„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის მხარდამჭერებისა და მედიის წარმოადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალადობის წახალისებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. მისივე განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და დამნაშავეების მკაცრ დასჯას ითხოვს.
„კიდევ ერთი დაუსჯელი ძალადობა და ანგარიშსწორება ოპოზიციის მხარდამჭერებისა და ამჯერად, უკვე მედიის წარმომადგენლების მიმართ. ეს არის შედეგი იმ წახალისებული ძალადობისა და დაუსჯელობისა, რასაც წლებია უკვე ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და რასაც ახალისების მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი დასჯილი დამნაშავე მსგავსი ძალადობის ფაქტის გამო. უფრო მეტიც, ისინი წახალისებულები არიან მმართველი გუნდის მიერ, რასაც მეტყველებს გუშინდელი მათი განცხადებებიც, იმის ნაცვლად, რომ გამოიძიონ ფაქტები და დაგმონ ძალადობა, პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებენ. მაშინ, როდესაც პოლიცია ადგილზე იყო, არაფერს აკეთებდა, მაშინ როდესაც ძალადობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და „ქართული ოცნების“ სხვა წარმოამდგენლები.
მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციის მხარდამჭერების ან ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას ყველა მოძალადის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების, რომლებიც იყვნენ ჩართული და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და მოთხოვნას, გეყოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო ეს ძალადობა, ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. მივმართავ პირადად „ქართული ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფს, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანები არიან, ერთი თაობის ადამიანები ვართ, როგორ ფიქრობთ აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოთ? აღარ გინდათ რომ საჯარო ცხოვრება და საჯარო აქტიობა გქონდეთ? ეს ძალადობა ხომ ხვდებით, რომ დაასამარებს თქვენ ყველანაირ პოლიტიკურ ამბიციებს. ახალგაზრდა ადამიანები ხართ, იფიქრეთ მომავალზე, იფიქრეთ თუნდაც პოლიტიკურ მომავალზე. შეიძლება წააგოთ, მაგრამ გქონდეთ და დაიტოვეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლოა. ასეთი ქმედებებით კი, საერთოდ თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის. გეყოთ ძალადობა, ვგმობთ ძალადობას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ძალადობის თითოეული მონაწილე, ვინც ხელი აღმართა გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებზე. სოლიდარობა ყველა მედიას და სოლიდარობა ყველა დაზარალებულს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე
კომენტარები