“აზოვის” პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებზე და “აზოვსტალიდან”, მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის დეტალებზე:
“უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის მებრძოლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ბრძანება გასცა. მძიმე ბრძოლებისა და იერიშების დროს, სულ 3 მოთხოვნა გვქონდა:
- მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა,
- დაჭრილებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და
- დაღუპულების გასვენება.
მოქალაქეების გაყვანა მოხერხდა. დაჭრილმა სამხედროებმა სამედიცინო დახმარება მიიღეს, ისინი ტყვეთა გაცვლის პროგრამისა და უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით გაიყვანეს.
რაც შეეხება დაღუპულ მებრძოლებს, პროცესი გაჭიანურდა, თუმცა ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში დასრულდება, რათა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა და მთელმა უკრაინამ თავის გმირები შესაბამისი პატივით დაკრძალონ.” ამბობს პროკოპენკო.
შეგახსენებთ, აზოვსტალიდან ვიდეომიმართვა გუშინ აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმაც გაავრცელა და უარყო რუსეთის გავრცელებული ინფორმაციები, რომ ოკუპანტებს ჩაბარდა.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ ვამხელ. მადლობა მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით”,- ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში.
კომენტარები