ნანა სულავა
რა ხდება დღეს მარტყოფის ველზე, ვინ ჩაიგდო ხელში? – „ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორი თამაზ ბიბილური.
- ამ მიწების გასხვისება დაიწყო მისი მმართველობის დროიდან, როცა ბენდუქიძემ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო და დღეს მარტყოფის ველი, რომელიც ქართველთა სისხლით არის მორწყული, თურქებისა და ირანელების სასტუმროებით და რესტორნებითაა სავსე. თუ რა მდგომარეობაშია მარტყოფი, ამის ამსახველი ყველა ფოტომასალა ხელთ მაქვს. აქვეა ნაგავსაყრელი და ავტომანქანების სამრეცხაოები. ქართველები რეცხავენ თურქებისა და ირანელების მანქანებს. ამის შედეგად მარტყოფის ველზე მოედინება შემოტანილი ჭუჭყი და ეს ხდება მაშინ, როდესაც იქვე ქარსაცავი ზოლია და ხეები უწყლობის გამო ხმება. უცხოელები მარტყოფის ველს მშვიდობიანად და უბრძოლველად იკავებენ და ხვალ ისინი დიდგორსაც მიადგებიან. როდესაც ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, მტერი ვერ გვერეოდა, საქართველოს ყველაზე დიდმა მტერმა სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობის დროს, ამ მიწების გაჩუქება დაიწყო. ..
ზუსტად იმ ადგილას, სადაც მტერი ვერ გვერეოდა, სამანქანო გზის ორივე მხარეს, თურქები ცხოვრობენ უკვე. აკაფეს მწვანე ნარგავები, ქართველმა რომ ერთი ხე მოჭრას, მაშინვე აჯარიმებენ. ამათ კი გზა ხსნილი აქვთ. სულ ცოტა ხანში იქ მეჩეთებსა და მინარეთებს აგვიშენებენ. ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ეს ისტორიული ადგილი. გიორგი სააკაძის ძეგლს თავი აქვს გადატეხილი. მემორიალი, რომელიც 70 წლის წინ არის შექმნილი, თითქმის განადგურებულია და არცერთ ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია, რომ განეახლებინა.
- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო მარტყოფის მიწების გასხვისება და ეს პროცესი „ოცნების“ მმართველობის დროსაც არ შეჩერდა, არა?
- არა. მარტყოფის გამგებელეს, მამუკა გელიაშვილს, ორჯერ მივაკითხე. ვერცერთხელ ვერ ვნახე. მის თანამშრომელს ჩემი მობილურის ნომერი დავუტოვე, მაგრამ არ დამკავშირებია. მერე გარდაბნის გამგებელთან ჩავედი. პოლიციამ არ შემიშვა გამგებელთან. ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგის ჩატარება მინდოდა და იქ მათი ყოფნაც აუცილებელი იყო. არაერთი წერილი დავტოვე მთავრობის კანცელარიაში, რომ როგორმე, თუ პრემიერი ვერ მოიცლიდა, რომელიმე წარმომადგენელი გამოეგზავნა, მაგრამ ბრიფინგს, რომელიც პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. არ მოვიდა „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“ – ეგ თემა არ გვაინტერესებსო. ახლა წერილს პირდაპირ პრემიერის სახელზე შევიტან და, თუ არ მომაქციეს ყურადღება, მაშინ მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, თუ რა ხდება მარტყოფის ველზე. კატეგორიულად ვითხოვ, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომ შეისწავლონ მარტყოფის მიწების უცხოელებზე გაყიდვის ფაქტები. ვსვამ კითხვას, რას აკეთებდა საქართველოს კულტურისა და ისტორიის დაცვის სააგენტო? ბოლოს მარტყოფში ვიყავი ხარებამდე ორი დღით ადრე. მარტყოფის გამგებელი, რა თქმა უნდა, ისევ არ ბრძანდებოდა. თანამშრომელმა მითხრა, მარტყოფის ბრძოლის აღსანიშნავად ჩოხოსნები ჩამოდიანო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც მარტყოფში ხდება, მაპატიონ ჩოხოსნებმა, მაგრამ თბილისში ამის თაობაზე ხმას არ ამოიღებდნენ. მე ისეთ ჩოხოსანს რა ვუთხრა, რომელიც გიორგი სააკაძის თავგატეხილ ძეგლთან მივა და ამაზე არაფერს იტყვის. ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა: „მარტყოფი საქართველოს გადარჩენააო“.
- ბატონო თამაზ, როგორ აპირებთ მარტყოფის გადარჩენას?
- ქართველი და უცხოელი სპონსორების ხელშეწყობით უნდა მოხდეს მარტყოფის კომპლექსური გეგმის განხორციელება და ამაში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთავრობა, მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური შეხედულებისა. შეუძლიათ გააკეთონ ფულადი შემოწირულობა, მიუთითონ მიზნობრივი დანიშნულება. უნდა შეიქმნას მარტყოფის გადარჩენის ფონდი, რომელიც იქნება გამჭვირვალე. ქველმოქმედთა შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება გაზეთ „სამშობლოში“, რომლის რედაქტორიც მეგახლავართ. ეს იქნება დიდი მამულიშვილური საქმე. „ოცნებამ“ სააკაშვილის მოღალატეობრივი საქმიანობა ახლა მაინც უნდა შეაჩეროს. უნდა შეწყდეს მარტყოფის ველის გასხვისება. იმედი მაქვს, კეთილი ნების საქმე გაიმარჯვებს.
კომენტარები