ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო სხდომა გრძელდება. იკითხებიან მძევლები, კერძოდ “საქართველოს ბანკის” მოლარე ოპერატორები, რომლებიც 2020 წლის 21 ოქტომბერს დეტალურად იხსენებენ. ყველა მათგანი ამბობს, რომ დაახლოებით დღის 3-ის ნახევრისთვის მათ გაიგეს ორი გასროლის ხმა, რის შემდეგაც, შეიარაღებული პირი შენობაში შევიდა. როგორც ისინი ჰყვებიან, იყვნენ რთულ ემოციურ მდგომარეობაში. ყოფილი მძევლების თქმით, მათ უჭირთ მიამსგავსონ სასამართლო სხდომაზე მყოფი ბადრი ესებუა შეიარაღებულ პირს, რადგან როგორც ამბობენ, თავდამსხმელი თავიდან ბოლომდე შენიღბული იყო და თვალებიც კი ამოღებილი ჰქონდა შავად.
“ამბობდა რომ არ გაინძრეთ თორემ გესვრით. რომ შევედით ოთახში, მოითხოვა რომ ამ ოთახში კამერები რაც არის, ყველაფერი ჩამოხსენითო. ფეხი მკრა ფეხზე, ჩქარა დარეკე 112-ში, უთხარი რომ ძარცვა არის და ვითხოვ შუამავალს. ერთ-ერთი მძევალი მთელი პერიოდის განმავლობაში ტიროდა. ასე უთხრა, სანერვიულო რა გაქვს, ერთ დღეს ყველა ვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვს დღეს მოკვდები თუ ხვალ მოკვდები, ყველა ხომ ვკვდებითო. იქ იმდენად დაუცველობის შიში მქონდა,“ – თქვა ერთ-ერთმა მძევალმა.
პარალელურად დღეს ცნობილი გახდა რომ პატიმარს 20 დღის განმავლობაში სტაციონარში გადაიყვანენ. მიზანი ბადრი ესებუას ხმის, სუნის და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაა. სხდომათა დარბაზშია ბრალდებულიც. ის ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან ბადრაგებმა ზუგდიდში ისევ ჩაიყვანეს.
კომენტარები