პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ისევ ჰესებზე.
კარგად მახსოვს როგორ დაიბლოკა ხუდონჰესის მშენებლობა. ყველაფერი მზად იყო – პროექტი, ფული (ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან). მაგრამ ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი მწვანეებმა (ჟვანია) და ეროვნულმა მოძრაობამ.
და, მოდი ვთქვათ სიმართლე. ვაი-უშველებელი იმდენად ეკოლოგიის გამო კი არ ატყდა, რამდენადაც იმის გამო რომ ხუდონჰესი “არაქართველ” სპეციალისტებს უნდა აეშენებინათ (ალბათ ძირითადად რუსებს) და მავანს ეშინოდა ისინი საქართველოში არ დასახლდნენო.
რომ არა ეს ფობიები ხუდონჰესი აშენდებოდა და 90-იანებსაც შედარებით ადამიანურად გავივლიდით. ვინ იცის ვის როგორ შეგვერყა ჯანმრთელობა იმ პერიოდში. ეჭვი მაქვს მაშინ ნანახმა ეკოლოგიურმა ზარალმაც (გაჩეხილი ხეები, ნავთის მჭვარტლი და გამონაბოლქვი) გვარიანად გადააჭარბა იმ ზარალს რასაც ხუდონს მიაწერდნენ.
იმედია ახლა დატბორვაზე არაფერს მეტყვით. სად ნახეთ ბოლოს დატბორილი ჰესი? ენგური აქამდე მუშაობს და ახლა მხოლოდ რემონტი დასჭირდა. საბჭოთა კავშირის ფანი, ღმერთმანი, არა ვარ, მაგრამ იმ დამპალ ქვეყანაში ჰესების მშენებლობა კი იცოდნენ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს არავინ დაზარალებულა ისე როგორც საქართველო. საბჭოთა კავშირის დაშლა უპრეცედენტო იყო ისტორიაში – ასეთი იმპერია და ზესახელმწიფო თავისით გაქრა, თითქმის მშვიდობიანად. თითქმის, რადგან ვიღაცეებმა “ვივაჟკაცეთ’ და მის ნანგრევებს შევუშვირეთ თავი. ხუდონის დაბლოკვა ამ “ვაჟკაცობის” ნაწილი იყო.
ჰო, “არაქართველების” მიმართ მაშინდელი შიში თუ ჩემი მოგონილი გგონიათ. ნახეთ ზვიად გამსახურდიას ეს გამოსვლა (ზვიადის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად მას ამ შემთხვევაში ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ ეს გამოსვლა იმ ტენდენციის გამოხატულებაა დღემდე რომ მოგვდევს).
ნახეთ საიდან მოვდივართ.”
კომენტარები