20 წლის გოგო საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელდა.
„ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“, – წერს ის.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. პირველადი ვერსიით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ჩამოასვენებენ.
ვრცელდება ვიდეოც, რომეზეც იუბილარის ცეკვაა ასახული, რა დროსაც ის იღუპება. ვიდეოს „გურია ნიუსი“ აქვეყნებს.
მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.
„20 წელიც შემომეპარა“ – წერდა ანა. პოსტის კომენტარებში მას ულოცავენ, თუმცა იმ დღის შემდეგ გოგონას გვერდზე მისი აქტივობა წყდება.
კომენტარები