თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი დღეს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილნი იქნებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
ბრალდებულებს გამოძიება ძარცვის ეპიზოდში ედავება.
ძარცვის ბრალდებით დაკავებული გოგა გიგაურის ადვოკატის, ირმა ბრელიძის განცხადებით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარე ედავება კონკრეტულად ძარცვას, რომელიც საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილნი იქნებიან მოწმეები, რომლებიც არიან ზოგადი ხასიათის. არც ერთი მოწმე არ არის პირდაპირი ხასიათის, რომელიც თუნდაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოქმედების განხორციელებას, რომელიც ობიექტურად დაინტერესებულ პირს დაარწმუნებდა, რომ გ.გ-მ ჩაიდინა ძარცვა. იგი სრულიად უდანაშაულოდ ზის მთელი ამ ხნის განმავლობაში და ფაქტობრივად, მის მიმართ ამ დრომდე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გამოკვეთილა. თუმცა, სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს დაცვის მხარის უფლებების შელახვით. თანაბარი უფლებებით ვერ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, ვინაიდან ძირითადი დრო მიაქვს ბრალდების მხარეს. მე ველოდები, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დადგეს, რადგან მას ეს კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო მეტიც ეს ჩვენებები, ოთხი მოწმე, რომლებიც ჩვენებებს იძლეოდნენ, ეს იყო გადაკოპირებული, იგივე დაზეპირებული ჩვენებები, რაც ვერაფრით ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მეტ ობიექტურობას მოვითხოვთ დაცვის მხარე. შეიძლება, საქართველოში ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენც და გ.გ-ს ოჯახიც მზად ვართ, თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ სამართლიან სასამართლო გადაწყვეტილებას, ალბათ დავას გავაგრძელებთ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ.
კომენტარები