“იუთუბ” პლატფორმას დაემატა ახალი, ქართული, საინფორმაციო-ანალიოტიკური არხი “ომის კანონი”. არხი ეძღვნება უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომის განხილვას მის ყველა შემდგენელში (ოპერატიული, დიპლომატიური, ეკონომიკური) და ამ მიმართულებებით მიმდინარე ვითარებისა და ტენდენციების ანალიზს.
რამდენიმე დღის წინ, არხზე კიდევ ერთი გადაცემა გამოქვეყნდა სათაურით – რუსეთის დოქტრინის კრახი. რუსეთის დოქტრინაზე, მისი კრახის მიზეზებზე, რუსეთის ეკონომიკის პრობლემებზე, საუბრობენ: თადარიგის პოლკოვნიკი ვასილ გოგოლაძე; თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე; თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა; ბიზნესმენი, ანალიტიკოსი ზურაბ მუნჯიშვილი.
გიორგი თავდგირიძე:
– დიდი ხანია შევეჩვიეთ იმას, რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო მოქმედებების გამოყენებას, ანუ ომის ფაქტორის გამოყენებას. ის აკეთებს გარკვეულ სვლებს, გარკვეულ ღონისძიებებს და შემდგომ ელოდება რეაქციას, რეაქციიდან გამომდინარე იწყებს მოლაპარაკებას, შემდეგ რთავს არასამხედრო ბერკეტებს და თუ სრულად არა, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან მიზნებს აღწევს ხოლმე. ესე იყო 2008 წელს, ესე იყო 2014 წელს, ესე იყო სირიაში და ზოგადად, რუსეთის პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან მკაცრი რეაგირების გარეშე სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა! – შესაბამისად, 2022 წლის თებერვალს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, 21-ე საუკუნის მასშტაბური ომი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ომი, რომელმაც, შეიძლება, ხანგრძლივი დროით რამდენიმე სახელმწიფო ჩაითრიოს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს.
რასთან გვაქვს საქმე? ნებისმიერი ომის შემდგომ, მსჯელობისას, რუსეთს აქვს ყოველთვის ერთი მთავარი მახასიათებელი, ის ყოველთვის ამბობს, რომ ან მისი ჯარი არ იყო თანამედროვე იარაღით აღჭურვილი, ან იმდროინდელი მმართველი ომს აწარმოებდა მოძველებული სტრატეგიით, ან ტაქტიკით და შესაბამისად, მიუხედავად გამარჯვებისა, ამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ეს იყო მიღწეული გმირობით და არა, ნოუჰაუთი, ან იმდროინდელი ომის წარმოების თანამედროვე ხერხების და ილეთების გამოყენებით.
განსხვავებული სიტუაცია გვაქვს ახლა, როდესაც თვითონ რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ იყენებდა თანამედროვე ომის მეთოდებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახელმწიფოს თანამედროვე ომი სხვადასხვანაირად ესმის, მაგალითად, დასავლეთისთვის თანამედროვე ომის წარმოების ხერხი და ილეთი არის თანამედროვე ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენება… რუსეთი წავიდა სხვა გზით და მისი თანამედროვე ომის წარმოების საფუძველი არის ახალი დოქტრინა, ე.წ. ჰიბრიდული ომზე დაყრდნობილი დოქტორინა, რომლის ავტორია გენერალი გერასიმოვი.
ძალიან მოკლედ გეტყვით, ვინ არის გენერალი გერასიმოვი – რუსეთის შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის მინისტრის პოსტი არის სამხედრო პოსტი, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დასავლეთში, ნატოს ქვეყნებში და საქართველოში ეს პოსტი უკავია სამოქალაქო პირს, პოლიტიკოსს, ხოლო საბჭოთა კავშირში და რუსეთში ეს პოსტი უკავია სამხედრო პირს და ის არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი პირველი სამხედრო პირი. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ შოიგუ არ არის სამხედრო, არც განათლებით და არც კარიერით, ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა როგორც სამხედრომ. მას ახლა აქვს სამხედრო წოდება, თუმცა, ამ სამხედრო წოდების ქვეშ არ არის ის საფუძველი, რომელიც სჭირდება, სამხედრო შეიარაღებული ძალის მართვისთვის… შესაბამისად, როცა შოიგუ მოდის თავდაცვის მინისტრად, მას მოჰყავს გენერალი გერასიმოვი და ნიშნავს თავის პირველ მოადგილედ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო მართვას შეიარაღებული ძალების განახორციელებს ბატონი გერასიმოვი… გერასიმოვი არ არის ოფიცერი, რომელმაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა წარმატებული სამხედრო ოპერაციების, ან კარგი ტაქტიკური განსწავლულობით, ან კარგი ორგანიზატორული ნიჭის გამო – ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა, რუსი გენერალი, რომლის კარიერა დგას სისხლზე. გერასიამოვის აღმასვლა იწყება ჩეჩნეთის მეორე ომში, რომლის დროსაც ის თავისი სიმკაცრით გამოირჩევა, შემდგომ იყო სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, არაადამიანური მოქმედება ხშირ შემთხვევაში რუსული სამხედრო კონტიგენტის და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბოინგ-777-ის რუსული ბუკით ჩამოგდება იყო მიზანმიმართული აქტი და რომ ამის უკან, რა თქმა უნდა, იდგა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი – გენერალი გერასიმოვი. ეს ეჭვი არსებობს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის საფუძვლიანი ეჭვი. შესაბამისად, ამ ადამიანისგან გასაკვირი იყო, რომ ის დაკავდა თეორიული წიაღსვლებით, მას ჰქონდა რამდენიმე ე.წ. მოხსენება სხვადასხვა აკადემიებში, რომელიც ძირითადად ეხებოდა თანამედროვე ომს, ის ამუშავებდა თანამედროვე ომის პრობლემატიკას. საინტერესოა, მისი მსჯელობა სამხედრო თვალსაზრისით (არა თვითღირებულების კუთხით), მაგრამ ის კარგად და მკაფიოდ ხედავდა რეალობას, ანუ ის მუდმივად აღნიშნავდა დასავლეთის და ნატოს მოუქნელობას. შესაბამისად, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმოქმედებდნენ სწრაფად და გადამჭრელად, შემდგომ უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან დასავლეთი იქნებოდა დამთმობი, იმიტომ, რომ რუსეთს ჰქონდა დასავლეთზე ზემოქმედების ბერკეტები და ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმას აჟღერებდა. სწორედ მის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია დაედო საფუძვლად მითს, თუ რეალობას, რომ არსებობდა გერასიმოვის მიერ დამუშავებული დოქტრინარული დოკუმენტი, რომელიც ცნობილია ე.წ. გერასიმოვის დოქტრინის სახელით. ბევრი დოქტრინა ახსოვს რუსეთს, ისე შევა დოქტრინა, ისე გამოდის და ისე ივიწყებენ, რომ მას პრაქტიკაში არავინ ამოწმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ დოქტრინას განასხვავებდა სხვა დოქტრინებისგან ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო საქმის საფუძველი, ანდა საბრძოლო დოქტორინა, მასში ძირითადი ადგილი ეკავა ე.წ. ომის წინა ფაზას, ე.წ. ჰიბრიდულ ომს, სადაც გერასიმოვი ავითარებდა იდეას… სხვათა შორის, იგი გარკვეულწილად წააგავდა დუეს დოქტრინას. თუმცა, დუეს დოქტრინა, მაინც შეზღუდულ ინსტრუმენტებზე იყო აგებული. ჯერ კიდევ გასული საუკუნეების 30-იანი წლების იტალიელი სამხედრო თეორეტიკოსი თვლიდა, რომ თუ მოხდებოდა მასობრივი დაბომბვა მშვიდობიანი ქალაქების, აღშფოთებული მშვიდობიანი მოსახლე, (რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე ქვეყანაზეა საუბარი), მიადგება თავიანთ მთავრობებს და აიძულებს მას, რომ მათ დადონ ზავი, თუნდაც წამგებიანი ზავი, იმისთვის, რომ აცილებულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან. დუეს დოქტრინამ არ იმუშავა, რა თქმა უნდა. დავუბრუნდები გერასიმოვს – რას ნიშნავს ე.წ. ჰიბრიდული ომის გერასიმოვის დოქტრინა? ის ამბობს, რომ ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული ომის ორი თეზა: ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი აღარ არსებობს და შეიძლება ომის წარმოება ისე, რომ ომი არ იქნას გამოცხადებული. ამის რეალიზების ფაქტი ჩვენ გვაქვს, რუსეთი ომს არ უძახის უკრაინაში მიმდინარე თავის ქმედებას, არამედ ეძახის სამხედრო სპეცოპერაციას… ის ასევე ამბობს, რომ ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული მე–5 კოლონის საპროტესტო მუხტი და ომის წინ სამოქმედო ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა შეიქმნას ქაოსური სიტუაცია – საჭიროა მოსყიდულ იქნას პოლიტიკოსები, საჭიროა შეიქმნას პოლიტიკური მე–5 კოლონა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ მხარდაჭერას, არეულობას შექმნის მმართველობაში, მოსყიდული უნდა იქნას ძალოვანი სტრუქტურები, მოსყიდული უნდა იქნას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გადავიდეს მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ რუსეთის მხარეს, რამაც შესაბამისად უნდა ჩამოშალოს ეს სტრუქტურები და სწორედ ამან საფუძველი უნდა დაუდოს რუსული არმიის ტრიუმფს, რომელიც უკვე კონვენციურ ფაზაში, ანუ როდესაც შეიარაღებული ძალების მოქმედება დაიწყება, ფორსირებული მარშით გაივლის იმ ტერიტორიებს, სადაც მე-5 კოლონის მოქმედება მყარად არის გარანტირებული.
გერასიმოვის დოქტრინის არსი ზუსტად ეს არის, რომ წარმატება ჰიბრიდული ომის ფაზაში განაპირობებს წარმატებას კონვერციული ომის დროს. თუმცა, არ გამორიცხავს იმასაც, რომ ქვეყანაში იქნება წინააღმდეგობა, ამიტომ კონვერციული ომის ფაზა იქნება როგორც დარჩენილი წინააღმდეგობის კერების დასაძლევად, ასევე ქვეყანაში წმენდის ჩასატარებლად. ამის მოწმეც გავხდით – როდესაც რუსული კონტიგენტის შემადგენლობაში შედიოდა არა მხოლოდ სამხედრო ძალები, არამედ პოლიციური ძალებიც, რომელიც რა თქმა უნდა ზუსტად იმიტომ იყო შეყვანილი, რომ იმ ქალაქებში, რომელზეც კონტროლს დაამყარებდა შეიარაღებული ძალები, განხორციელებულიყო წმენდები…
ფაქტიურად ამ ომს ჰქონდა გეგმა და არ ჰქონდა სტრატეგია, განსხვავებით მეორე მსოფლიო ომისა, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიას ჰქონდა სტრატეგიული გეგმა, რომელშიც იყო აგრეთვე ოპერატიული გეგმა. სტრატეგია რუსეთს არ გააჩნდა, მას გააჩნდა დოქტრინა და ომის გეგმა, თუმცა არა სტრატეგია, სტრატეგიის ნაცვლად გამოყენებულ იქნა დოქტრინა და შესაბამისად, როცა დოქტრინამ ვერ იმუშავა და აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდული ფაზა ამ ომის არ იყო ის, რასაც მოელოდა რუსეთი და ეს ფაზა აღმოჩნდა წარუმატებელი, მან კონვერციული ფაზის შეუქცევადი წარმატებაც ვერ უზრუნველყო. ომის წარმოების ამ გეგმამ, მარცხი განიცადა. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს, ომის წარმოებას, ძველი კლასიკური მეთოდებით, როდესაც რუსეთი თავის მიზნების მიღწევას ცდილობს რაოდენობის და ე.წ. „ლაბავოი დეისტვიეს“, შუბლით დატაკების მეთოდით. შეგვიძლია დავასკვნათ – ჰიბრიდული ომის თუ ომის წარმოების გერასიმოვის მიერ შემუშავებულმა დოქტრინამ ვერ იმუშავა, არ იმუშავა და შესაბამისად, რუსეთის ამ ომის მიზნების მიღწევა ამ დოქტრინით შეუძლებელია.
ვასილ გოგოლაძე:
–ზოგადად ჰიბრიდულ ომს გერასიმოვს მაინცდამაინც ნუ დავაბრალებთ, ჯერ კიდევ კოალიციის ჯარებმა ერაყის ოპერაციის დროს დაიწყეს, ჰიბრიდული ომის აპრობირება. ძალიან ცნობილი ქვედანაყოფია ასეთი, „უდაბნოს ვირთხები“, ეს არის ის ქვედანაყოფი დიდი ბრიტანეთის, რომელმაც აიღო ქალაქი მოსული და ქალაქ მოსულს იცავდა ჰუსეინის გვარდია, რომელიც განთქმული იყო როგორც სისასტიკით, ასევე შემართებით… მქონდა მათთან ურთიერთობა და ჩემი პირველი კითხვა ეგ იყო – ძნელი იყო ჰუსეინის გვარდიის წინააღმდეგობის გადალახვა-თქო და კაი რაღაცა მითხრეს, მანდ ამერიკელები იყვნენ ჩამოსულები და „მწვანე ბომბები“ გამოიყენეს ძალიან კარგადო. ძალიან გაოცებული დავრჩი, „მწვანე ბომბა“ რა იყო, არ ვიცოდი. მე ქიმიური იარაღისკენ წავედი და როცა მიხვდნენ, ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი, მითხრეს – მოდიოდნენ, პირდაპირ გადადიოდნენ მოლაპარაკებაზე ხელმძღვანელთან იმ ქვედანაყოფის, რომელიც ჩვენ წინ იდგა, გადაჰქონდათ დოლარები, აძლევდნენ ამ დოლარებს და ხელმძღვანელს თვითონ მიჰყავდა ის ჯარი, სადაც ესენი ეგულებოდათ….
გიორგი თავდგირიძე:
– მოდით, აქაც დავაზუსტოთ, თუ ესე წავიდა საქმე, მაშინ ფილიპე მეორე არის ფუძემდებელი ოქროთი დატვირთული ვირებით ჰიბრიდული ომის…
ვასილ გოგოლაძე:
– ამას გარდა, გაგახსენებთ, ერაყის ომი იყო ის ომი, რომელიც პირველად ნახა კაცობრიობამ – „ომი ონლაინში“, ყველას გვახსოვს სიენენ-ის პირდაპირი ჩართვები წინა ხაზიდან და სხვათა შორის ამან იმუშავა ორივე მხარეს, როგორც კოალიციის მხარდამჭერთა მხარეს, მაგარი ოპერაცია ტარდებაო და ეს იყო სერიოზული დამთრგუნავი ნაწილი მოწინააღმდეგის მოსახლეობაზე და მოწინააღმდეგის დემორალიზაციაზე… რომ გადმოვიდეთ აქეთა მხარეს, ჩვენ დროში, კი დაწერა გერასიმოვმა, მე არ წამიკითხავს, მგონი, არც თქვენ და არც არავის წაუკითხავს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ეგ ნაშრომი წაკითხული აქვს, უბრალოდ, კლასიკას რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერი დოქტრინის განხილვა და შეფასება საბოლოოდ, ხდება საჯარისო სწავლებებით, სადაც განიყოფიან – წითლებად, ლურჯებად, თეთრებად, მწვანეებად და მოწინააღმდეგე მხარეს ევალება, რომ ძველი დოქტრინით გაუმკლავდეს ახალი დოქტრინის ქმედებებს… ჯარში ადვილია, ჩვეულებრივ კონვერციულ ოპერაციებში შედეგის დათვლა, მაგრამ ზუსტად ის ნაწილი, რასაც დღევანდელი გაგებით კლასიკურ-ჰიბრიდულ ომს შეეხება, ანუ მოწინააღმდეგეზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის ხელმძღვანელის მართვა, თანამდებობის პირების და ა.შ. ზემოქმედება, ეგ არც გაუკეთებია რუსეთს და ვერც გააკეთებდა გარკვეული მიზეზების გამო, ალბათ, ჩაითვალა, რომ ასე უნდა ემუშავა. რუსეთმა მაგის აპრობირება მეტ-ნაკლებად გააკეთა 2014 წელს ყირიმის ანექსიის მომენტში… სხვათა შორის გამოუვიდა მეტ-ნაკლებად.
გიორგი თავდგირიძე:
–პირველ რიგში წყალში ნუ გადამიყრი შრომას, გერასიმოვის ბევრი სისულელე წავიკითხე, მაგრამ რა თქმა უნდა, გერასიმოვს დოქტრინა ერთიანი ფორმით, რომელსაც აქვს საწყისი და დასკვნა, სარჩევი – ასეთი ნაშრომი მას არ შეუქმნია, მას თავისი თეზები გამოტანილი აქვს სხვადასხვა მოხსენებებში, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო საიდუმლო გეგმას. ალბათ, ადრე თუ გვიან იმასაც გამოაქვეყნებენ. იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანმა გეგმის განხორციელებაზე ერთნაირად იმუშაოს, ცხადია, მათ წერილობითი გეგმა სჭირდებათ. რაც შეეხება ჰიბრიდულ ომს, ვფიქრობ, ეს უფრო ჟურნალისტური ტერმინია, ვიდრე სამხედრო ტერმინი, თუმცა სამხედროებმაც აიტაცეს. ვფიქრობ, არა მარტო გერასიმოვის რუსულმა ჰიბრიდული ომის წარმოების დოქტრინამ განიცადა კრახი, არამედ ზოგადად, ჰიბრიდული ომის სტრატეგიამ თუ ტაქტიკამ განიცადა კრახი, იმიტომ, რომ იმაც, რაც არ იზომება, არ შეიძლება ომი დავარქვათ. ჰიბრიდულ ომში გამოყენებულია ძველი, კლასიკური ომის მეთოდები, ეს არის საინფორმაციო დივერსიული, ეკონომიკური, პოლიტიკური… ანუ ეს მეთოდები არ არის სიახლე, უბრალოდ, ვიღაცამ ეს ყველაფერი გააერთიანა და ყირიმი მოიტანა, ამის ძალიან მექანიკურ დასაბუთებად. იმის დასაბუთებად, რომ ამ ყველაფერმა ყირიმში იმუშავა, მაგრამ ყირიმში რუსეთმა იმუშავა კარგად, თუ უკრაინა არ იყო მზად წინააღმდეგობის გასაწევად, ეს სხვადასხვა თემაა და ის, რომ უკრაინა მზად არ იყო, ამაში გერასიმოვი წვლილს ვერ შეიტანდა, თუნდაც იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ ახალი დანიშნული იყო (2013 წელს). უბრალოდ, ნახეს, რომ უკრაინა იყო სუსტი, უკრაინის ის ქვედანაყოფები, რომელიც განლაგებული იყო ყირიმში, უკვე ისე იყო გამოფიტული, რომ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდნენ, ეს მდგომარეობის გამოყენება უფრო იყო, ვიდრე წინასწარ მოფიქრებული გეგმის გენიალური რეალიზება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ კრახი განიცადა არა მხოლოდ რუსეთმა თავისი გერასიმოვისეული დოქტრინით, არამედ ზოგადად ჰიბრიდული ომი დავიწყებას მიეცემა და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. თუ ეს არის პროპაგანდა – პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ, თუ ეს არის ინფორმაცია, ამერიკელებს უყვართ ინფორმაცია, როგორც ჭურვი, ანუ ვიღაცა საინფორმაციო ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და თუ რომელიმე სახელმწიფოს იმდენი ფინანსები აქვს, რომ ომის გარეშე ომი მოიგოს, მას ომი არ სჭირდება და ამაში ფინანსებს არ ჩადებს…
ლაშა ქოიავა:
– ეიფორია იყო პირველი – ყირიმი და სადაც ვეთანხმები გიორგის, უკრაინა მზად არ იყო. ერთის მხრივ, ალბათ, სულიერად, მორალურად, მეორეს მხრივ, არავინ ელოდა რუსებისგან მზაკვრობას, სულ ტყუილად, რასაკვირველია და მესამე, ძირითადი მომენტი, რაც დიდი შეცდომა იყო რუსების – ეს იყო ლუგანსკის და დონეცკის ანექსირება და მათი პლაცდარმად გადაკეთება… იქ უკვე აშკარად ჩანდა, რომ უკრაინა მოემზადებოდა, რაც მთავარია სულიერად და მორალურად მოემზადებოდა… არის ერთი საკმაოდ არასასიამოვნო ნიუანსი, უკრაინას, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს, არ ჰქონდა სამშობლოსა და ერის განცდა, რაღაცნაირი გრძნობა ჰქონდათ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე ისტორია, ერთი და იგივე კულტურა აქვთ და რომ აქ საომარი და გასაყოფი არაფერი აქვთ, ლუგანსკით და დონეცკით კი მათ დაინახეს, რომ გასაყოფი არის, არსებობს უკრაინის საზღვარი, არსებობს რაღაც ისტორია და რუსებს ისტორიაში ჩაწერილი აქვთ, რომ ჯერ იყო კიევი, საიდანაც წამოსულმა ფეოდალმა შექმნა მოსკოვი და მერე მოსკოვმა შექმნა ისევ კიევი… ეს ამბავი მახსენებს, ჩვენს ფიზიატრიას რომ ვსწავლობდით, კონტრიძეს ავადმყოფი ჰყავდა ქალი, რომელმაც სცემა თავის დედა და როდესაც ეკითხება, ხომ იცი დედის ცემა არ შეიძლება, რატომ სცემეო – მე კი ვიყავი მისი შვილიო, მაგრამ მერე დედამისიც ვიყავიო. დაახლოებით ეგეთი მომენტია და ამან ითამაშა ძალიან ცუდი როლი რუსეთისთვის და ძალიან დადებითი როლი უკრაინისთვის, სადაც შემდეგ ვერც ჰიბრიდულმა იმუშავა, ვერც ბლიც-კრიკმა იმუშავა…
საბოლოოდ, ვერ დავარქმევთ ვერც ჰიბრიდულ ომს რუსეთის წარმოებულს და ვერც ბლიც-კრიკს, არა იმიტომ, რომ მათ არ უნდოდათ ეს, შეიძლება უნდოდათ, მაგრამ ისინი ვერ ქმნიან, არ შეუძლიათ სადღაც რაღაცა ისწავლონ, სწორად დაამუშაონ და გაიმეორონ… უამრავი მაგალითი გვაქვს ამის, როდესაც მათ ევროპაში რაღაცა სცადეს, მერე მაინც თავისას აკეთებენ და… როგორც არ უნდა კარგად ისწავლოს რუსმა ინგლისური ლონდონში, მისი აქცენტი ეგრევე გასცემს, რომ რუსია…
გიორგი თავდგირიძე:
– მოდი, ეხლა ერთ პარალელს შემოგთავაზებთ, დაახლოებით ის, რაც კლასიკურ ლიტერატურაში „დათა თუთაშხიაშია“ გამოყენებული, დავუშვათ, იგივე ტყუილის მანქანა, ჭორის მანქანა, რომელიც შექმნილია ერთი კონკრეტულ რეგიონში, კონკრეტული აბრაგების წინააღმდეგ, როდესაც ვინმე სეხნიევი ამას ავრცელებს რუსეთში და მერე აღმოჩნდება, რომ თითქოს იმპერიის გასაძლიერებლად შექმნილი ეს ინსტიტუტი თვითონ ამ იმპერიის წინააღმდეგ ამოქმედდება… დაახლოებით ესეთი რაღაც შეიძლება მოხდეს და ხდება კიდევაც… ის, რითაც გამარჯვებას აპირებდა – ჰიბრიდული მეთოდები, შემოუბრუნდა თვითონ რუსეთს… ის, რაც ხდება – ეკონომიკური სანქციები, რუსეთის ასოცირება ფაშიზმთან, პოლიტიკური წრეებიდან გარიყვა, რუსების მიმართ გამოხატული პროტესტი მთელ მსოფლიოში, ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა გარკვეულწილად მოქმედებს „ობივატელზე“, მაგრამ არ მოქმედებს ე.წ. ბიდლოზე, ესე რომ ვთქვათ. ასტრალში გასული რუსეთის მოსახლეობის ნაწილი, ალბათ, არც მოახდენს გავლენას პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და არც სამხედრო მოქმედებაში შექმნის რაიმე ღირებულს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ტიპის ზეწოლა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე ასუსტებს რუსეთს, არამედ არყევს იმ საფუძვლებს, რომელიც შექმნა პუტინმა, იმ იმპერიულ ამბიციებს, რომელიც გაუჩნდა ამ სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს ელიტას და რომელიც ფიქრობდა, კვლავ მოეხდინა იმპერიის რეანიმაცია… ახლა ერთადერთი წარმატებული პოლიტიკური პროექტი შეიძლება აღმოჩნდეს დემოკრატიული რუსეთის პროექტი, რომელიც დაფინანსებული და მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ ესეთი ძალა არ გამოჩნდა, იმ სახელმწიფო საზღვრებში, რასაც დღეს რუსეთს ვუძახით, ურთულესი პროცესი წავა და მოდით, ეხლა აქვე ვთქვათ და გავაფრთხილოთ ჩვენი მოსახლეობა, მერე რომ არ იყოს საუბარი – „აი, ეს გინდოდათ რუსეთში?!“ ეს რუსეთმა გააკეთა ასეთი არჩევანი, მას ორი გამოსავალი აქვს – ან გახდეს დემოკრატიული და მოხდეს მისი რეალური ინტეგრირება და რეალური დემოკრატია დასავლურ სივრცეში. ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ რუსეთი ან ასეთი უნდა გახდეს, ან რუსეთის ტერიტორიაზე იქნება უამრავი მცირე და დიდი სახელმწიფო, რომელსაც ექნება მცირე და დიდი ამბიცია, რომელსაც ექნება კანონები დაწყებული დიქტატურიდან და შარიათიდან, დამთავრებული – ლათინური დიქტატურით, ლათინური პარტიზაშინით, რუსული პარტიზაშინით, დაპირისპირების ყველანაირი სპექტრი, რაც კი კაცობრიობას გამოუცდია. დაძაბულობა, წინააღმდეგობა, საბრძოლო თუ სამხედრო მოქმედებები, რუსეთის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა ადგილას…
ვასილ გოგოლაძე:
– გეთანხმები გიორგი, უბრალოდ მაგ სცენარის შემთხვევაში სხვათა შორის ისევ და ისევ ჩვენდა საუბედუროდ საქართველოს ექნება პრობლემა, როდესაც გიჟი გყავს მეზობლად, რომელიც დარბის ასანთით ხელში, ან სახანძრო მანქანა უნდა გეყენოს ეზოში მუდმივად, რას დავარქმევთ სახანძრო მანქანას, ეს უკვე ცალკე საკითხია და ან მეზობელს უნდა უქნა რაღაცა… ლაშა ალბათ შემოგვთავაზებს ან მედიკამენტოზურ, ან ფიზიკურ მკურნალობას…
ლაშა ქოიავა:
– მედიკამენტოზური მკურნალობა გამოიყენება ამერიკელებისა და ინგლისელების მიერ რუსეთის დასაშოშმინებლად… რუსეთის დემოკრატიის მე მგონი უკვე აღარავინ დაიჯერებს. იქ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც დიდხანს გასტანს, ეს შეუძლებელია… რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი შესაძლებლობა დაახლოებოდა ევროპას და ცივილურ სამყაროსთან, ეს იყო გორბაჩოვისა და ელცინის პერიოდი, ხოლო პუტინის მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაიძაბა დასავლეთი, თუ არ გავითვალისწინებთ მერკელს… უკვე ყველა დარწმუნდა, რომ რუსეთის დემოკრატიულად გადაქცევა – ეს შეუძლებელია. არ ვიცი რამდენია რუსეთში ამნაირი და იმნაირი, მაგრამ რუსეთის ფედერაცია იდეაში არის იმპერია.
გიორგი თავდგირიძე:
– მაგრამ ერთ რაღაცაში ვერ დაგეთანხმებით, შეიძლება გვიან არის, მაგრამ არც ინგლისის, არც გერმანული სამყაროს წინადემოკრატიული ისტორია რუსეთისგან განსხვავებული არ არის, იგივე სისასტიკე, იგივე ომები…
ლაშა ქოიავა:
– მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ინგლისმა ერთ მშვენიერ დღეს დაწერა ბრძანება და თავისი კოლონიები ყველა გაუშვა…
გიორგი თავდგირიძე:
– სანამ ბრძანების დაწერამდე მივიდა, ინგლისს დემოკრატიისკენ რთული ნაბიჯების გადადგმა მოუწია და რატომ ვერ გადადგამს რუსეთიც იგივეს, არ ვთვლი, რომ შეუძლებელია…
ლაშა ქოიავა:
– ინდიელების დახვრეტები გვახსოვს, ნასწავლი გვაქვს, ბურების ომიც ნასწავლი გვაქვს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინგლისის იმპერია არ იყო უფრო დიდი ხნის, ვიდრე რუსეთის იმპერია. ეგენი ამას ვერ სწავლობენ, ვერ ღებულობენ… შეიძლება ვნახოთ მაგალითი ინგლისის, რომელმაც გაუშვა კოლონიები და გაცილებით უფრო უკეთესი და წარმატებული ცხოვრება ნახა, ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი ჰქონდა, ვიდრე იმპერიების ხელში. რუსეთი ამას ვერ აღიქვამს.
ვასილ გოგოლაძე:
– სამედიცინო ფილოსოფიიდან გავიხსენებ, მგონი პოსტულატია, რომ გამოჯანმრთელებისკენ პირველი ნაბიჯი იმის შეცნობაა, რომ შენ ავად ხარო, მაგრამ რუსეთი თვლის, რომ არ არის ავად, კარგად არის, გადასარევად არის და უხარია.
ლაშა ქოიავა:
– არაერთხელ მითქვამს, რომ ურთიერთობა მქონდა სახაროვთან, არაერთხელ გვისაუბრია და ყოველთვის რაღაცნაირად გაოცებასაც და გულდაწყვეტასაც ვხედავდი, რომ რუსეთის უფლებადამცველი, რაღაცნაირად იცავს ადამიანის უფლებებს, ოღონდ რუსეთის იმპერიის შიგნით, როდესაც პირობითად, გიორგი თავდგირიძე იძახის, რომ ქართველია და რუსეთის იმპერიიდან უნდა გამოვიდეს, იგივე სახაროვი, რომელიც ადამიანის უფლებების გულისთვის დიდხანს იჯდა საკონცენტრაციო ბანაკებში, იგივე „დერჟიმორდა“ ხდება, რაც ნებისმიერი რიაზანელი „დესანტნიკი“.
გიორგი თავდგირიძე:
– ეპატაჟური უფლებადამცველები – მაგასაც ავხსნი… სახაროვი „დერჟიმორდა“ იყო თავიდანვე და იყო ბოლომდე. ე.წ. ეპატაჟური პროტესტი – ეს სხვა თემაა. დოკუმენტურად შემორჩენილია, ბევრი რუს ანალიტიკოსს აქვს აღწერილი, როცა სახაროვმა დაამთავრა მუშაობა თავისი წყალბადის ბომბზე, ის დარბოდა თავისი პროექტებით სამხედროებთან და სთავაზობდა მათ, ამერიკისგან დაეტოვებინათ უდაბნო. ეხლა მოდით, ადამიანს, რომელსაც ესეთი ავადმყოფური წარმოდგენა აქვს, რომ მას შეუძლია კაცობრიობის დიდი ნაწილი გაანადგუროს და უდაბნოდ აქციოს, ის რამდენად შეიძლება იყოს სახალხო დამცველი შინაგანად? ეს არ იქნება მაგალითი… რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც ალბათ სურთ თავისი სამშობლოსთვის სხვა მომავალი… გამორიცხვა არ მინდა, ვერ გავაკეთებ პროგნოზს, მე არ ვარ მაგ მიმართულების სპეციალისტი, რომ რუსეთში დემოკრატიის გამარჯვების გზები ან წინასწარმეტყველება შევძლო, მაგრამ თუ იქნება მხარდაჭერა დასავლეთისგან, რუსეთის დემოკრატიზაცია შეიძლება შედგეს, როგორც ასეთი… ყველა ვარიანტში შევთანხმდეთ, რომ ეს იქნება ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელიც ჩვენთვისაც რთულად ჩაივლის, ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ ან შვეიცარული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ (ოღონდ ძალიან გთხოვთ აქ ნეიტრალიტეტი არ იგულისხმოთ), ან ისრაელის ტიპის სახელმწიფოდ. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მათ ეკონომიკური საფუძვლები აქვთ გაცილებით უკეთესი, მაგრამ ეს ეკონომიკური საფუძვლები ისე არ მოსულა, ისიც მათ შექმნეს…
ზურაბ მუნჯიშვილი:
–სუფთა ეკონომიკურ ფაქტორებს, რაც შეიძლება იყოს გადამწყვეტი აი, ამ სიტუაციაში:
პირველი, ეს არის კორუფციული თემა, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი არის საბჭოთა კავშირის არამარტო სამართალმემკვიდრე, არამედ იდეოლოგიური. პრაქტიკულად გამორიცხავს კორუფციული თემა იმას, რომ რამენაირი წარმატებული, ჰიბრიდული ომი აწარმოონ, იმიტომ, რომ ობიექტურად გამოყოფილია თუ არის მოსყიდვაზე თანხა, იმ თანხის მეათედი შეიძლება მივიდეს მოსასყიდამდე, დანარჩენი იდება ჯიბეში და მეორე: ხშირ შემთხვევაში ბიზნესი, ეკონომიკა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პოლიტიკაზე, თუ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული ან პოლიტიკოსი, მაშინ ბიზნესიც მიდის კარგად. შესაბამისად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამ შემთხვევაში რუსეთია, სადაც პრაქტიკულად მოშლილია ძირითადი საბაზისო განვითარება, ეკონომიკის და სახელმწიფოს ჰარმონიულად და წესიერი განვითარება, პრაქტიკულად შეუძლებელია და ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ამ საკითხიდან არის ზუსტად ეს.
ვასილ გოგოლაძე
– ახლა ზუსტად ის მომენტია, რომ ამ სანქციების პრობლემების გამოყენებას, ალბათ, ისევ ის პოლიტიკური ელიტა შეეცდება დამატებითი შემოსავლების მისაღებად…
ზურაბ მუნჯიშვილი:
– ბუნებრივია და ეს უკვე მაგიდაზე დევს, იგივე ბოლო გამოსვლები, რომელიც სწორედ ამ ფონდების ხარჯვას ეხება და სამხედრო რელსებზე გადაყვანას… ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ამ ქვეყანას და კიდევ უფრო გარდაუვალს გახდის კრახს.
ვასილ გოგოლაძე
– ერთი საინტერესო დოკუმენტი წავიკითხე, რომელიც გამოუშვია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს, ძალიან საინტერესო ბრძანება, რომლითაც ნება დაერთო პარალელურ იმპორტზე… პრაქტიკულად რა გააკეთეს, თქვენ ოღონდაც შემოიტანეთ და კონტრაბანდაზეც თანახმა ვართო.
ავად თუ კარგად ფაქტია, რომ ის პირველადი გეგმა, რომელიც რუსეთის ახალ „ჰიბრიდული ომის“ დოქტრინაზე იყო დამყნობილი და აწყობილი, პრაქტიკულად კრახით დამთავრდა რუსეთისთვის. რუსეთი ამას მიხვდა და ყველანაირად ცდილობს კვლავ ძველ, მამა-პაპურ გზას დაუბრუნდეს, ეს იქნება – სისხლი, სიკვდილი… თავის ჯარზე მაქვს ლაპარაკი, შეახოცავს ერთ ტყვიამფრქვევს ერთ ბატალიონს და ბოლოს ტყვია უმთავრდება. საბოლოოდ მაგისკენ მივდივართ.
მაგრამ ამ თემაზე, ალბათ, შემდგომ გადაცემაში ვისაუბრებთ. მომავალ შეხვედრამდე.
კომენტარები