„ლელოს” ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები”, რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.
სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ მოდულში დასაქმებული პირების იდენტიფიკაციას, რომ მხოლოდ ამ პირებს ჰქონდეთ სისტემაზე წვდომა. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისტემაში ყოველი შესვლისას მიიღებს SMS შეტყობინებას. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან გადავიდნენ ამ სისტემაზე ა/წ 25 ოქტომბრიდან. რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.
„რატომ ხდება ახალი ელექტრონული პლატფორმის შემოღება 25 ოქტომბერს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მანიპულაცია. ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საინფორმაციო პორტალის ერთ – ერთი მოდული იცვლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რაც შეძლება გახდეს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულირების მექანიზმი. პირველ ეტაპზე ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უზუსტობები როგორიცაა, ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, უზუსტობა ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფორმაციული სისტემის გაუმართაობა, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მოუმზადებლობა, პრობლემები SMS გაგზავნა – მიღებაში. ინფორმაციას ვინც ფლობს, ის ფლობს სიტუაციასაც. ეს არის ჩვენი ეჭვი, რატომ 25 ოქტომბერს და არა თუნდაც არჩევნების შემდეგ,”- აცხადებს სურგულაძე.
კომენტარები