მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, პატიმრობა შეეფარდა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.
ადვოკატებმა პროცესზე ზვიადაურისთვის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ამასთან, ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
პროცესზე ზვიადაურმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს:
მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ზვიადაურს ხვალ დაღუპული ძმის დაკრძალვაზე დასწრება სურს, რაც პატიმრის სტატუსით არის შესაძლებელი.
გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.
ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის – 3 წლამდე პატიმრობა.
ზვიადაური მომხდარის თავის ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ მას დაურეკა მეგობარმა, რომელმაც უთხრა და ცემეს და წავიდა. როცა ადგილზე მივიდა, მისი ძმა, მეგობრებთან ცალკე იდგა, დაპირისპირებული მხარე კი – ცალკე. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რასაც მოჰყვა სროლა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები