მამაკაცი, რომელიც გუშინ დააკავეს, რომელიც დიდი ხანია ემიგრაციაშია, ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკის მოქალაქეა – პაატა აბჟანდაძეა.
პაატა აბჟანდაძის სახელი და გვარი, შესაძლოა ბევრმა არ იცის, თუმცა, გვერწმუნეთ, ღარიბაშვილმა მისი ვინაობა ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ჯერ კიდევ 7 წლის წინ, ამერიკაში ვიზიტისას, პაატა აბჟანდაძე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციისა, რომელიც მაშინ ღარიბაშვილს, ნიუ იორკში ქართველებმა მოუწყვეს, მკვლელი და პუტინის მონა ეძახეს და არამხოლოდ.
პაატა აბჟანდაძე ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურისთვის ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი ჩამოსული იყო 2016 წელსაც საქართველოში, რამდენიმე ადამიანთან ერთად და რეგიონები მოიარა მაშინ, თუმცა, მალევე გაემგზავრა უკან, იგი წლებია თემურ ალასანიასთან კარგ ურთიერთობაშია. რასაკვირველია, მისი ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ, სუს-ი ადრევე იქნებოდა ინფორმირებული, საკითხავია, რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება გუშინ? მაშინ, როცა, ოპოზიციამ უკვე დაანონსა აქციები?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ პაატა აბჟანდაძე იყო თემურ ალასანიას ყური და თვალი საქართველოში, ამიტომ ჩამოჰყვა ის ემიგრანტებს, ის ერთ-ერთი იყო, ვინც სათავეში საინიციატივო ჯგუფს ჩაუდგა.
2014 წელს, “ალია ჰოლდინგის” ყოველკვირეულ გამოცემასთან , “ კვირის ქრონიკასთან “ ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი ამბობს:
“ბატონი პაატა აბჟანდაძე, როცა 2012 წლის არჩევნები დაიწყო, იყო ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როდესაც ამერიკაში ჩამობრძანდებოდა ხოლმე გიული ალასანია, აბჟანდაძე მას ჰყავდა დაცვასავით. ცხოვრობს ნიუ-იორკში. ამ ადამიანს თემურ ალასანია იყენებდა საქმეებისთვის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი ე.წ. საემიგრაციო სტატუსიც და მოქალაქეობაც ალასანიას ხელშეწყობით გააკეთა.”
დღეს გიული ალასანიამ განაცხადა:
“მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი იქ საერთოდ არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს. ერთია მე რას ვფიქრობ და მთავარია, ის რას ფიქრობს და რას აპირებს. ჯერჯერობით არაფერი სანუგეშო იქიდან არ მომისმენია.“
კავშირშია, თუ არა, პაატა აბჟანდაძის დაკავება აქციების დაანონსებასთან და გიული ალასანიას განცხადებასთან – ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
ფაქტი ერთია, ბოლო დღეებში დააკავეს რამდენიმე ადამიანი და მათ შორის, იკვეთება ისეთი სახეები, ვისაც ნამდვილად შეეძლო რამდენე ასეული ადამიანის გამოყვანა აქციაზე, ვისაც დამოუკიდებლადაც შეეძლო მოქმედება, კარვების დადგმა, შიმშილობის დაწყება, აქციის მოწყობა – რას იტყვის ოპოზიცია ამ ადამიანების დაკავებაზე და ზოგადად, პროტესტის რა ფორმაზე შეთანხმდება, იქნება, თუ არა ერთიანი – ეს ის კითხვაა, რაც ახალ ხალხს აწუხებს. მიმართავს, თუ არა ოპოზიცია ამერიკის საელჩოს? გააკეთებს, თუ არა ამერიკის საელჩო განცხადებას? – ამასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი უკვე ღიად ითხოვს მომხრეებისგან ციხისგან დახსნას, პირდაპირი ტექსტებით, ნაწყვეტები მისი ბოლო წერილებიდან:
“ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია”
“ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას.”
სად არის თემურ ალასანია? რატომ არ ჩანს ახლაც კი? რა იქნება მისი როლი და აქვს თუ არა საერთოდ როლი, მიხეილ სააკაშვილის საქმეში? – ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის მოპოვებასაც “ალია” შეეცდება და მოგაწვდით.
კომენტარები