„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ:
„არის ოთხი ძირითადი საკითხი: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი. პირველ ორ საკითხზე პოზიციები დაშორებულია ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით.
ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, როცა რეფორმაზე ვლაპარაკობთ, მთავარია, როგორი კონსტრუქცია ექნება ცესკო-ს შემდგომი არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოლაპარაკება ეხება თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ არის.
„თამარ ჟვანიას გადაყენებაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ, ვიდრე გადადგემა თუ არ გადადგება ქალბატონი თამარ ჟვანია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე შეთანხმების მიღწევის შანსი, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ვიდრე მოლაპარაკება გრძელდება, ამის შანსი არის.
„ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, მათ შორის განუწყვეტლივ ვსაუბრობთ პირველ ორ საკითხზე. პერსპექტივა აქვს, ვიდრე დიალოგი გრძელდება. აქედან გამომდინარე, დიალოგი რადგან გრძელდება, პერსპექტივა არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები