თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება ექიმი, სტომატოლოგი, მრავალათასიანი სოციალური ჯგუფის, „მედგიდის” დამფუძნებელი და პარტია “ენმ”-ის წევრი, სოფო ჯაფარიძე. ეს არის ადამიანი და ეს არის ჯგუფი, რომელიც უამრავ სასოწარკვეთილ ადამიანს ეხმარება და თუ კოვიდპაციენტი კლინიკაში ვერ გადაგყავთ ადგილების უქონლობის გამო, მისწერეთ „ფეისბუქზე“ ამ ჯგუფს და დაგეხმარებიან. თუ არ გაქვთ წვდომა „ფეისბუქთან“, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, ვინც ამას შეძლებს.
– სოფო, როგორც ვიცი, „მედგიდის” ჯგუფის წევრები უკვე სახელს აღარ გეძახიან და ზედმეტსახელით მოგმართავენ…
– “ახლავე” – ასე შემარქვეს ჩემგან დამოუკიდებლად ჯგუფის წევრებმა და ძალიან მიხარია, რომ გვერდით ვეგულები ხალხს, ყველანი მიყვარხართ და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ გადავრჩეთ და ამ საგიჟეთს თავი დავაღწიოთ.
– როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?
-მე და ჩემ მეგობრებს სამედიცინო ასოციაცია გვაქვს, კონფერენციები, კონგრესებს ვატარებდით, ათეულობით საქველმოქმედო ღონისძიება გაგვიკეთებია. აქტიურად ვატარებდით სამედიცინო კონგრესებს, სადაც 500-600 ექიმი იკრიბებოდა და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდა. როცა რთული პერიოდი დაიწყო, პანდემიას ვგულისხმობ, თავიდან ვიფიქრეთ, რომ ონლაინ კონგრესი ჩაგვეტარებინა, თუმცა, ამასობაში, დავინახეთ, რომ ადამიანები ვერ უკავშირდებიან ექიმებს, ვერ ხდება სწორი კოორდინაცია ჯანდაცვის სისტემაში და სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა. „მედგიდი” მალევე გახდა ბრენდი და რაც მეტი ადამიანი გვენდობა და მოგვმართავს, მით მეტია ჩვენი პასუხისმგებლობაც. ჩვენ ვიტვირთეთ მედიატორის როლი ექიმებსა და პაციენტებს შორის. 17 მოდერატორი ჰყავს ჯგუფს, მართლა შიშველი ხელებით ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი იარაღი ინფორმაციაა და ჩვენი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავატანინოთ ადამიანებს პანდემია.
– ხშირად ვკითხულობ ჯგუფში წერილებს, სადაც სასოწარკვეთილი ადამიანები გთხოვენ, დაეხმაროთ ჰოსპიტალიზაციაში, ამ შემთხვევაშიც შენი პასუხია: ახლავე. როგორ ახერხებთ პაციენტების გადაყვანას კლინიკებში, მაშინ, როცა ამის გაკეთება ზოგჯერ სასწრაფოსაც კი უჭირს?
– კი, ნამდვილად ვახერხებთ და ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ სწორი კომუნიკაციით, თანმიმდევრული მუშაობით. გაგიმხელთ ჩვენ საიდუმლოს – ჩვენი 17 კაციანი გუნდი 24 საათის მანძილზე კომუნიკაციაშია გინდ თბილისში და გინდ რეგიონებში კლინიკებთან და ინფორმაციის განახლებიდან, მაქსიმუმ ნახევარ საათში ჩვენ უკვე ვიცით, რომელ კლინიკაში რამდენი ადგილია და რომელ კლინიკას რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია. ბევრჯერ თქვეს, გამოვიძიოთ საიდან პოულობს სოფო ჯაფარიძე და „მედგიდი” კლინიკებში პაციენტებისთვის ადგილებსო, ისიც კი დაგვაბრალეს, ალბათ, უნახავენ ადგილებს კლინიკებიო, გამორიცხულია ასეთი რამ, არავინ შეგინახავს ადგილს… მართლა ძალიან მინდა გამოიძიონ, როგორ ვახერხებთ ადამიანების ჰოსპიტალიზაციას, გულით ვამბობ, მოხარული ვიქნები გამოიძიონ, იქნებ, მერე მაინც მიხვდნენ როგორ უნდა იმუშაონ, რას ნიშნავს სწორი კოორდინირება და რა შედეგი მოაქვს თანმიმდევრულ მუშაობა.
– სოფო, რომელია ჯანდაცვის სისტემის ყველაზე სუსტი რგოლი, შენი აზრით?
– ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლში უდიდესი ხარვეზია. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ყველა გადარჩენილი სიცოცხლე ექიმების დამსახურებაა მხოლოდ და მხოლოდ და არა სისტემის. სისტემა ხარვეზებით მუშაობს ყველა რგოლში. დავიწყებ პირველადი ჯანდაცვით – ოჯახის ექიმები 5-6 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებიან პაციენტებს, რამაც შეიძლება უკვე მდგომარეობა დამძიმებული პაციენტის კლინიკაში გადაყვანა დააგვიანოს. შემდეგი რგოლია სასწრაფო სამედიცინო დახმარება – ბრიგადის ექიმები მუხლჩაუხრელად შრომობენ, ხშირად კუთვნილ დასვენებასაც არ იყენებენ და იცით, რომ მათ დღემდე არ აღირსეს განახლებული ბაზა? ორმაგი შრომა უწევთ, თან პაციენტს უნდა მიხედონ და თან სათითაოდ დარეკონ კლინიკებში და არკვიონ სად არის ადგილი და სად – აღარ. მათ, რომ ერთიანი, განახლებადი ბაზა ჰქონდათ, ეს ბევრად გაუადვილებდათ მუშაობას. და ბოლოს – ჰოსპიტლები, სადაც მდგომარეობა ზღვარზეა, ადამიანური რესურსი ამოწურვადია.
– საველე ჰოსპიტლები გახსნა მთავრობამ, ხომ არ იცით, ვის მიანდობენ საველე ჰოსპიტლების მართვას, რეზიდენტებს, თუ სამხედრო ექიმებს?
– არა, ბურუსით მოცულია ყველაფერი, არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რა, სად, როგორ მოხდება.
– მედიკამენტი ცოტილიზუმაბი – გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, „მედგიდში” წერდა მოქალაქე, რომ კლინიკამ ოჯახს მოსთხოვა მისი ყიდვა, იგივეს წერდა ბიძინა კულუმბეგოვი და ამბობდა, რომ პაციენტის ოჯახმა 5 000 ლარი გადაიხადა ამ წამალში და იქვე დასძენდა, “არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი.”
– ეს მედიკამენტი გამოიყენება ციტოგენური შტურმისას, გადაჭარბებული იმუნური პასუხის დროს, სამწუხაროდ, მედიკამენტი ხშირ შემთხვევაში დეფიციტშია, აი, მაგალითად, ამწუთას ისევ დეფიციტშია. ძალიან დიდია ლეტალობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, დრამატულად გაზრდილია ციფრები და ვხედავთ, გლობალურ რუკაზეც ყველგან გაწითლებული ვართ, ამის მიზეზია ჯანდაცვის სისტემის არაკოორდინირებული მუშაობა და რასაკვირველია ისიც, რომ არ ხდება რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. თავისი მძიმე როლი ითამაშა, ვაქცინაციის დაგვიანებით და ხარვეზებით დაწყებამ, არ დასრულდა ხარვეზები ვაქცინაციის პროცესში – ტექნიკური, პორტალის გამართვით დაწყებული, რაოდენობრივით დასრულებული და ამ ყველაფერმა ერთად მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მხოლოდ 9 პროცენტია აცრილი მოსახლეობის, მაშინ, როცა, წესით, წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი სრულად უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული და ამ ტემპებით, ეს უკვე შეუძლებლად მიმაჩნია.
– პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა რამდენიმე დღის წინ, ვაქცინების დოზების მოძიება, როგორც ჩანს, მარაგი იწურება და ესეც ანტივაქსერებს ხომ არ დაბრალდებათ?
– მართალი ხარ, ჩემი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის მხოლოდ 200 ათასზე ოდნავ მეტი დოზაა დარჩენილი ქვეყანაში და სწორედ მაგიტომ არ დაიწყო ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია თავიდანვე.
– „მედგიდი” ორჯერ გაქრა სოციალური ქსელიდან, ორჯერ დაიბლოკა, ხომ არ გაქვთ ეჭვი, ვინ დგას ამის უკან და რა მიზეზია?
– მოკლედ გეტყვით – ამის უკან დგანან ტროლები და ბოტები, აი, მათ უკან კი ვინ დგას მე არ დავასახელებ, მაგრამ მგონი, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.
კომენტარები