“სახალხო პარტიამ” დღეს საგანგებო ფრიფინგი გამართა.
ბრიფინგს პარტიის სამი წარმომადგენელი გაუძღვა, გოგი ლორთქიფანიძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ილია მაჭარაშვილი – ცესკოში და პარტიის აღმასრულებელი მდივანი – სოსო გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილი:
“სახალხო პარტიამ” გადაწყვიტა ამ არჩევნებში აქტიურად ჩაერთოს, დრო ცოტაა, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით დიდ პოლიტიკაში. ჩვენი საარჩევნო ნომერია – 44. მაქსიმალურად ვეცდებით არჩევნები დავაზღვიოთ გაყალბებისაგან.
ახლა მინდა მცირე ინფორმაცია მივაწოდო ჩვენ ამომრჩეველს და მთლიანად მოსახლეობას:
ეს არჩევნები სისტემურად არაფრით განსხვავდება წინა არჩევნებისგან, ამ 30 წლის განმავლობაში ბოლშევიკური სისტემა, რომლის ტყვეობაშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, არჩევნებს ატარებს იგივე სისტემით. ეს არჩევნები შინაარსით განსხვავებულია – ეს ნაკლებადაა თვითმმართველობის არჩევნები – გარდამტეხი იქნება და ამის შემდეგ პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვლება.”
სოსო გოგაშვილმა მადლობა უთხრა მედიას და საერთაშორისო, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც, მისივე თქმით, აქტიური კომუნიკაცია ექნება და მიაწოდებს გაყალბების შესახებ როგორც კონკრეტულ, ისე სისტემურ ფაქტებს.
“მინდა მივმართო თხოვნით ჩემ ყოფილ გუნდს, რომელიც არის ამ ბოლშევიკურ ტყვეობაში, ეცადეთ მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროთ, თუმცა, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. თუ გინდათ ამ ცვლილებების შემდეგ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ და შეინარჩუნოთ პოლიტიკური სექტორი, ჯობია, შეასუსტოთ ეს ძალადობა, დაივიწყოთ რაც აქამდე იყო და ჩაატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
ხალხს მინდა მივმართო, ამომრჩევლებს, გატეხონ შიში, ნუ შეუშინდებიან ძალადობას, სამსახურიდან გათავისუფლების და დახმარების მოხსნის მუქარას, გაბედულად მივიდნენ საარჩევნო უბანთან და შემოხაზონ ის, ვინც მათ იდეალებთან უფრო ახლოს დგას.
იხარჯება ძალიან დიდი ფული, გარდა ოფიციალურისა, გაცილებით მეტი იხარჯება შავი ფული, ეს ფული თქვენია და იმ ამომრჩევლებს, ვისზეც შეიძლება ეს ფული დაიხარჯოს, თამამად შეგიძლიათ ამ ფულს ხელი მოკიდოთ, ის თქვენ გეკუთვნოდათ, გაგძარცვეს, ასე ვთქვათ, ამიტომ, ფული აიღეთ, 300-დან 500 ლარამდეა გამოყოფილი ერთ მოქალაქეზე, ეს არ არის ის ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” მომხრეა, საუბარია იმაზე, ვინც ყოყმანობს, ან საშუალო განწყობისაა.
გამხნევდით, გაბედულად მიდით არჩევნებზე, დაიცავით რეგულაციები ეპიდემიიდან გამომდინარე, მაგრამ ხმა მიეცით იმას, ვინც თქვენ გინდათ და არა იმას, ვინც გაშინებთ.” – თქვა ბრიფინგზე სოსო გოგაშვილმა
კომენტარები