ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ ბათუმელების ჟურნალისტს უშვერად აგინა. ვარდმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი მანქანით გადაადგილების შესახებ კითხვამ გააღიზიანა.
ბათუმელები ამბობს, რომ ისინი მერს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, რატომ გადაადგილდება ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის მანქანით – ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა და კანონით იკრძალება.
მას შემდეგ, რაც ფაქტი გახმაურდა და კომენტარებიც გაკეთდა, ბატონმა ჯუმბერმა განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ ნანობს, ჟურნალისტს დედაზე რომ აგინდა, თუმცა, ამ განცხადებაშიც კი არ უპასუხა კითხვას, რატომ დადის ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი მერიის მანქანით.
დავურეკავთ მერს, დავუსვამთ კითხვას, გვაგინეს, მერე ბოდიშს მოიხდის და მორჩა? იმ დასმულ კითხვას არ პასუხობს? ის კითხვა აღარ არის აქტუალური?
გამომდინარე იქედან, რაც მოვისმინეთ, ხელვაჩაურის მერისთვის სერიოზული კითხვის დასმას აზრი არა აქვს, ამიტომ, როცა ბატონ ჯუმბერს დავურეკეთ, მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვით, ისე და იმ ფორმით, მას როგორც ესმის და როგორც ე.წ. “ძველბიჭურ” საუბარშია მიღებული:
-შეგეწერათ, ბატონო ჯუმბერ?
-მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და ახლა მოსახლებას ვხვდები, არ მცალია – გვიპასუხა ბატონმა ჯუმბერმა. ეტყობა, დღის ამ საათებში, ზრდილობიანია!
კომენტარები