„გიორგი ვაშაძის საპენსიო სესხთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრება, რომ საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირებაა შესაძლებელი, ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ ყველა იმ პარამეტრს, რაც დღეს გვაქვს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საპენსიო თემატიკას კვლავ ელექტორატის გულის მოსაგებად იყენებენ და ხშირად ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ, რაც მოქალაქეებს არასწორ წარმოდგენებს უქმნის.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთზე, უნდა გავითვალისწინოთ საუბარია ნომინალურ თუ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ბატონი გიორგის პათოსს თუ გავითვალისწინებთ, ის საუბრობს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რომ ჩამოვიდეს 20%-ზე დაბლა, მაშინ, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 10%-მდე, რათა სხვა ყველა ხარჯი არ აცდეს ზემოთ ხსენებულ 20%-ს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო ბაზარზე არ არის ლარში გაცემული მსგავსი ტიპის სესხი, რომელიც იქნება ნომინალურ 10%-ზე დაბლა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ზე აქვს აწეული. აქედან გამომდინარე, ბატონი ვაშაძის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ ყველა პარამეტრს, რომელიც დღეს გვაქვს“.
პაატა ბაირახტარი ხაზს უსვამს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქონებით უზრუნველყოფილი სესხებიც კი დაახლოებით 14-15 %-იან საპროცენტო განაკვეთში გაიცემა, შეუძლებელია პენსიის საფუძველზე გაცემული მოკლევადიანი სესხი 10%-ში გაიცეს.
„საპენსიო სესხი, როგორც პროდუქტი არის არაუზრუნველყოფილი, მოკლევადიანი სესხი, რომელიც ბაზარზე ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული სესხია. რაც შეეხება განცხადებას, რომ ეს არის უზრუნველყოფილი სესხი, უხეშად რომ ვთქვათ, ტყუილია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვიღაც ტექნიკურად ვერ გაერკვა საკითხში და გარკვეულ უცოდინრობასთან გვაქვს საქმე. უზრუნველყოფილი სესხი ნიშნავს კონკრეტული აქტივით, მიწის ნაკვეთითა თუ შენობა-ნაგებობით, მაგალითად, იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს. პენსია, ხელფასი თუ სხვა შემოსავალი ვერ იქნება განხილული როგორც უზრუნველყოფა. ის, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ, არის შემოსავლის წყარო, რომლის საფუძველზეც მტკიცდება კრედიტი. შემოსავლის წყარო ვერ იქნება განხილული უზრუნველყოფის ტიპად“, – განაცხადა ბაირახტარმა.
როგორც მან „საქმიან დილასთან“ საუბრისას დასძინა, უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთს დაზღვევის კომპონენტიც ზრდის, რადგან კერძო სადაზღვეო კომპანიები მათ დაზღვევაზე უარს აცხადებენ და ამ ხარჯის გაღებაც პენსიის გამცემ ბანკს უწევს.
„სამწუხაროდ, სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში კომპანიების უმეტესობა არ აზღვევს საპენსიო ასაკის ადამიანებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებიან და კერძო კომპანიებს ამ რისკის გაღება კომერციულად არ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ბანკს უწევს ამ რისკის თავის თავზე აღება და ეს კომპონენტი საპროცენტო განაკვეთშია ჩადებული. მაგალითად, თუ შევხედავთ “ლიბერთი ბანკის” 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, ვნახავთ, რომ ბანკს უშუალოდ ე.წ. საპენსიო და სოციალური სესხებიდან (ანუ, რეგულარული შენატანების საფუძველზე გაცემული სესხები) მიღებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღემატებოდა, რაც დამერწმუნებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პათოსი, რომ დაზღვევა გადააზღვევს ამ რისკებს, არასწორია, რადგან მსგავსი პროდუქტი ბაზარზე ფიზიკურად არ არსებობს. ამას ბანკი იღებს თავის თავზე, რაც საკმაოდ დიდი თანხა ჯდება,”- ამბობს ბაირახტარი.
პაატა ბაირახტარი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ლიბერთი“ საპენსიო სესხების ბაზარზე მონოპოლისტია. „ჩვენ გამოვითხოვეთ მონაცემები და საპენსიო ასაკის ძალიან დიდ ნაწილს, დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტ ადამიანს, სხვა კომერციულ ბანკში აქვს აღებული სესხი და არა „ლიბერთიში“. რომელ ექსკლუზივზე ვსაუბრობთ, როდესაც ამის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს? გაუგებარია, რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამ თემაზე პოლიტიკოსები, თუნდაც, ბატონი გიორგი ვაშაძე“, – განმარტა ბაირახტარმა.
კომენტარები