ვაქცინაციის პროპაგანდის მშვიდი და ინფორმაციული გზის ნაცვლად, ჩინოვნიკების ნაწილმა გვითხრა, რომ თუ არ ავიცრებით – ჩაკეტვა გვემუქრება, ექიმთა ნაწილმა კი მედიას დააბრალა ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპი, თითქოს იგივე ექიმები არ წერდნენ წერილებს, სათაურებით “SOS – ამა და ამ ქვეყანაში ვაქცინაციის შემდეგ მოხდა ეს…”
სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება ვაქცინაციის პროცესი დაგეგმო აგრესიულად – პირიქით, უნდა იყოს გახსნილი, მშვიდი, ინფორმაციული, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რომ “ალიას” გვემდურის, ეს არ არის გამოსავალი. არც გაბუტვაა გამოსავალი და არც შეშინება, თუ არ აიცრები, ასე გიზამ და ისე მოხდებაო. მით უფრო, რომ ვაქცინის დაგვიანებით შემოტანა, ვაქცინის კამპანიის თითქმის არწარმოება მოსახლეობის ბრალი არ არის. მეტიც, მოსახლეობის ბრალი არ არის, 27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ, ვაქცინაციის ცენტრები რომ შეამცირეთ და ამით გვითხარით, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად არ იყო დაგეგმილი.
ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია პასუხი ჯანმოს წარმომადგენლის კომენტარზე, როცა მან თქვა:
“პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინაცია კეთდება ისეთ ვითარებაში, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. ჩვეულებრივ, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.”
იყო თუ არა აღჭურვილი კლინიკა და თუ იყო აღჭურვილი, დროულად გამოიყენა, თუ არა? – კი, აღჭურვილიც იყო და დროულადაც ჩაუტარა მკურნალობაო, მტკიცებით ფორმაში ამბობს მინისტრი, მაშინ როცა კვლევის შედეგიც არა გვაქვს ჯერ და ეს კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ექიმები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და აი, ჯანმოს წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ დროული დახმარების შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა შესაძლებელია!
ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან უხერხულია კიდევ დაშინებით რომ ცდილობთ ვაქცინაციის პროპაგანდას, არ შეიძლება რამე კავშირი ჰქონდა ვაქცინას აგრესიასთან და შიშთან – აი, მეტი ღიაობა და ინფორმაციულობა კი დაგეხმარებოდათ.
ახლა რაც შეეხება განცხადებებს, დღეს გვითხარით, რომ თუ ავიცრებით, კომენდანტის საათი მოიხსნება – რამდენი ადამიანი უნდა ავიცრათ, რომ შეზღუდვები მოიხსნას? რამდენი ადამიანისთვის საჭირო დოზა გვაქვს შემოტანილი?
ჩვენი პასუხი არაკომპეტენტური იქნება, ამიტომ მოვუსმინოთ პაატა იმნაძეს, 4 მარტი, 2021 წელი, ტვ “ფორმულა”:
“რომ აცრა ბრიტანეთმა მოსახლეობის 30 პროცენტი, ამან შეაჩერა ბრიტანეტში კოვიდი?
ეს ხომ ელემენტარულია, ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას ვერ აჩერებს.
ვაქცინაციის დაწყებაო, არ აჩერებს ეს ეპიდპროცესს, ეპიდპროცესს აჩერებს ვაქცინაციის დასრულება, ისრაელმა 90 პროცენტი ერთხელ აცრა, ძალიან ბევრია იქ უკვე ორჯერ აცრილი, ისრაელი გადაწყვიტავს ამას, სხვა ქვეყნები გადაწყვიტავენ, მაშინ როცა მორჩებიან, 60-70 პროცენტს როცა აცრიან, მერე იმოქმედებს ეპიდპროცესზე.
ჩვენი შეცდომა ისაა, რომ არ ვიყავი ბოლომდე ის, რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები….”
დაიწყეთ ვაქცინის ნორმალური პროპაგანდა, გვაჩვენეთ რომ ვაქცინაცია ხდება უსაფრთხო გარემოში და ჯანდაცვის სისტემა მზადაა, გვაჩვენეთ, რომ მზად ხართ ყველა კითხვას უპასუხოთ და ღია ხართ თქვენი ხალხისთვის, ბოლოს და ბოლოს, უპასუხეთ საპატრიარქოს და წმინდა სინოდის, ჯერ კიდევ თებერვალში დასმულ კითხვებს და შემოიტანეთ ვაქცინა, იმდენი ვაქცინა შემოიტანეთ, რამდენი ადამიანის აცრითაც შესაძლებელი იქნება ეპიდპროცესზე მოქმედება და შეზღუდვების მოხსნა! აი, მერეც თუ დაბალი იქნება აქტივობა, მერე შეგეძლებათ “კომენდანტის საათი” დაიჭიროთ ხელში და გვითხრათ, აიცრებით და მოგცემთ, არ აიცრებით და არ მოგცემთ.
კარგია, რამდენიმე ექიმმა და ჩინოვნიკმა რომ ნემსი გაიკეთა პირდაპირ ეთერში, მაგრამ იქნებ თავში აზრად მოგივიდეთ და ვაქცინაციის პროცესი გვაჩვენოთ, ფორმის შევსებით დაწყებული, კითხვარით გაგრძელებული, პროტოკოლი გვაჩვენოთ იქნებ, რა და როგორ უნდა მოხდეს ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, მზადყოფნა გვაჩვენოთ, მერე ლოდინის რეჟიმს როგორ იცავთ თქვენც ის 30 წუთი, რომელიც დღეს 45 წუთამდე გაზარდეთ. ვაქცინაციის მთლიანი პროცესი აჩვენეთ ხალხს, ნემსის გაკეთება ყველას ნანახი აქვს. მოკლედ, პროპაგანდის უამრავი გზა არსებობს, დაშინება ყველაზე მიუღებელი ფორმაა!
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები