„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა, ტელეკომპანია “იმედთან” გადაცემაში „იმედი LIVE“ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენია, რითიც საქართველოს კანონი, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარღვია და განაცხადა, რომ “სოხუმიდან მოსკოვში წასული დიასპორა მოწყვეტილია აფხაზეთსაც და საქართველოსაც.”
თამაზ გაიაშვილი:
“მილიონამდე ჩვენი მოქალაქეა რუსეთში, არის ზარები, წერილები. ჩვენი ერთი მესამედი ცხოვრობს რუსეთში, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ამდენი ხალხი იყოს უკმაყოფილო. 600 კილომეტრი საზღვარი გვაქვს, რომელ ქვეყანასთან გვაქვს ამხელა საზღვარი, მითხარით. ვიღაცამ… აუ, როგორ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობაო, აუცილებელია, მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო. ქართველი ხალხი ბრძენია. რუსეთთან ფრენები მნიშვნელოვანია ქართული ავიაციისთვის, მაგრამ ეს იმდენად ეკონომიკურად არ გამოიხატება, ეს ქართველი ხალხის ხელშეწყობაა, რომელიც რუსეთშია მრავალი წელია, სოხუმიდან წამოსული დიდი დიასპორაა რუსეთში, ის ხალხი მოწყვეტილია საქართველოსაც და აფხაზეთსაც. მათ კიდევ ჩვენ ვუქმნით ბარიერებს, რომ ადვილად ვერ შემოვიდნენ საქართველოში. ეკონომიურად ძვირი უჯდება.
რამხელა ფული შემოდიოდა და შემოდის რუსეთიდან. ევროკავშირის რომელი ქვეყნიდან ან ამერიკიდან შემოდის ამხელა ფულის მასა? არსაიდან. ბევრი არგუმენტია იმის, რატომ უნდა აღდგეს ფრენები. შესაძლებელია ის ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს უკრაინამ ფრენები გააუქმა რუსეთთან? მგონი არ გაუუქმებია. არც მხარი არ დაუჭერიათ ამდენად. მე არ ვარ უკრაინის… “ნა აბაროტ”, მიყვარს უკრაინელი ხალხი, მაგრამ თემა ერთია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა არის დამოკიდებული, თუ თითოეული ადამიანი რას გააკეთებს.”
“ტელეკომპანია” იმედის წამყვანებს, არც თამაზ გაიაშვილისთვის და არც მაყურებლისთვის არ გაუკეთებიათ გადაცემაში განმარტება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი არასწორად და არასწორ კონტექსტში იქნა მათ ეთერში მოხსენიებული.
ცნობისთვის, რუსეთთან საქართველოს არ აქვს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა და არც ერთი სახელმწიფო პროგრამა რუსული ფულით არ ფინანსდება, შესაბამისად, რა ფულის შემოდინებაზე საუბრობს გაიაშვილი, უცნობია, რაც შეეხება ევროკავშირის და აშშ–ს დაფინანსებებს, წლიდან წლამდე იზრდება, მაგალითად, კიდევ ერთხელ გაიზარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
კომენტარები