განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„ეს ქვეყანა არის ოკუპირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის ფასად შეინარჩუნა სტაბილურად და მშვიდობიანად. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. ISFED-მა არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ რბილი განცხადების ნაცვლად, რომელიც საკუთარი თავის და სახის გადარჩენას ემსახურებოდა, უნდა გააკეთოს სხვა ტიპის განცხადებები და აგვიხსნას, რატომ იყო ეს ალგორითმი, თუ ფორმულა შეცდომიანი.
თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები. პირველ რიგში, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო. მათივე ორგანიზაციის შიგნით ჩვენი უცხოელი პარტნორების დახმარებით ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება. უნდა აგვისხნან, რა არის ამის მიზეზი“
“ალია” შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ელენე ნიჟარაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ აუდიტი თავად ჩაატარა კომპანიამ და დონორი კომპანიებისთვის არ უცნობებია აუდიტის დაწყების შესახებ, შესაბამისად. რა საფუძველი აქვს თეა წულუკიანს, იმის სათქმელად, რომ აუდიტი ჩაატარეს “უცხოელმა პარტნორებმა” – ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები