დღეს “ტვ. პირველმა ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, კადრები, რომლებიც ციხეშია გადაღებული.
14 აგვისტოს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის რევაზიშვილი თანამოსაკნე, ნიკა ჩიტიძე გამოძიებას ჩვენებას აძლევს და ამტკიცებს, რომ რევაზიშვილმა მას გიორგის სიკვდილის დეტალები მოუყვა, მართალია, გამოძიება ამ ჩვენებით თავს იწონებს, მაგრამ ჩიტიძის ამ ჩვენების მიხედვით, გიორგი წყალში თავად ჩავარდა, იგივეს “ამტკიცებს” კომისიური ექსპერტიზაც – გონებას დაკარგავდა გიორგიო.
ჩიტიძის ჩვენება მედიაში 1 სექტემბერს გავრცელდა, პატიმრებმა კი ჯერ კიდევ აგვისტოში გადაწყვიტეს ჩიტიძის დასჯა და პროკურატურა ახლა განცხადებით ამტკიცებს, რომ მე ჯერ კიდევ აგვისტოში ვიცოდი, მოწმე ჩიტიძის ოჯახს საფრთხე რომ ემუქრებოდაო, თუმცა, ჩიტიძის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს დღეს ტვ პირველზე და დაცვა ნამდვილად არ ჰყავთ დანიშნული სახელმწიფოსგან – ტაში, ბიჭებო! ციხეში ჩიტიძის ჩვენება აგვისტოშივე იციან (ყველა ჩანაწერი აგვისტოშია ჩაწერილი თარიღის მიხედვით), პროკურატურამაც აგვისტოშივე იცის და 5 სექტემბერსაც კი – რეაგირება არ მოგიხდენიათ.
თარიღი:
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 14 აგვისტოს ჩიტიძე ჩვენებას აძლევს გამოძიებას და ჰყვება რომ რევაზიშვილი მას საქმის დეტალებზე ესაუბრა. დღეს გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, პროკურატურამ ფარული მოსმენები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო (ერთ-ერთი ვიდეო 8 აგვისტოთია დათარიღებული). ე.ი. 8 აგვისტოს უკვე დაწყებული გქონდათ ჩაწერა, თუ მანამდე არა და რაღა მაინცდამაინც ჩიტიძის და რევაზიშვილის საუბრის ჩანაწერი არა გაქვთ? რა გამოდის, 8 აგვისტოს ჩანაწერი გაქვთ და 14 აგვისტოს რომ ჩვენება მოგცათ პატიმარმა, ასე და ასე მომიყვა რევაზიშვილიო, იმ საუბრის ჩანაწერი არ გაქვთ? – უცნაურად არ გეჩვენებათ?
მირიან ნიკოლაძე, ადვოკატი და გიორგი შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ ეს კადრები ბევრ რამეს ამტკიცებს:
“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში. რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო”.მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შემდეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!”
თარიღი:
ბატონი მირიანი, ალბათ, ნახავდა რომ ჩანაწერი, სადაც რევაზიშვილი დნმ-ზე საუბრობს აგვისტოს თვით თარიღდება, არადა, პროკურატურა 1 სექტემბერს გვიმტკიცებდა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მყისიერად გატყობინებთ ინფორმაციას, რომ ჩანთაზე ბრალდებულების დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდაო.
ხოდა, კითხვა მაქვს, საიდან იცის რევაზიშვილმა 26 აგვისტოს რომ მისი დნმ-ის კვალი არ არის ჩანთაზე?
25 აგვისტოს უკვე იყო დნმ-ის პასუხი და პირველად ციხეს შეატყობინეთ? – ალბათ, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ხომ? 26 აგვისტოს ციხეს შეატყობინეთ დნმ-ის პასუხი და 6 დღის მერე საზოგადოებას?
ან, ბევრად ადრე გქონდათ დნმ-ის პასუხი და გვატყუებთ, ან ეს ჩანაწერია დადგმული. სხვა ლოგიკური პასუხი თუ არსებობს, ეგაც გვითხარით, არ მოგერიდოთ!
ერთ-ერთ ჩანაწერში ბრალდებული რომ პირდაპირ კამერის მხარეს ყვირის სათქმელს და რამდენჯერმე რომ იმეორებს, რომ მიანიშნებს, ვიცი, იწერენ ხმასო, მაგაზეც გექნებათ, ალბათ, პასუხი.
რაც შეეხება კადრებს, წულუკიანის სამსახური ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახური არ აწარმოებდა ჩაწერას, მაგრამ ჩანაწერი კანონიერია.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან ჩაიწერა საუბრები, და საუბრის ჩანაწერები, განსაიდუმლოების შემდეგ ბრალდების მხარეს გადასცა 3 სექტემბერს. თუმცა, პროკურატურა არ ამბობს, რომ რამე სახის მოკვლევას დაიწყებს განსაიდუმლოებული კადრების გასაჯაროების გამო!
რა დაგვანახა ამ კადრებმა?
ამ კადრებმა, სამწუხაროდ, მხოლოდ ის გვაჩვენა, რომ პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებად “თანამოსაკნის” ჩვენებები და ციხის ფარული ჩანაწერები აქვს.
საქმეს თუ დამისახელებთ, სადაც თანამოსაკნის ჩვენებას “ნასედკის” ჩვენებას არ ეძახიან და მერე რეჟიმს არ აბრალებენ საქმის შეკერვას – კი, ბატონო, მაშინ ააგოს პროკურატურამ ჩიტიძის ჩვენებაზე საქმე.
ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე გვიმტკიცებდა, რომ გიორგის თავის ქალა დაზიანებული არაა, მხოლოდ მცირედი სისხლჩაქცევები აქვს თავის მიდამოებში. მეტიც, საყვედურიც გვითხრა, საიდან მოგაქვთ რომ თავის ქალა გატეხილი აქვსო.
ახლა კი ექსპერტებმა გვითხრეს, რომ გიორგი გონებას დაკარგავდა თავის ტრამვისგან. არ დაგავიწყდეთ, ძალადობის ყველაზე დიდი კვალი გიორგის თავზე არა აქვს, აქვს ტანზე – კერძოდ საზარდულის მიდამოში, რატომღაც ექსპერტიზა ამ დაზიანებაზე არ კონცენტრირდება.
საკვირველია, ასე დაჟინებით, რატომ უმეორებს გამოძიება ექსპერტიზას კითხვას – დაკარგავდა თუ არა გიორგი გონებას? – და ხო, დაწერეს პასუხი, რომ კი, დაკარგავდა გონებას! – მერე? რა დამტკიცდა მაგით? რას მიაღწიეთ მაგ კითხვაზე პასუხის მიღებით?
საქმე ნამდვილად განზრახ მკვლელობის მუხლით გაქვთ აღძრული? რით და როგორ აპირებთ ამ საქმის მოგებას?
გიორგი გონების დაკარგვის გამო არ გადავარდნილა მდინარეში, არც ფეხის არევის გამო დამხრჩვალა და იქნებ მართლა განზრახ მკვლელობის მუხლით იმუშაოთ? 19 წლის ბიჭია მოკლული და საზოგადოებას მკვლელების ვინაობა და სასჯელი აინტერესებს! ფაქტებით, მტკიცებულებებით, მოტივით.
3 თვე გადის და ჯერაც ვერ ხსნით, რატომ აუარეს გვერდი ამირხანაშვილს, რატომ არ სცემეს ამირხანაშვილი (აკი, ყველას საცემრად მისდევდნენ) და რატომ დაედევნეს შორს გაქცეულ გიორგის, როცა ამირხანაშვილი იქვე ჰყავდათ? – მოტივი რა იყო?
ჯერჯერობით, რასაც აკეთებთ, რა მასალებსაც აქვეყნებთ, ეგენი სასამართლოზე ადოკატებს ლუკმად არ ეყოფათ, ჩვენზე კარგად ეგ თქვენ იცით. საქმეს რომ წააგებთ, მერე ადვოკატებს და მოსამართლეს დააბრალებთ?
არა, ახლა, 6 აგვისტოს გეუბნებათ “ალია”, ამ მტკიცებულებებით, რაც ამ ეტაპზე გაქვთ გასაჯაროებული, ამ საქმეს ვერ მოიგებთ, თუ მოსამართლეს და ყველა ადვოკატს არ მოისყიდით.
ფარულმა ვიდეო ჩანაწერმა ან უნდა გაამყაროს ვინმეს ჩვენება, ან ამ ჩანაწერს უნდა მოჰყვეს ახალი ჩვენებები, ან რამე სხვა ტიპის მტკიცებულებამდე უნდა მიგიყვანოს. თუ არც ერთი არ მოხდა, ყველა გამოცდილმა იურისტმა იცის, ე.ი. პროკურატურა ჩიხშია და ფარული მოსმენებით და “თანამოსაკნის” ჩვენებით აპირებს ფონს გავიდეს.
ქვემოთ იხილავთ ვიდეოებს, რომლებიც ტვ პირველმა გაავრცელა.
ალია
კომენტარები