წინა ნომერში მოგახსენეთ, ირაკლი კობახიძემ შიდა გამოკითხვის შედეგები მას შემდეგ გამოაჩინა, რაც 30 მაჟორიტარი წარადგინეს და სწორედ ამ შედეგებით ირკვევა, რომ არა ერთს ან ორს, არამედ ძალიან ბევრ კანდიდატს საქმე იმაზე ცუდად აქვს, ვიდრე ვარაუდობდნენ. თუ აქამდე სუსტ რგოლად მხოლოდ 2-3 კაცი ჩანდა, ახლა მათ რიგებს ბევრი დაემატა. ნინო ლაცაბიძე, შალვა კერესელიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, სამველ მანუკიანი, ზაზა დუგლაძე, ალექსანდრე მოწერელია, რესან კონცელიძე – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებსაც პირველ ტურში გამარჯვების კი არა, პირველ ტურში მარცხის დიდი შანსი აქვთ.
ამიტომ, შესაბამის ოლქებში „ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატების დაყენებას აპირებს და რომლისკენაც სასწორი გადაიხრება, ფსონს მასზე დადებს. ანუ, ხელისუფლებამ შესაძლოა, მეორე ტურში ოპოზიციას არა „ოცნების“ კანდიდატი, არამედ დამოუკიდებელი მაჟორიტარი შეიძლება გააყოლოს. მაგალითისთვის გიორგი გაჩეჩილაძეც კმარა, რომელიც ვაკეში „მწვანეების“ სახელით აპირებს კენჭისყრას და ამავდროულად პარლამენტში „ქართული ოცნება-მწვანეების“ ფრაქციის თავმჯდომარედ რჩება. როგორც გვეუბნებიან, დამოუკიდებელი კანდიდატები ძირითადად ცნობილი ბიზნესმენები იქნებიან, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებსაც თანხის დახარჯვის პრობლემა არ ექნებათ, პარტიას არ ჩამოეკიდებიან და შანსს მიიღებენ იმისას, რომ პარლამენტში სწორედ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოხვდნენ. ეს სქემა „ოცნებამ“ აზერბაიჯანისგან აიღო, როცა რამდენიმე თვის წინ, ილხამ ალიევმა აზერბაიჯანულ მეჯლისში 23 დამოუკიდებელი კანდიდატი შეიყვანა, რეალურად კი 23-ვე მისი მხარდამჭერი აღმოჩნდა. სწორედ ანალოგიური რისკების წინაშე იდგა ალიევიც და გათვლამ გაამართლა.
ანი დვალიშვილი, ალია №28
კომენტარები