წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი, თამრიკო კვარაცხელია, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ძვირფასო მეგობრებო! არ შემიძლია ეს სასიამოვნო ინფორმაცია არ გაგიზიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედების თავმდაბალმა ავტორმა არ ისურვა ამის მოყოლა, ისიც მართალია, სიკეთეს ხმაური რომ არ უყვარს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა დუმილი ალბათ დანაშაულიც კია…
ეს არაჩვეულებრივი ადამიანი – დავით ოდიშარია, მის ულამაზეს ოჯახთან ერთად ბათუმში, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამოზე გავიცანი. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიხსენებდით მის თანადგომას და განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც მან გამოიჩინა ჩვენს მიმართ, მუდამ თვალს ვადევნებდი მის საინტერესო ინფორმაციებს სოც. ქსელში, თუმცა ამაზე ახლა არ შევჩერდები.
26 მარტის წვიმიანი დღე იყო, შაბათი… ჩემი უახლოესი მეგობარი ანა მიქავა და მე ბუხრის პირას ვისხედით, ყავას შევექცეოდით, თან ვსაუბრობდით, ამ დროს სმს მოვიდა:
დავით ოდიშარია: ‘’თამარ, გამარჯობა! როგორ ბრძანდები?
წალენჯიხის ხელოვნების სასწავლო ცენტრის უნიჭიერესი პედაგოგის და მოსწავლოს ვიდეო ვნახე, ჩემი დიდი სურვილი იქნება, თუკი მომეცემა ამის შესაძლებლობა, სკოლას 1 პიანინო ვაჩუქო. (ამ ვიდეოზე მაქვს საუბარი) მასწავლებელს ეტყობა 2 სიტყვაში ვინცაა და როგორც ექცევა მოსწავლეებს.
ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, 5–წლედი მეც მაქვს დამთავრებული, ეხლა არ ვუკრავ, მაგრამ მუსიკალური განათლება ხშირად გამომადგა, ასე რომ ჩემი მადლიერება იქნება ამ სფეროს თანამშრომლებისთვის.
ძალიან გთხოვთ, მომეცით ამის შესაძლებლობა. ინსტრუმენტი რა თქმა უნდა თქვენ შეარჩიეთ ისეთი, როგორიც მომავალ თაობას ეკადრება.
ალბათ წარმოიდგენთ ჩემს ემოციებს ამ სმს-ების მიღების შემდეგ, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ანაც, ეს ის ვიდეოა, სადაც მისი მოსწავლე გოგონა მართა ლუკავა უკრავს ფორტეპიანოზე (პედაგოგ თამილა (თამუნა) ჯანჯღავას კლასი). არ ვიცი ეს შემთხვევითობა როგორ მოხდა, მაგრამ თამუნა ჯანჯღავამ სწორედ ამ დროს დაურეკა ანას და მოიკითხა…
რამოდენიმე წუთში დათო თამუნას სოც.ქსელში დავაკავშირე, მეორე დღეს კი ახალი სმს მივიღე:
დავით ოდიშარია: ‘’თამარ დღე მშვიდობის! თამუნას ვესაუბე ‘’აკუსტიკას’’ დავუკავშირდით, შევარჩიეთ მოდელი, თანხა გადარიცხულია, საჭიროა მისამართზე გადაგზავნა და 1-2 დღეში თქვენთან იქნება ინსტრუმენტი. გიგზავნით გადარიცხვის ინფორმაციას’’.
ვერანაირი სიტყვა და მადლობა ახლოსაც არ მივიდა იმ რეალობასთან, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი… არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა მადლიერება და ისევ დათომ გამომიყვანა მდგომარეობიდან:
დავით ოდიშარია: გილოცავთ! არანაკლებ მიხარია მეც თქვენი სიხარული, თუმცა ჩვენი სამომავლო ურთიერთობისთვის და მეგობრობისთვის ვფიქრობ ბევრჯერ მადლობის გადახდა საჭირო არაა!’’
რაც შეეხება ინსტრუმენსტს;
‘’აკუსტიკა’’- ‘’ეს გახლავთ მრავალფუნქციური, პროფესიონალური იაპონური ბრენდის ციფრული პიანინო. საბაზისო ხმა (პიანი, გრანდ პიანი, ელ. პიანი, ორღანი, საეკლესიო ორღანი, კლავესინი, სრინგი, ხორი). მეტეონომის ფუნქცია, ჩამწერი ფუნქცია : ტრანფოუზ (ოქრავის გადაწევა) და სპლიტ (კლავიშის გაყოფა) ინსტრუმენტის ღირებულება 3 200 ლარია.’’
მოკლედ, ჯერაც აზრზე ვერ მოსულები თბილისიდან ველოდებით ძვირფას საჩუქარს, დათოს კი წალენჯიხაში ვუმასპინძლებთ, როცა საქართველოში ჩამოვა, თან ჩემი ტიტების ბაღიც უნდა დაათვალიეროს, რომლითაც დიდი ხანია აღფრთოვანებულია…
მანამდე კი, უფალს შევთხოვ, წინსვლა და წარმატებები არ მოშლოდეს მას, მის ძვირფას ოჯახს და მუდამ მისცეს სხვების გახარების შესაძლებლობა! “
კომენტარები