ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედის თქმით, მან შვილზე ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა.
მერი რომანაძე თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა და “ტვ 25”-თან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. მისივე თქმით, 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა მხოლოდ დეკემბერში შეიტყვეს, როცა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა გოგონა. დედის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.
“ეს ბიჭი არის ნარკომანი, მოწეული იყო იმ მომენტში თუ რა იყო, არ ვიცით, მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს” – განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.
“მილიციამ ხომ იცოდა დაგლეჯილი რომ ჰქონდა ბავშვს ყველაფერი, საცვალიც რო დაგლეჯილი ჰქონდა…”
“ტვ 25”-თან მეზობლებმა ისაუბრეს, რომ ბავშვზე ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახში გაიგეს, რომ გოგონა გაუპატიურებული იყო, არასრულწლოვანს სახლში სცემდნენ.
“მე ბავშვის სამძიიმარზეც ვერ მივდივარ, ქალბატონო…
ბაბუას არასოდეს გაულახია, მაგრამ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში რომ მოხვდა (გულისხმობს გაუპატიურებას), სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა, სულ წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, რატომ “გაგვაპაზორეო”. ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ…
წინა დღეს ველაპარაკე, ბედნიერი იყო ჩემთან რომ უნდა წამოსულიყო, რა მოხდა, არ ვიცი…. – “, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.
მისივე თქმით, სოციალურ მუშაკს თურქეთში გოგონას გასაშვებად საბუთები უნდა შეეგროვებინა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ასევე, დაიგვიანა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხმაც, რომელსაც გაუპატიურების ფაქტი უნდა დაედგინა.
კომენტარები