პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.
ქუცნაშვილი:
“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზურაბ ზვიადაური იცხოვრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე… შეგვიძლია მთელი სახლი დავუთმოთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლესაც იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე, კარებს ჩავკეტავ გასვლისას და გავაღებ მოსვლისას. იგივე მოხდება ციხეშიც.
მე ვამბობ, რომ სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს ზურას წინასაწარ პატიმრობაში. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე”
გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.
ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის – 3 წლამდე პატიმრობა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები