გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის ოჯახზე გარკვეული მასალები გაასაჯაროა, კერძოდ, თამარის ჩვენება, მაშინდელი, როცა თამარი იყო არასრუწლოვანი, ასევე ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ე.წ. გადაწყვეტილება და განჩინება, რომლებსაც არ აქვთ ბეჭედი და ხელმოწერა.
დღეს, 7 აგვისტოს, მედიაში გასაჯაროვდა ასევე არასრუწლოვანი თამარ ბაჩალეიშვილის ექიმის ჩანაწერი, სადაც ბავშვთა ექიმი, გარდა თამარის მდგომარეობისა, საუბრობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ქცევებზე და ცხოვრების სტილზე.
დღეს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომ იგი გამოიძიებს, მიაწოდეს თუ არა ძალოვანი უწყებებიდან მედიას ჯუმბერ ბაჩალიაშვილე ინფორმაცია და მასალები.
გამოიძიებს თუ არა სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური, არასრუწლოვანის სამედიცინო ბარათის მედიისთვის გადაცემულ საქმეს – ამ ეტაპზე უცნობია.
დიდი ალბათობით, ექიმის მიერ გაცემული ცნობის ასლიც ძალოვანი უწყებიდან მოხვდა მედიის ხელში, თუმცა, ეს რა თქმა უნდა ვარაუდია და იმედია, დადგინდება გამავრცელებლის ვინაობა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი.
„პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიასაშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით.
შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა, წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.
მიუხედავად იმისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
სახელმწიფო ინსპექტორის მოუწოდებს ყველა პირს, სიფრთხილით მოეკიდონ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას, რადგან მათმა გავრცელებამ შესაძლოა, არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის პირად ცხოვრებას“
კომენტარები