ფოტო – REUTERS
ევროვიზიაზე გამარჯვებული იტალიური ჯგუფის, Maneskin-ის სოლისტმა დამიანო დავიდმა, რომელსაც კონკურსის შემდეგ, პირდაპირ სცენაზე კოკაინის მოხმარება დააბრალეს, ტესტი ჩააბარა ნარკოტიკებზე. ინფორმაცია ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ოფიციალურად გაავრცელა.
„EBU-მ, იტალიის დელეგაციის თხოვნით, ფაქტების გამოძიება ჩაატარა, მათ შორის, შეისწავლა ყველა არსებული ვიდეოკადრი. დღეს ჯგუფ Maneskin-ის სოლისტმა ნარკოტიკებზე ტესტი ნებაყოფლობით ჩააბარა, პასუხი უარყოფითია“, – ნათქვამია მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
„მე არ მოვიხმარ ნარკოტიკებს, მეგობრებო, არანაირი კოკაინი“, – განაცხადა შაბათს დამიანო დავიდმა. სოლისტის თქმით, მისი ჯგუფის წევრმა ბოთლი გატეხა და მაგიდასთან ნატეხების ასაკრეფად დაიხარა.
EBU-მ განაცხადა, რომ „შეშფოთებულები არიან სიყალბის გავრცელების გამო, “გვსურს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ „მანესკინს“ გამარჯვება და დიდი წარმატებები ვუსურვოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ იტალიურ ჯგუფს მაქსიმალური – 12 ქულა მიაკუთვნა.
შეგახსენებთ, ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სოლისტი ნარკოტიკს პირდაპირ ეთერში მოიხმარდეს, ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა.
კომენტარები