ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– „აგენტების კანონი“ ცალსახად იყო რუსეთის დაკვეთა, რომელიც რუსეთის მარიონეტს, ბიძინა ივანიშვილს და მის მონათა გუნდებს უნდა შეესრულებინათ – „ხალხის ძალას“ და „ქართულ ოცნებას“. რაც არ უნდა ამტკიცონ, იქ იღებენ, აქ იღებენ ამგვარ კანონებსო, კანონის მიღების შემდეგ, დასავლეთი ცხადდებოდა მტრად, მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, მათი დამფუძნებლები დასავლეთის აგენტებად. რუსეთს ამ კანონის გავრცელება სჭირდებოდა სატელიტ ქვეყნებში. ასეთივე პროცესი დაიწყო ყირგიზეთში, ბოსნიაში და სერბეთში, სამივე ქვეყანაში პრორუსი ძალები ლობირებდნენ ამგვარ კანონს და ცდილობდნენ, კანონი გაეტანათ. აქაც დაჟინებით ცდილობდნენ, გაეთრიათ ეს კანონი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც კრემლში დაწერილ სცენარებს ანხორციელებს საქართველოში. თუმცა, ხალხი გამოვიდა გარეთ, უმატესობა ახალგაზრდები, სტუდენტები და უკან დაახევინეს ხელისუფლებას. აქამდე ახალგაზრდობას ასე არასდროს უაქტიურია, ასე აქტიურად არ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში ჩართულნი. აქ გაიღვიძა ქართულმა გენეტიკამ, საფრთხის შეგრძნების ინსტიქტმა, რომ უკან, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ და ქვეყნის დამოუკიდებლობას ვკარგავთ. სტუდენტების დიდმა ნაწილმა პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო. ამას დაემატა დიდი ზეწოლა დასავლეთისგან ხელისუფლებაზე. საბოლოოდ, ხელისუფლება იძულებული გახდა, კანონპროექტი უკან გაეწვია და საკუთარი გადაფურთხებული აელოკა. ესენი არიან უსინდისოები. ერთ დღეს ანგრევდნენ ყველაფერს, მართლა ყველაფერზე წავიდნენ, რომ პირველი მოსმენით მიეღოთ კანონი.
– ვერ მოუნელებიათ ეს მარცხი, ბოლომდე უკან არ იხევენ. აქციის ბევრი მონაწილე დაიჭრეს, კიდევ იჭერენ და იმას არ უყურებენ, აქციისას გამოხატვის თავისუფლების პრინციპები ვინ დაარღვია და ვინ არა?!
– ეს იყო ტაქტიკური გამარჯვება ხელისუფლებაზე, მე–11 წელიწადია, ხელისუფლებაში არიან და აქამდე პირველად იგემეს მარცხი. ბიძინა ივანიშვილი გაცოფებულია, მისი მონები დაბოღმილები. აქამდე ხალხის მოტყუებით, აქციების დარბევით, ძალის გამოყენებით გაჰქონდათ თავისი. ივანიშვილი თავის „მატრიოშკებთან“ ერთად, რევანშის აღებას შეეცდება და ეს დაჭერები ამის ნაწილია. ეს მუხტი არ უნდა გაჩერდეს, არ უნდა ჩავარდეს და ჩვენ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. საოცარი რა არის, ახლა. სტუდენტები ითხოვენ ვადამდე არჩევნებს და პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც პარლამენტიც კი არ დატოვა, თავს იკატუნებს, რომ ახლა მაგის დრო არ არისო. აბა, რისი დროა, შე მამაცხონებულო? თუ ახლა არ შეაჩერე ესენი, ახლა თუ არ დაათმობინე და ამოსუნთქვის საშუალება მიეცი, მერე გადმოვლენ შეტევაზე და უარესს გააკეთებენ – ასეთ კანონებსაც მიიღებენ, უარესებსაც, რეპრესიებზეც გადმოვლენ და სტუდენტ–ახალგაზრდობასაც დაგვიჩაგრავენ. მთავარ საკითხად ვადამდელი არჩევნები უნდა დადგეს. რა, გამოსწორდნენ, ზნე იცვალეს და იმ კანონის გარდა რაიმე დათმეს? ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ? გამოდიან ტელევიზიით და სატანისტებს და ექსტრემისტებს ეძახიან, მიდის სტუდენტების დაშინება და დისკრედიტაცია. სხვები უარესებს ამბობენ და სოც–ქსელებში რა ხდება? უკადრებელ აკადრებენ მათი შვილებისა და შვილიშვილების ტოლებს ხელისუფლების მხარდამჭერები. არ არსებობს ამ ხელისუფლებისთვის წითელი ხაზები, მორალური კრიტერიუმები, სადაც გაჩერდებიან. ხელისუფლების შენარჩუნების გამო, მზად არიან, ყველას და ყველაფერს გადაუარონ.
– მერე, სოც–ქსელებით, მედიით ავრცელებენ ისეთი სტუდენტების ვიდეოებს, ფოტოებს, რომელთაც 5 ტატუ და 10 პირსინგი აქვთ გაკეთებული და აი, ესენი სატანისტები არიან, სად გაიზარდნენ, ოჯახები არ ჰყავთო? მე ვატყობ, ესენი ამ კრეტინული შავი პიარით, სტუდენტების დისკრედიტააციით, ამ სტუდენტების მშობლებს, პაპა–ბებიებს და ოჯახის სხვა უფროს წევრებს ქუჩაში გამოიყვნენ და ერთად აჩვენებენ, სად გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები?
– არ გამორიცხოთ, რომ მართლა ეგრე მოხდეს, უკვე გადარიეს ხალხი ამ ბავშვების ლანძღვით. ახლა პრემიერი სატანისტებს ეძახის, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ექსტრემისტებს და ეს იყო ნიშანი ხელისუფლების მომხრეებისთვის, გადაუარეთ სტუდენტებსო. ჰოდა. ახლა ზუსტად ამას აკეთებენ. როგორ შეიძლება, ამ გულანთებულ ახალგაზრდებზე ასე ილაპარაკო? ვისი რა საქმეა, პირსინგს გაიკეთებენ თუ ტატუს? რად უთვლიან, ერთს ან მეორეს? ხელისუფლების წარმომადგენლების, მისი მხარდამჭერების შვილებს არც ტატუები აქვთ და არც პირსინგები? აქვთ, მგრამ მაგას ხომ ვერ იტყვიან? მერე, იმ რუსეთს რომ მისტირიას, რუსეთისკენ რომ მიგვაქნებენ, რუსეთში სანთლით საძებნელია პირსინგიანი და ტატუიანი ახალგაზრდები და ძველგაზრდები? სავსეა რუსეთი ასეთი ადამიანებით. ისინიც სატანისტები არიანო, თქვან ერთი. ვერ იტყვიან, რადგან რუსეთზე ცუდი არ წამოსცდებათ, ეშინიათ. ამ ახალგაზრდებს ერთადერთი რამ აინტერესებთ–საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში. უნდათ რეალურად დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება, უკეთესი მომავალი უნდათ და არ უნდათ რუსეთის გვამში დაბრუნება. მთელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთო ახალგაზრდების დისკედიტაციის საქმეში და ეს არის ბოროტება. ამათ არანაირი წმინდა არ გააჩნიათ. ან ვინ დააყენა ესენი ციციკორეებად? რას უწესებენ სტუდენტებს, რა ჩაიცვან, როგორ მოიქცნენ და პირსინგს და ტატუს გაიკეთებენ თუ არა? ყველამ თავის მამიდას მიხედოს. ვერ მიაღწევენ ამით ვერაფერს. არ იციან ქართველი ხალხის ხასიათი, არ იციან საქართველოს ისტორია, ყველაფერთან ერთად, უწიგნურებიც არიან. არ ჩაქრება ეს მუხტი. როდესაც საფრთხე ემუქრება მის თავისუფლებას, ამას მუდამ გრძნობს ქართველი ერი, ის ყოველთვის იღვიძებს და იცავს თავისუფლებას. საქართველოს თავისუფლება სისხლით არის მოპოვებული და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვათ მათი გაყიდვა თუ გაცვლა საკუთარ კეთილდღეობაზე. მჯერა, რომ ეს დიდი ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
– ვთქვათ, სტუდენტები, სხვებიც გამოვიდნენ, მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებაც დათანხმდა ამას. თუ ოპოზიცია გაერთიანდება და ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ოპოზიცია, არჩევნებზე საერთო სიით გავა, ამ შემთხვევაში, გარანტირებული ექნება გამარჯვება?
– არანაირი გაერთიანება–გამოერთიანება არ სჭირდება. ზოგ–ზოგიერთები კი არა, ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ისევ ბიძინა ივანიშვილის კარზეა და ოპოზიციის სახელით, „ოცნებაზე“ უფრო მეტი „ოცნებაა“. აქ მთავარია, უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი არჩევნები. ეს გამარჯვების ტალღა იქცევა ცუნამად, ეს ბოლო აქცია იყო ზვავი, რომელიც აგორდა და არ გაჩერდება. ხალხმა ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ამასთანვე დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი, დემოკრატიულად არჩეული ცესკო, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული ცესკო, საოლქო და საუბნო კომისიები, ემიგრანტებმა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამის უზრუნველყოფაში ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის გარდა, ერთ კვირაში შეიძლება დანარჩენის მოგვარება. 3 წუთში კანონპროექტი გაიწვიეს, როცა კედელთან მოაყენეს და იგივე უნდა გაკეთდეს, რომ უკან დასახევი გზა მოეჭრათ. ასევე, ხელისუფლება ხალხისგან უნდა გაკონტროლდეს, რომ სუსი, პოლიცია და სხვა რესურსი არ გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად, ვერ მოისყიდოს ხალხი. ამ ფონზე, ამ ტალღაზე ამის მიღწევა შესაძლებელია, ხელისუფლება ჩამოშლის პირასაა და აგერ, „ქართულ ოცნებას“ დეპუტატები ტოვებენ. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის აზვირთებული ტალღა, ზვავი გადაუვლის და ისე დაასრულებს ამ ხელისუფლებას. ეს საფრთხე ელით, იციან და იმიტომ უკან არ იხევენ, მარცხის მიუხედავად. ვიმეორებ, ამათთვის აკრძალული ხაზები, წმინდა და ხელშეუხებელი არაფერი არსებობს, ამორალურ და უზნეო ხალხთან გვაქვს საქმე. ესენი მზად არიან, სამოქალაქო დაპირიპირებამდე მიიყვანონ საქმე, ოღონდ ხელისუფლება, მოპოვებული კომფორტი, სახელმწიფოსგან მოპარული ფული, კაპიკებად ნაყიდი ქონება შეინარჩუნონ. მთავარია ნება იყოს, ინიციატივა დღეს ქართველი ხალხის ხელშია. ხელისუფლებამ თუ ეს კრიზისი გადალახა და მერე მოძლიერდნენ, ისევ იგივეს დაიწყებენ.
– „იმედზე“ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს როგორ შეაფასებთ? მე ვფიქრობ, მისი ინტერვიუ „ქართული ოცნების“ დაპანიკებული მომხრეების დასამშვიდებლად იყო გამიზნული, რომ მყარად გდგევართ, ნუ გეშინიათო. პოლიციას მადლობა გადაუხადა აქციის დარბევისთვის და ასევე, ისე ძველი მესიჯები გამოიყენა ღარიბაშვილმა –„ნაცებით“, მერაბიშვილი და კეზერაშვილით დააშინა ხალხი, არც სააკაშვილი გამორჩენია და ამ აქციის უკან „ნაცები“ იდგნენო, არც ეს.
– კი, ამათ ვერაფერი ისწავლეს. იგივე პიარი, იგივე დოგმები და მესიჯები. მე ვიყავი აქციაზე, ჩემი შვილიც იქ იყო და ზუსტად ვიცი, იქ რა განწყობები იყო. არავითარი „ნაცი“ და პარტიული აქცია ეს არ ყოფილა.
– გიორგი ვაშაძეს სიტყვა არ ათქმევნეს და ჩააგდეს ტრიბუნიდან სტუდენტებმა…
– კი და ბარეორს მოხვდა კიდევ, ამაყად რომ გამოვიდნენ. ჰქონიათ, რომ ხალხმა არ იცის, ხელისუფლების თამაშს რომ თამაშობენ. ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რამ აღაშფოთა ასე ხალხი და გაანსაკუთრებით, ახალგაზრდები. ხომ გითხარით, უწიგნურები არიან და არც ცდილობენ, მიზეზის გაგებას. ღარიბაშვილის გამოსვლაც იგივე შინაარსისა იყო, როგორც სხვა ლიდერებისა. ისევ „ნაცების“ მართულ აქციაზე აქცენტის გაკეთება, ისევ იგივე ფორმით უნდათ იმ ხალხის დისკრედიტირება, რომელთაც ეს მარცხი აგემეს. სატანისტებად, ესქტრემისტებად და ანარქისტებად გამოაცხადონ ეს ხალხი. ირაკლი ღარიბაშვილისგან გასაკვირი არაფერია, კაცი მონად არის დაბადებული, მონური სულისკეთებისაა. ასეთები არიან ირაკლი კობახიძე და სხვა უსულო თოჯინები, ერთი კაცის ინტერესს ემსახურებიან და სამშობლოს ყიდიან. მათში თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი ნების ადამიანები ზიზღს იწვევენ, საკუთარ კომპლექსებში იხრჩობიან, რომ ისინი მონები არიან და თავისუფლების მოყვარულ ხალხს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ასეთი მონები განწირულები არიან მარცხისთვის. ღარიბაშვილი კი ვითომ ყინჩად ლაპარაკობდა და მართალი ხართ, თავისიანებს ამშვიდებდა, მაგრამ ეს ჰგავდა ჩხუბის მერე დამარცხებული მოჩხუბარის მიერ მუშტების ქნევას. ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას არის და ცოტა დახმარება ს ჭირდება. მეტი რაღა უნდა დაემართოთ, ამ რეპრესიების პერიოდში, 6–7 მარტის აქციების სიმბოლოდ, საჯარო მოხელე, თბილისის მერიის თანამშრომელი, ქალბატონი ნანა მალაშხია იქცა. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
კომენტარები