“ალიას” ესაუბრება მოქალაქე ეთო სამხარაძე, რომელიც გვაწვდის ვიდეოს და ამბობს, რომ პროდუქტი, რომელიც, აღმოჩნდა ხოჭოებით სავსე, შეიძინა ისნის რაიონში მდებარე მაღაზია “კარფურში.”
ეთო სამხარაძე:
პროდუქტი ვიყიდე ისნის კარფურში. სახლში მოვიტანე, მინდოდა ბავშვისთვის გამეკეთებინა ფაფა. როდესაც რძე ჩავამატე, ამორევის პროცესში, ვხედავ რაღაცას, თავიდან ვერ მივხვდი, ვიფიქრე, რამე ჩავარდა, უცებ – მეორე, მესამე, მეათე… გადმოვყარე შეფუთვიდან თეფშზე და ძალიან ბევრი ხოჭო დავინახე. მივიტანე მაღაზიაში უკან ეს შეფუთვა და პროდუქტი.
მეორე დღეს, ვხედავ ეს პროდუქტი ისევ სექციაშია გასაყიდად გამოტანილი. ვუთხარი, რომ გამოვიძახებდი საპატრულო პოლიციას, სურსათის მონიტორინგის სამსახურს. გამოვიდა მენეჯერი და განაცხადა, რომ არ ჰქონდა ფაქტზე ინფორმაცია, დამპირდა, რომ მთლიანად მოხსნიდა სექციას.
ისევ მივედი, მესამედ, შევამოწმე, ნამდვილად იყო თუ არა სექცია მოხსნილი – ნამდვილად იყო მოხსნილი და გაახლებული. მაგის შემდეგ რა მოხდა, უკვე არ ვიცი.”
ეთო სამხარაძე იმაზე სწუხს, რომ მართალია სექცია მოხსნეს, პროდუქცია გაქრა თაროებიდან, მაგრამ რა ბედი ეწია პროდუქციას, ან რა მოხდა მანამდე, სანამ თავად იყიდდა და შეამჩნევდა და ან მეორე დღეს, სანამ მეორედ მოითხოვდა პროდუქციის ამოღებას გაყიდვიდან და დაემუქრებოდა საპატრულო პოლიციით “კარფურს”, იყიდა ვინმემ პროდუქცია და შეამჩნია თუ არა, ხომ არავინ შეჭამა, ხომ არავინ მოიწამლა.
“ალია” დაუკავშირდა “კარფურს” და მის წარმომადგენელს გავუგზავნეთ ვიდეო, რომელიც ეთო სამხარაძემ მოგვაწოდა და მივწერეთ:
“მომხმარებელი გვიყვება, რომ თქვენი ქსელის ისნის ფილიალში შეიძინა პროდუქცია, რომელიც აღმოჩნდა გაფუჭებული და სიცოცხლისთვის საზიანო. მოგვაწოდა ვიდეოც. გვიყვება, რომ ისნის ფილიალში იმ დღესვე დაპირდნენ პროდუქციის ამოღებას გაყიდვიდან, თუმცა, მეორე დღეს ამოიღეს და მხოლოდ, მას შემდეგ, რაც ისევ გააპროტესტა.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ,
მაღაზიის თაროებიდან ამოღებულ პროდუქციას რა ბედი ეწია, განადგურდა? გამოძახებულ იქნა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო? დაუბრუნდა უკან კომპანიას?
რა ტიპის პრევენციული ზომები გატარდა და ეცადენენ თუ არა და თუ ეცადნენ, რა გზით, იმ მომხმარებელთა გაფრთხილებას, რომლებმაც უკვე მოასწრეს ყიდვა?
კომპანიის წარმომადგენელმა, მოგვწერა, ჩვენი აზრით, ზოგადი პასუხია და ის ასეთია:
“ჩვენი კომპანიისთვის მომხმარებლებზე ზრუნვა უპირველესია. შიდა სტანდარტის მიხედვით მომხმარებლის ყველა შეტყობინება დაუყოვნებლივ განიხილება. შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მაშინვე ხდება პროდუქტი მთელი ქსელიდან გამოწვევა, დგინდება გამომწვევი მიზეზები და მიიღება შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებები მომწოდებელთან ერთად.”
როგორც ხედავთ, ისევ არ გვაქვს პასუხები კითხვებზე, თუ რეაგირება ხდება მყისიერად, როგორ დახვდა მომხმარებელს მეორე დღესაც აღნიშნული პროდუქცია თაროზე?
არ ვიცით, რა ბედი ეწია კონკრეტულად ამ პროდუქცია და დადგინდა, თუ არა გამომწვევი მიზეზი.
უცნობია, ჩატარდა, თუ არა პრევენციული ზომები.
კომპანია არ აკონკრეტებს, გამოიძახა, თუ არა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, თუმცა, “ალია” დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ კარფურის ისნის ფილიალზე შეტყობინება მათთან, ბოლო 1 კვირის მანძილზე არ შესულა.
უცნობია, რა ბედი ელით იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს პროდუქტი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც შევთავაზეთ, ჩვენი დახმარებით მაინც გაეფრთხილებიათ მომხმარებელი, რომელმაც უკვე მოასწრო პროდუქციის შეძენა, კომპანიისგან მაინც ეს ზოგადი პასუხი მივიღეთ.
ცხადია, არც ის უთქვამს კომპანიას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, მზად არის თუ არა, მორალური და ფიზიკური ზარალი აუნაზღაუროს მომხმარებლებს, თუმცა, ის ფაქტი, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმირებაც კი არ მომხდარა, უკვე ბადებს გარკვეულ ეჭვებს.
გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის პასუხში არ ჩანს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები, “ალიამ” დამატებითი დრო დაუტოვა კომპანიას კონკრეტული პასუხის გასაცემად, თუმცა, მათ ეს დრო არ გამოიყენეს და დამატებითი პასუხი არ გაუციათ.
“ალია” მის ხელთ არსებულ ვიდეო მასალებს, კომპანიის წარმომადგენლის პასუხთან ერთად, გადასცემს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს და ცხადია, მოვლენების განვითარებას თვალს მივადევნებთ და შეგატყობინებთ.
კომენტარები