ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მანამდე კი, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ჯერ მუხლი შეეცვალა და საქმე გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, როდესაც გამოძიების ინფორმაციით ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრა. 19 წლის ბიჭს 10-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის, რამდენიმე მძიმე. გავრცელებული ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მივიდა თოფაძეების სახლში, დაჭრა ლევანი და წავიდა, სწორედ ამიტომ დაიწყო თავდაპირველად საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და ბუსა ჟვანიას 7-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შემდეგ ახალგაზრდა ციხეს დაახლოებით 1 წელიწადში დატოვებს.
შეთანხმება 5 თებერვალს შედგა, სასამართლომ კი დაკავებულს სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. აქიდან 1.6 წელი პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენი კი გამოსასწორებელი ვადა.
ბუსა ჟვანიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ბუსა ჟვანიას დედა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოჯახი შეწყალების თხოვნას არ აპირებს. ნინო ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მისი შვილი ციხეში გამოცდებისთვის მოემზადა.
რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მისი თქმით, თუ ბუსა ჟვანიამ ციხე წელიწადნახევრზე ადრე დატოვა, “ჟვანიებს პრობლემები შეექმნებათ”.
“სამი წელი მისჯილი აქვს, წელიწადნახევარში გამოვა, ამაში არ ჩავერევით, ჩვენ მათ ბევრი დავუთმეთ. მაგრამ თუ წლის ბოლომდე გამოვა, ვინმემ თუ მოგვატყუა დიდ ხათაბალაში გაეხვებიან. თუ რამეს იმაიმუნებენ თავის თავს დააბრალონ”- ამბობს თოფაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე გოგი თოფაძეს ბიძინა ივანიშვილმაც კი დაურეკა – 2020 წლის ოქტომბერში გოგი თოფაძე ჰყვებოდა:
“დედას “ვუნამიოკე”, ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა – მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება. ბიჭმა რაღაც ხომ უნდა გაიგოს, დაჯდეს ცოტა ხანი, რომ მიხვდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე. ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე. რამდენჯერ გადადებენ სასამართლოს? ვიღაცებს რევენ და ალბათ ამიტომ დებენ პროცესს. ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, მაგათ კიდე გაამართლონ უნდათ, ასე არ გამოვა!”
მართალია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, მაგრამ საქმეში პირადად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი! როგორც ხედავთ, თავიდან გოგი თოფაძე ითხოვდა, რომ მინიმუმ 3 წელი მაინც გაეტარებია ბუსა ჟვანიას ციხეში, თუმცა, კიდევ ერთ დათმობაზე წამოსულა უკანასკნელ რამდენიმე თვეში.
აბა, მოსამართლე ივანიშვილი წავიდაო? აბა, საქართველოში საქმის გარჩევები არ ხდება, სასამართლო წყვეტსო?
კომენტარები