სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს:
„2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.”
“ალია” შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რურუა დაცვამ მარტო დატოვა, რადგან, მას უნდა ედარაჯა იმ საკნის კარისთვის, რომელ საკანშიც საპირფარეშოს რემონტი მიმდინარეობდა!
რამდენად მიზანშეწონილია რურუას ცოლს აჩვენო კადრები, როგორ სცემენ იმ ციხეში, რომელიც შენ გაბარია, შენ, მინისტრს, მის ქმარს – ამ კითხვას საზოგადოებამ გასცეს პასუხი.
იმ ფაქტს, რომ პატიმრები ერთმანეთის პირისპირ მარტონი დატოვეთ, არაფერი ცვლის, ეს ამ ვიდეოზეც ჩანს. რა საპირფარეშოს რემონტი, პატიმრები დატოვეთ მარტო, არ გყოფნით ბადრაგები მინისტრო? 3 ბადრაგზე 6 პატიმრის გაშველება მოდიოდა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წამით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრაგი ახლოს იდგა რურუასთან, მაინც მოახერხა მეორე პატიმარმა მისი ცემა.
კი იმეორებთ, უნდა გამოვიძიოთო, თუმცა, ღმერთმანი, ვიდეოს თავად ავრცელებთ და რა არის გამოსაძიებელი, 5 პატიმრის წინ დატოვეთ და ბადრაგი გაუშვით საპირფარეშოს რემონტის დასაცავად!
ეს არ არის პირველი ვიდეო, რომელსაც წულუკიანი აქვეყნებს, “ალია” შეგახსენებთ, მან იანვარში 5 ვიდეო წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ პატიმრები თავს ესხმიან დაცვის გარკვეულ წევრებს, დიახ, გარკვეულ წევრებს და არა ყველას და დღემდე არ აუხსნია, რისი თქმა უნდოდა ამით, იმის, რომ ყველა პატიმარი ცუდია და დაე, რაც მოუვა თავს დააბრალოს, თუ ციხეებს ვერ აკონტროლებს?
მეხუთე ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ურტყამს დაცვის წევრი პატიმარს თავში მუშტს გამეტებით – ამჯერად, რურუაზე თავდამსხმელებს ბევრად უფრო ჰუმანური ბადრაგები შეხვდათ, კი, ბატონო, ძალადობას ჩვენც ვგმობთ – მაგრამ, კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დავსვით, ახლაც უპასუხოა, რა ხდება, ციხეს ვერ აკონტროლებთ, ქალბატონო მინისტრო?
ციხეში კი არა, ყველგან ხდება ჩხუბი, ქუჩაშიც კი, მაგრამ ციხეში თქვენ ხართ პატიმარზე პასუხისმგებელი და თუ თქვენმა თანამშრომლებმა არ იციან პროტოკოლი, არ იციან, როდის შეიძლება პატიმარი დატოვო და სად, თუ არ იციან, რომ ექიმსა და პატიმრებს შორის, ბადრაგი უნდა იდგეს – ესე იგი, ციხეებს ვერ აკონტროლებთ.
კომენტარები