სამი წლის წინ ამ დღეს ჩემი ძმა უსამართლოდ საპყრობილეში ჩააგდეს,- ამის შესახებ ე.წ „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
თორნიკე მამალაძის თქმით, დღეს გლდანის მე-8 საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
„დღეს 10 თებერვალია. სამი წლის წინ ამ დღეს ჩემი ძმა უკანონოდ და უსამართლოდ საპყრობილეში ჩააგდეს. ბოლო ერთი წელია ის დასნეულებული და პარალიზებულია. ამ დრომდე უშედეგოდ ვითხოვთ მის მკურნალობას სათანადო პირობებში.
ამ აქციით გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მამა გიორგის სიცოცხლე ჩვენთვის ძვირფასია. ის ვერ გადარჩება იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა იმყოფება“, – წერს თორნიკე მამალაძე
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კომენტარები