ჩვენ მოვახერხეთ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება, თუმცა, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
“ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე, ასევე დროული და ეფექტური რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულების ფარგლებშია. ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეჩერება მოვახერხეთ, რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მზად უნდა ვიყოთ დაავადების მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.
“მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით, პრემიერის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვაში.
კომენტარები