სალომე ტეტუნაშვილი, 27 წლის, საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობდა ნეაპოლში, მუშაობდა მომვლელად კასორიაში, ბოლოს 22 იანვარს ნახეს. როგორც ამბობენ, იგი გავიდა ნაგავის გადასაყრელად, გვიან საღამოს და მას შემდეგ არავის უნახავს.
დღეა ნეაპოლში ქართველები შეიკრიბნენ, ფეხით იარეს არაერთი საათი და მივიდნენ იმ სახლთან, სადაც სალომე მუშაობდა. ვიდეოში ისმის ხმა იტალიელი მეზობლის, რომელსაც ქართველები თარგმნიან და მამაკაცი ამბობს, რომ მხოლოდ გამარჯობას ეუბნებოდა ქართველ გოგოს, რადგან მან იტალიური ცუდად იცოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომენტარებში ზოგი წერს, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო საქმის კურსშია, ვიდეოში ჩანს ისიც, რომ ადგილობრივი პოლიცია მონაცემს იწერს ემიგრანტებისგან და ესაუბრება მათ შუა ქუჩაში. რას ნიშნავს საქმის კურსში ყოფნა და დაიწყო თუ არა გამოძიება, უცნობია, რადგან საელჩოს გვერდზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რამდენიმე ემიგრანტი ჰყვება, რომ იყვნენ მისულნი ოჯახში, სადაც სალომე მუშაობდა, მაგრამ მათ კარი არ გაუღეს.
ემიგრანტები ჰყვებიან, რომ ოჯახში დარჩენილია სალომეს პირადი ნივთები, სახლი არ გაუჩხრეკია პოლიციას – ზოგ მათგანს ეჭვი აქვს, საერთოდ გავიდა, თუ არა სალომე სახლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები კარგა ხანს იდგნენ სალომეს დამსაქმებლის სახლთან, მეზობლებიც კი გამოვიდნენ მათთან სასაუბროდ, დაკარგული გოგოს დამსაქმებლის ოჯახი მათთან სასაუბროდ არ გამოსულა. ემიგრანტები ხვალ საღამოს ისევ აპირებენ აქციის მოწყობას.
ვიდეოში, რომელსაც ემიგრანტი, ნინი ჩიქოვანი ავრცელებს, ვიდეოს დაწყებიდან 1.45 დროით, ისმის, როგორ ურეკავს ემიგრანტებს ქალბატონი, ვინმე ნინო და როგორც პასუხებიდან ვხვდებით უკრძალავს მათ ინტერვიუს მიცემას, ლაივის ჩართვას, ვიდეოს გადაღებას…
“არავის არანაირი სპექტაკლი არ დაუდგამს, რაც ხდება იმას ვავრცელებთ… რას მიკრძალავთ, არ მესმის. რა უფლებით მიკრძალავთ? რა უფლება გაქვთ რამე ამიკრძალოთ, მით უმეტეს ჩემ პირად გვერდზე. რომელ კოდექსში წერია, რომ არანაირი უფლება მაქვს ჩემ გვერდზე ლაივის ჩართვის? ძალიან კარგად ვიცი კანონები, იქნებ თქვენზე უკეთესადაც… არ ვიცი, ვინ არის და როდის გახდა ასოციაციის პრეზიდენტი….”
“თუ ასოციაციის პრეზიდენტია, რატომ არა დგას აქ?” – კითხულობენ ემიგრანტები
ემიგრანტების თქმით, ზარი საკონსულოდან იყო.
იმედია, საქართველოს საკონსულო და საელჩო განცხადებას გაავრცელებენ, რეალურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქის ძიების საქმეში და არ აიძულებენ ქართველ ემიგრანტებს ვიდეოების წაშლას, ხმის ამოღებას, ინტერვიუების მიცემას და ა.შ.
კომენტარები