4 მარტს, „ბათუმელებს“ მშობელმა მოაწოდა ვიდეო, სადაც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მიკროავტობუსით ბავშვების მგზავრობაა გადაღებული. კადრში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გადაჭედილ ტრანსპორტში ადიან, რასაც მშობლები აპროტესტებენ.
„ეს არის ჩვენი ბავშვების დამცირება“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი. მისი თქმით, პანდემიის პირობებში დარღვეულია ყველა რეგულაცია და უსაფრთხო მგზავრობის წესები.
„ისეთი ამბავია ტრანსპორტში, რომ მეორეკლასელ ბავშვს ხელი მოაყოლეს კარში და ლამის გადაბჟირდა ბავშვი. როდესაც პანდემიაა და მინისტრი გამოდის და იძახის, რომ დისტანცია დავიცვათ, პირბადე გავიკეთოთ, „მარშრუტკაში“ რამდენი ადამიანი ეტევა? როდესაც 50 ბავშვს ტენიან და ცალი ფეხით დგას ბავშვი, რომ ვერ სუნთქავს, რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან.
ორი მიკროავტობუსი მოხსნეს იმის გამო, რომ მანძილი არ არის დიდი [სახლიდან] და თვითონ მოიყვანეთ სკოლაში ბავშვებიო. არადა, ორი კილომეტრია ჩვენგან დაშორება“, – გვეუბნება ერთ-ერთი მშობელი, ნანა.
ჩაქვის პირველი სკოლის ახალდანიშნულმა დირექტორმა, ნათელა ტაკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა დასძინა, რომ „ამ ბავშვებს (ვინც ვიდეოკადრებშია) სასკოლო ტრანსპორტით მომსახურება არ ეკუთვნით“.
„ეს შემთხვევა დღეს იყო და ვსწავლობთ, თუმცა სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ორი კილომეტრით არიან დაშორებული სკოლას. ეს ბავშვები ასე შორს არ ცხოვრობენ. მძღოლის განმარტებით, მას გადაუკეტეს გზა და მშობელმა სპონტანურად შეიყვანა ბავშვები ტრანსპორტში“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
მისი თქმით, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლას 14 მიკროავტობუსი ემსახურებოდა, თუმცა მომსახურე კომპანიამ მიმდინარე კვირაში ორი მძღოლი შეამცირა და ახლა 12 მძღოლი ემსახურება.
კითხვაზე, თუ რატომ იყო ჯანდაცვისა და მგზავრობის რეგულაციები დაუცველი მგზავრობისას, დირექტორი ამბობს, რომ მგზავრობისას რეგულაციები დაცულია. „ამას აკონტროლებენ მშობლებიც. უბრალოდ, დღეს იყო ასეთი შემთხვევა. ეს ბავშვები ორი კილომეტრის შიგნით ცხოვრობენ, ამიტომ როცა მძღოლმა უარი უთხრა გადაყვანაზე, გადაუკეტეს გზა“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, თუ მშობლები მაინც ხედავენ ტრანსპორტის დანიშვნის საჭიროებას, მაშინ განცხადებით უნდა მიმართონ განათლების სამინისტროს.
ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში 1 350 მოსწავლე სწავლობს.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები