თამო კეშელავა
“ალიას” ესაუბრება ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი დავით სადათერაშვილი.
– ახალი წელი მოდის, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, შინაური ფრინველები, მართალია, ვერ ხვდებიან რას ვზეიმობთ, მაგრამ ბევრი პატრონი ცდილობს მათ რამე სახით მიულოცოს, როგორ შეიძლება ამ დღეს საყვარელი არსებები გავახაროთ და როგორ უნდა დავიცვათ იმ ხმაურისგან, რომლებიც პიროტექნიკის გამოყენებისას ისმის?
– ახალ წელს ახლავს ათასგვარი გემრიელობებით დახუნძლული სუფრა და ეს სუფრა საქართველოში, ლამის 2 კვირა გრძელდება. სუნიც კი უკვე სტრესია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ჩვენი ძაღლები და კატები დასხდებიან სუფრასთან და დაგვიწყებენ ყურებას საცოდავი თვალებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მათთვის არც ცხიმიანი საკვები, არც ცომეული, არც მარილიანი და არც ტკბილეული, ასეთ საკვებს ფატალურ შემთხვევებამდე მივყავართ ხოლმე. ამიტომ, ვცადოთ, მათი საკვებით კარგად დაკმაყოფილებული გვყავდეს. ზოომაღაზიაში იყიდება ასევე სპეციალური ორცხობილები და კანფეტები ძაღლებისა და კატებისთვის. შეგვიძლია ისინი ბრჭყვიალა ქაღალდებში გავუხვიოთ, მერე გავუხსნათ და მივცეთ – ჩათვლის, რომ ეს მისი საჩუქარია. რაც შეეხება ასაფეთქებლებით გამოწვეულ ხმაურს – ძაღლის ძალიან ბევრ ჯიში ასეთ სტრესს ვერ იტანს. გამონაკლისია მეძებარი ძაღლი, ის უკვე გაწვრთნილია სროლის ხმაზე და მას ნაკლებად შეეშინდება. არაერთი შემთხვევა იყო, როცა ძაღლს შიშით გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მოულოდნელია მისთვის ასეთი ხმაური, ისიც ხომ ჩვენსავით არ ელოდება ახალ წელს? სტრესი აზიანებს მათ ნერვიულ სისტემას და ნერვიული სისტემის დაზიანება კი – გულს.
არის შემთხვევები, როდესაც, ეს სტრესი დეპრესიაში იზრდება. შარშან, ახალი წლის მერე ვმკურნალობდი მეტისს, რომელიც ვეღარ იძინებდა, უჭირდა ჭამა, ძალიან ცუდად იყო. ზოგჯერ იმდენად ღრმაა დეპრესია, რომ ზოოფსიქოლოგების და კინოლოგების ჩარევა ხდება საჭირო. არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც მედიკამენტების გამოყენება გვიწევს. გუშინ მომიყვანეს პატარა ჯიშის ძაღლი, რომლიც ქუჩაში დიდმა ძაღლებმა შეაშინეს და შემთხვევიდან 24 საათის მერეც კი ცუდად იყო და კანკალებდა. ასეთ დროს მათ მიმართ განსაკუთრებული სითბო უნდა გამოვიჩინოთ, უნდა იცოდეს, რომ მის გვერდით ვართ. რაც შეეხება ახალი წლის თანმდევ ხმაურს – კარგია, თუ ვეტერინართან მიიყვანთ და ყურებში ბამბის ჩადებას სთხოვთ, ამის გაკეთებას თავად ნუ ეცდებით პატრონები, მათი სმენის აპარატი სხვაგვარადაა მოწყობილი და სახიფათოა, არ დაუზიანოთ. მესმის, რომ ყველა ვერ წაიყვანს ვეტერინართან, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, ამიტომ, იქნებ, ყურებზე რამე მოახვიოთ, რამე ქუდის მსგავსი დაახუროთ. არ გავუშვათ მაგ დროს გარეთ. ასევე შეგვიძლია მაგ დროს გავაჩეროთ ერთ ოთახში, სადაც ხმამაღალ ხმაზე ჩავურთავთ მუსიკას, ან ტელევიზორს, რომ მაქსიმალურად გადავფაროთ ხმები. არანაკლებ სტრესს განიცდიან ახალი წლის თანმდევ ხმაურზე კატებიც. ამას ემატება სიცივე და ყინვაც და განსაკუთრებით მეცოდებიან ქუჩაში მცხოვრები კატები და ძაღლები, თან ბოლო დღეები ისეთი ყინვებია, მინუს 6-8 გრადუსია ღამით. წყალი რომც დაუტოვოთ, გაყინული ხვდება. ვისაც მიკედლებული გყავთ ცხოველები და ახლა ამ წერილს კითხულობთ, გახსოვდეთ, რამდენი წყალიც უნდა დაუტოვოთ ღამით, დილით თქვენი საყვარელი მეგობარი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, მწყურვალია, რადგან მისთვის დატოვებული წყალი გაყინულია. ასევე, როგორც და რითიც მოახერხებთ, ეცადეთ გაათბოთ და ახალი წლის ღამეს, ხმაურისას, მინიმუმ მის გვერდით იყოთ.
– თუთიყუშებსაც ეშინიათ ხმაურის?
– კი, ძალიან. განსაკუთრებით პატარა ჯიშის თუთიყუშებს, მათაც შეიძლება დაუზიანოს ნერვული სისტემა და გული. ანალოგიურად, ან რამე გადავაფაროთ გალიას, ან ოთახში, სადაც ისინი არიან, ხმამაღალ ხმაზე ჩავრთოთ მუსიკა, რომ გადავფაროთ ხმაური. იგივე უნდა უნდა გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველისთვის.
– თევზებს?
– სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პიროტექნიკას სახლებშიც კი იყენებენ. თევზების შემთხვევაში, ერთი საფრთხე არსებობს – ასაფეთქებელი აკვარიუმში არ ჩავარდეს შემთხვევით, თორემ, ყველას დახოცავს. სხვა შემთხვევაში, მათ არ აქვთ რეაქცია ხმაზე.
– გველები?
– გველებს არა აქვთ რეაქცია, მათ რეაქცია ექნებათ, უშუალოდ მიწა თუ იძვრება, ან მიწაზე მოხდება აფეთქება, ისე არა. მათ ახალ წელს საფრთხე არ ემუქრებათ.
24 საათი თქვენი საყვარელი შინაური არსებების სამსახურში, ვეტერინარი გამოძახებით, დავით სადათერაშვილი. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 15 15 61, 571 10 15 61
კომენტარები