“ტვ25”-ის ინფორმაციით, მალხაზ თავდგირიძემ, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იყო, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მის მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება, რის გამოც სამართალდამცავებს უკვე მიმართა.
“ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი. პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები მესამე პირს გადასცეს. მე ვერ ვიქნები იმ პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს. სამართალდამცავებს უკვე მივმართე და მტკიცებულებები წარვუდგინე”,- განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.
ენმ-დან წასული მალხაზ თავდგირიძის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 17 ოქტომბერს, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს, ე.ბ.-მ კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს და მ.ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები