21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მამაკაცი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო. შსს-მ ამ დრომდე ვერ მიაგნო მის კვალს.
შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს შეკითხვით, თუ როდის მოახერხებდა უწყება ესებუას დაკავებას. ერთ-ერთი ბოლო განცხადება აღნიშნულ საკითხზე გომელაურმა 5 მაისს გააკეთა.
“დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალ და რამდენიმე წუთში, ალბათ, დაკავებული იქნება. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება, 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა, რომ დავაკავოთ”, – უთხრა ძალოვანი უწყების პირველმა პირმა მედიის წარმომადგენლებს.
31 მაისს, შს მინისტრმა განაცხადა, რომ იცის სადაცაა ბადრი ესებუა და თქვა, რომ ის ისვენებს.
შს მინისტრი, ყოველი კომენტარისას ამტკიცებს, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, როგორც ამბობს, ეს ინფორმაცია მას წყაროებიდან აქვს და მედიასთან აკონტრეტებს იმასაც, რომ იმედს იტოვებს, მისი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეა.
ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ, გომელაურმა ბადრი ესებუას ძმა დააკავა, ალბათ, იმიტომ, რომ ის არ იყო მიმალვაში და ბევრად ადვილი დასაკავებელი იყო? – შსს დღემდე ამტკიცებს, რომ მისი მანქანის საბარგულში ხელყუმბარები იპოვეს, თუმცა, რატომ მიქონდა დამატებითი ხელყუმბარები, შსს-ს მტკიცებით, ბადრისთან ძმას, როცა მას ისიც არ გამოუყენებია, რაც ბანკში შესვლისას ჰქონდა, ან რატომ არ გაჰყვნენ ძმას კვალზე ბადრისთან მისასვლელად – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
19 ივნისს, ავთანდილ გალდავას, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, ბადრი ესებუასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც უპასუხა, რომ როცა ამის საჭიროება იქნება, მაშინ იპოვნიან ესებუას. როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა მისი დაკავების საჭიროება.
კომენტარები