გასული ღამის განმავლობაში ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის. უკვე მე-5 დღეა კონფლიქტის ცხელი ფაზა მიმდინარეობს, რაც 1994 წლის შემდეგ უპრეცედენტოა.
აზერბაიჯანული მხარე მთელი ღამის განმავლობაში შორსმსროლელ სარაკეტო არტილერიასთან ერთად შეუჩერებლად იყენებდა თურქული წარმოების, BAYRAKTAR TB-ის ტიპის დამრტყმელ უპილოტო ავიაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27-იდან 30 სექტემბრის ღამის მონაცემების ჩათვლით მოკლულთა და დაშავებულთა რაოდენობამ 2300 ჯარისკაცი შეადგინა, განადგურებულია სომეხთა 200-მდე ტანკი და სხვა სახის ჯავშანმანქანა, 228 საარტილერიო დანადგარი, მათ შორის რეაქტიული სისტემები და ნაღმტყორცნები, 30 ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 6 საკომანდო ცენტრი, 5 იარაღის საწყობი და 110-ზე მეტი საავტომობილი ტექნიკა.
სამხედრო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენიმე ვიდეო ბრძოლის ველიდან, რომელიც ასახავს ათეულობით ტანკის, ზალპური რეაქტიული საარტილერიო სისტემის, იარაღის საწყობების, საჰაერო აპარატებთა რადიო ელექტრონული ბრძოლის სისტემების განადგურებას. გასული ღამის განმავლობაში მოხდა აგრეთვე უპილოტო კამიკაძე დრონების მასობრივი გამოყენება- 2.5 მეტრის ებრაული HAROP-ებით ხდებოდა სამიზნეების განადგურება.
გამოქვეყნებულ ვიდეოებში აგრეთვე დაფიქსირდა სომხური საბრძოლო კომპლექტის გადამტანი კოლონების განადგურების კადრები. სატვირთო ავტომობილებს ბრძოლის ველზე გადაჰქონდათ ჭურვები, რათა შეევსოთ ის გახარჯული მარაგი, რომელიც გაისროლეს სომხურმა საარტილერიო დანადგარებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში.
კომენტარები