ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლელო პარლამენტს არ დატოვებს და შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულებას საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს.
“ჩვენ ერთგული ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება შესრულებული იყოს და ასევე, ვიწყებთ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრულის შესრულებისათვის.
ვერსად ვერ გაიქცევა ოცნება. მას აღებული აქვს ვალდებულება. მათ სწორედ ის უნდათ, რომ ადამიანებმა დაკარგონ რწმენა არჩევნების მიმართ და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ქართული ოცნება ამ მიზანს ვერ მიაღწევს”, – თქვა ჯაფარიძემმ.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ნაწილისა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეხვედრაზეც და თქვა, რომ კრამონი ოცნების გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულია და თავის პოზიციას ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირებს.
გუშინ, ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა.
კომენტარები