„ალიას“ ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოწვეული მოვლენების შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი რამაზ გაგნიძე ესაუბრება.
– რამაზ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, შეჩერებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა. 6 აპრილიდან, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებულებით, ბიურომ აღსრულების პროცესი ისევ დაიწყო და ეს პრემიერ გიორგი გახარიასთან შეთანხმებით მოხდა. საკრედიტო დაწესებულების მევალეებს, მარტო სახლიდან არ ასახლებენ დროებით. თუმცა, ისევ უყიდიან სახლებს, სხვა უძრავ ქონებას, იმართება აუქციონები, ხელფასებიდან და პენსიებიდან, სხვა შემოსავლებიდან აჭრიან თანხებს, რომ სესხები დაფარონ, უყადაღებენ საბანკო ანგარიშებს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, სახლში ზის, კარანტინშია, ხალხს ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ გააჩნია, რომ დავუშვათ, სახლს უყიდიან და ეს პროცესი დროებით შეაჩერონ.
– ეს არის უნამუსობა, მზაკვრობა, რაც თეა წულუკიანმა გააკეთა. მარტო კერძო პირებს არ გაუყიდიან ქონებას, იურიდიულ პირებსაც გაუყიდიან. მთელი ბიზნესი გაჩერებულია, შემოსავლების გარეშეა დარჩენილი და იქ დასაქმებული ხალხი უმუშევრად დარჩა. ვიღაცები, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან ჩახუტებული ბიზნესმენები, ხელისუფლებაში მოკალათებული მევახშეები, ახლა ჩალის ფასად ჩაიგდებენ ხელში ბიზნესებსაც და კერძო პირების უძრავ ქონებასაც. ზოგს რესტორანი ან სილამაზის სალონი აქვს გახსნილი, სესხს ვერ იხდის, ის რესტორანი თუ სალონი იპოთეკით აქვს ჩადებული. რა ქნას? არ გადაუვადეს კრედიტი და ადის და ადის პროცენტი. ადგებიან და გაუყიდიან. თუ იპოთეკით არ აქვს ჩადებული, დაუყადაღებენ და მაინც გაუყიდიან. ეგრე მოხდება კერძო პირების შემთხვევაშიც. გამოსახლება კი შეჩერდა დროებით, მაგრამ ხალხს სახლებს, ბინებს გაუყიდიან და მერე გამოასახლებენ, საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება. მიწის ნაკვეთებს და კომერციულ ფართებს გაუყიდიან და მაგას გამოსახლებაც აღარ სჭირდება. იცი, გამოსახლება რატომ არის შეჩერებული და სხვა ყველაფერი რატომ აღადგინეს? გამოსახლების პროცესში პოლიცია უნდა მივიდეს, აღმასრულებელი უნდა მივიდეს, იქ სახლის მეპატრონეები დახვდებიან და კორონავირუსი რომ არ გადასდონ ერთმანეთს, იმიტომ გადადეს. თან ნახე, ხალხს როგორ დასცინიან, ეს არაადამიანები. 3 კაცზე მეტის თავშეყრა აკრძალულია, თან 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან ქუჩაში.4 სულიან ოჯახს რომ გაუყიდონ ბინა, ქუჩაში ვერ გავლენ და ვერ გააპროტესტებენ, ოთხივეს 3–3 ათასიან ჯარიმას დაუწერენ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს 12 000 ლარს დააკისრებენ. მოკლედ, მხოლოდ სამმა კაცმა უნდა გააპროტესტოს ოთხსულიანი ოჯახიდან და თან 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. მეზობელი ვერ გამოვა გარეთ, რომ დაიცვას და ხმა შეაწიოს, იმასაც 3 ათასიან ჯარიმას აჰკიდებენ. ადვოკატსაც ვერ აიყვანენ, სასამართლოს ბაჟის ფულის არ აქვს ხალხს, რომ გაასაჩივრონ. ან პენსიონერს როგორ აჭრიან თანხას პენსიიდან, ან იმ ხალხს, ვინც სახლში ზის, ონლინ–რეჟიმში მუშაობს და ხელფასი საჭმელში აღარ ჰყოფნის? ფული რომ გასესხოს ვინმემ და ბანკში ჩაგირიცხოს პირად ანგარიშზე, თუ ვალი გაქვს, ეგრევე ჩამოგაჭრიან. ბანკებმა კი შეაჩერეს 3 თვით სესხების გადახდა, მაგრამ იმ ფულს ვერ დაუმალავენ მიკროსაფინანსოებს, ონლაინ–ბანკებს, კანონი ავალდებულებთ, ჩამოგაჭრან და მათ გადაურიცხონ შენი ვალის დასაფარად. ლარი რას დაემსგავსა, ან პენსია რაღა არის და ან ხელფასები? კაპიკებია და იმასაც ართმევენ ხალხს. მშივრები დაიხოცეთ, თქვენი დედაც ვატირეო! – აი, ეს უთხრა ხელისუფლებამ ხალხს. ეს მოღალატეობრივი მთავრობის ქმედებაა. ვერ ვლაპარაკობ, ისე ვარ გამწარებული. დამთავრდება ეს პანდემია, გამოვა ეს გაუბედურებული ხალხი და დაუმთავრებს ამათ. აქეთკენ მიჰყავს საქმე თავიანთი მზაკვრული საქმიანობით ამ ანტიხალხურ ხელისუფლებას.
– საინტერესო ის არის, რომ ოპოზიცია ზოგჯერ მართლა თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას და უკვე რამდენიმე დღეა, რაც წულუკიანის ბრძანებულებით აღდგა გამოსახლება და ოპოზიცია ჩუმად არის. მარტო „ნაცებმა“ გააპროტესტეს ეს ფაქტი და მაგათ მე არ ვთვლი ოპოზიციად. დღეს ეგენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში უარესებს იზამდნენ და კიდევ აკეთებდნენ.
–„ნაცებს“ არც მე ვთვლი ოპოზიციად, ეგენი „ქოცებთან“ შეკრული ბანდიტები არიან. ხმას რატომ არ იღებენ ოპოზიციის ლიდერები? რატომ ამოიღებენ? ხალხის ბედი რომელს აინტერესებს? ამ ხალხის ქონების ნაწილს ეგენი, მაგათთან დაახლოებული ბიზნესმენები იყიდიან, ის ბიზნესმენები, რომლებიც მაგათ აფინანსებენ და ახლა ყვირილი რომ დაიწყონ, საკუთარი ხელით იმ ტოტს მოიჭრიან, რომელზეც ზიან.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები