ფოტოზე – ივერი მელაშვილი და სასულიერო პირი, რომელსაც “მთავარი” არხის ჟურნალისტი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
“მთავარის” ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე – სასულიერო პირები “მთავარი არხის” ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და “შაბათის მთავარის” სიუჟეტზე მუშაობდა.
მოგვიანებით, კადრებში ჩანს, როგორ გადაუკეტეს გზა ადგილობრივებმა გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს, რომელსაც ეუბნებოდნენ:
“შენ გარეჯში კი არა არც ერთ ეკლესიაში უნდა შედიოდე. გარეჯში ჩამოსული არ დაგინახოთ. პირველი და უკანასკნელი იყოს შენი გარეჯში მოსვლა, თორემ, ვერ გადაგვირჩები. ნაძირლებო თქვენ, წაეთრიეთ, გამყიდველო, შე უნამუსო, სიწმინდეებს ჰყიდი.”
ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია კი ჰყვება:
“მოვიდა სასულიერო პირი და ივერი მელაშვილს უთხრა, რომ ის იყო მოღალატე და არ ჰქონდა იქ ჩასვლის უფლება. სასულიერო პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში. მასთან ერTად იმყოფებოდა სამოქალაქო პირი, რომელiც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. დაიძაბა ვითარება, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დააზიანეს, დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, ჩვენ ვიყავით სამნი და ისინი უკვე ბევრნი იყვნენ. მრევლიც იყო, მრევლი არ გამოირჩეოდა აგრესიით, სასულიერო პირები გვისწორდებოდნენ, მეც მირტყამდა ფეხებს ფეხებში, ბატონ ივერს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ. დავრეკე პოლიციაში. სასულიერო პირებმა მითხრეს, რომ არ აინტერესებთ პოლიცია.
იქ იდგა სასაზღვრო პოლიციის ორი ეკიპაჟი, რომლებსაც დახმარება ვთხოვეთ, თუმცა, დახმარებაზე უარი გვითხრეს. ფიზიკური დაპირისპირება სასაზღვრო პოლიციის მანქანის წინ ხდებოდა. აღწერაც არ შემიძლია, როგორი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.”
კომენტარები