამ საქმეზე ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 25 ათასი ვეროს გადახდა დააკისრა.
მარიამ საყვარელიძე რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში იხსენებს იმ ტრაგიკულ დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. აქვე გამოთქვამს საკუთარ ვარაუდს, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე საქმის გამოძიება, რომელიც ხანდაზმულობის გამო უკვე საერთოდ დაიხურა.
„ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ამბის გახსენება, მაგრამ 17 წლის განმავლობაში დღე არ ყოფილა, რომ ეს მდგომარეობა არ გამხსენებოდა, სულ თვალწინ არ მედგას და ამაზე არ ვფიქრობდე. მთელი ჩემი ცხოვრება იმ დღემ დაანგრია და დააქცია. ჩემთვის აღარ არსებობს აღარც ტკბილი წარსული, აღარც აწმყო და აღარც მომავალი.
2003 წლის 22 ნოემბერს დიდი მიტინგები იყო, „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდი იყო და მთელი ქუჩები თავისუფალი იყო, ყველა აქციაზე იყო. მთლად ცარიელ ქუჩაზე მივდიოდით ჩვენი კუთვნილი ავტომობილით, BMWთი: მე, ჩემი შვილი (საჭესთან იჯდა) და ჩემი და, თავისი სამი მცირეწლოვანი შვილით. გორგასლის ქუჩაზე, სადღაც იქ გამწვანება იყო, ბენზინგასამართ სადგურზე შევედით და ავიღეთ საწვავი. იქიდან რომ გამოვედით, სულ რაღაც 800 მეტრში მოხდა შეჯახება. გამწვანების შემდეგ იყო პატარა ხიდი, იქით-აქეთ ბორდიურებით, ათმეტრიანი სიგანის ხიდი იყო. ზუსტად იქ, ფართე ადგილიდან გამოვიდა და ამ ვიწრო ხიდზე შემოსვლის დროს ერთმანეთს ასწრებდა ორი „ბე-ტე-ერი“. „ბე-ტე-ერი“ ისედაც მასიურია და ორი ერთად ვეღარ ჩაეტია იმ გზაზე. ყველანაირად ვეცადეთ, გადასულები ვიყავით მაქსიმალურად, მაგრამ გაგვკრა გვერდი სადღაც ათ სანტიმეტრში მაინც და… დაიქცა მთელი ჩემი ოჯახი კი არა, მთელი ჩვენი საგვარეულო. დამეღუპა და, რომელსაც ნახევარი თავი მოგლიჯა ამ „ბე-ტე-ერის“ ჯავშანმა, რომელიც პირდაპირ მას დაეჯახა. მის შვილებს კალთაში ეყარათ დედის სხეულის ნაწილები. ჩემი შვილი კი კალთაში ჩამივარდა და საავადმყოფოში მიყვანიდან 30 საათი იცოცხლა აპარატის საშუალებით.
ხელოვნურ სუნთქვაზე იყო ჩართული. ჩემი და ადგილზევე დაიღუპა. საშინელებაა იმ წუთების გახსენება. დღესაც არ ამომდის თვალიდან და ყურიდან ის ხმა და ის მდგომარეობა, რაც იქ იყო…
დღემდე უფროსი ბავშვი [დისშვილი], რომელიც 11 წლის იყო – ბადრი წულიაშვილი, პირველი ჯგუფის ინვალიდად არის დარჩენილი. შოკიდან ვერ გამოვიყვანეთ ბავშვი. ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვს შერყეული და უმოქმედოა ფაქტობრივად…
და მას შემდეგ ვიბრძვი. ერთი დღე არ გავჩერებულვარ 17 წლის განმავლობაში, რომ ეს საქმე არ მექექა, არ მეძია, მაგრამ დღემდე სამართალს ვერ მივაღწიე ამ დასაქცევ საქართველოში.
იმ ღამესვე, პირველმა დაიწყო გამოძიება სამხედრო პროკურატურამ, მაშინვე, ფაქტზევე აღიძრა საქმე. იძიებდა გოჩა სხირტლაძე. ღმერთი უშველის მას და… სულ ასეთი სასიკეთო საქმე ეკეთებინოს. დიდი ბრძოლა უხდებოდა. ზეწოლა იყო ყველას მხრიდან, რომ ეს საქმე არ გამოემჟღავნებინა: გინდა თუ არა, შეცვალე ჩვენებები, მდგომარეობა, რომ დამნაშავე არ გამოვლენილიყო. უნდა დაეკავებინათ დამნაშავე, მაგრამ ზუსტად მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ჩამოართვა სპეციალურად საქმე სამხედრო პროკურატურას და გადასცეს გამოსაძიებლად უშიშროებას, რომ იქ შეეცვალათ საქმე. იქ იძიებდა ვიტალი სადათიერაშვილი… ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე გაეყალბებინათ და დაეტოვებინათ ასე, ცაში გამოკიდებული.
იმ დღიდან ვიბრძვი სამართლის, სიმართლის ძიებაში, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე. მთელი ათი წელია სტრასბურგშია ჩვენი საქმე გაგზავნილი. არც იქიდან გვქონდა არაფრის იმედი. ვიძახდი, რომ, ალბათ, დაბლოკილი აქვს თვითონ სახელმწიფოს, რადგან ის „ვარდების რევოლუცია“ უსისხლო უნდა ყოფილიყო, ალბათ, ჩემი აზრით, და იმიტომ არ იყო პასუხი. რამდენჯერმე გავაგზავნეთ შეკითხვა, პირადად ჩემი ინიციატივითაც გავაგზავნე წერილები სტრასბურგში და როგორც იქნა, მოსულა პასუხი. გუშინ შემოვიდა ეს დადგენილება. დამიბარეს და მოვედი, ვცდილობ საქმის გაცნობას… ვცდილობ, განვაახლო ეს ძიება და მოვითხოვ დამნაშავის დასჯას. ჩემი შვილი მიწის პატიმრად აქცია და იმან ციხე მაინც იგემოს!
რაც აწყობდათ, იმას წერდნენ იმ საქმეში. ხანდაზმულობის ვადა რომ გავიდა და მთლად თაროზე შემოდეს, მერე მომივიდა პასუხი, რომ დამნაშავე ყოფილა ავთანდილ მამალაძეო და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელი აღარაფერი ეკუთვნისო. …ვერ გავიგე, იმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, გამიცოცხლეს შვილი, თუ ჩემი ცხოვრება შეიცვალა რაიმეთი?…
ეჭვი მქონდა, რომ სურდათ, „ვარდების რევოლუცია“ ყოფილიყო „უსისხლო“. სულ მპირდებოდნენ, ჩატარდება არჩევნები, მოვა სხვა ხელისუფლება და გვეშველება, საქმეს სწორად წარმართავენო, მაგრამ მოვიდა ეს ხელისუფლება და იგივე ხელისდამფარებლები არიან იმათი. რა ვიცი…“ – ამბობს მარიამ საყვარელიძე რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
კომენტარები