მთავარი არხის ინფორმაციით, გლოვის დღეების მიუხედავად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზოგიერთ წევრი გუშინ ქეიფობდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მარტვილის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები გუშინ გვიან ღამემდე დაბადების დღეს მარტვილის რესტორან “პლაზაში” აღნიშნავდნენ.
შვილიშვილის ნათლობას აღნიშნავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”. მძიმე დღეების მიუხედავად ქეიფიდან არც მუსიკალური ნაწილი ამოუღიათ. ლევან ანთაძე შვილიშვილის ნათლობას ადასტურებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ოპონენტებს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს.
“ვწუხვარ, რომ ამ პირობებში თქვენ ასეთი სიბინძურეებით ხართ დაკავებული. ჩემი პასუხი ეს არის. ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანი, ამდენი ბავშვია გარდაცვლილი და რაღაც არანორმალურ კითხვებს სვამთ, თქვენ ადგილას სხვა კითხვებს დავსვამდი, მე თავს ვიკავებ დღეს პოლიტიკური შეფასებისგან, მაგრამ სამარცხვინოა იმ პირობებში როდესაც ათეულობით ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამოც, ასეთ დროს ასეთი კითხვების დასმა თქვენი მხრიდან, ჩემი აზრით, არარელევანტურია” – თქვა ხაბეიშვილმა.
ლევან ანთაძემ თქვა, რომ ბევრი სტუმარი იყო ჩასული და “გინდა არ გინდა, ასე ვთქვათ, კვების საკითხი იყო”.
“ჩემი რძალია თბილისელი და ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული და კვების საკითხი იყო… 7 ში იყო დაგეგმილი და გლოვის დღე იყო და გადმოვიტანეთ 6 რიცხვში. ძალიან ვწუხვარ თუ ეს დაემთხვა. იყვნენ ოჯახის მეგობრები, პარტიულიც, არაპარტიულიც, ჩემი ოჯახის მეგობრები”, – თქვა მან.
ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა.
კომენტარები