ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შსს-ს მინისტრი, სამინისტროდან განცხადებით ეხმაურება:
„მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
როგორც განცხადებით მიხვდით, შსს-ს ჯერ იდენტიფიცირებული არ ჰყავს აქციის მონაწილეები, აი, როგორც კი ამოიცნობს, დააჯარიმებს! ესებუა ამოიცნო ნიღაბში და…
ვინ ვერ იცნო შსს-მ? აქციაზე მყოფი მელია? თუ უგულავა? იქნებ, ჯაფარიძე, ჭიჭინაძე და სხვა ათობით ოპოზიციური ლიდერი? რომელი ვერ იცნო? რომელი იმალება, ბატონო მინისტრო?
გუშინ არ უფიქრია გომელაურს იდენტიფიკაციაზე, ისე მიუშვირა ცივი წყალი ადამიანებს!
აქციის მონაწილეებს ვურჩევთ, ხვალიდან მთლიანი სახის ნიღაბი გაიკეთონ, რადგან შსს იდენტიფიცირებულებს აჯარიმებს!
ბატონო გომელაურო, ერთი კომენდანტის საათი უზრუნველჰყავით და მეორე ამ ჯარიმებს ამოიღებთ, ყველას დაჯარიმებას თუ დაიწყებთ!
ალბათ, სახის ამომცნობი პროგრამა გაქვთ ჩართული და ასობით ოპერატიული მუშაკი შიფრავს მონაცემს. ვფიქრობთ, სჯობს ამერიკის ფედერალური ბიუროდან დაიხმაროთ სპეციალისტები, აბა, ამათ მხოლოდ თქვენი ძალებით როდის ამოიცნობთ!
ლამის 30 წელია ერთი და იგივე სახეები გვყავს პოლიტიკაში და შსს ახლა იწყებს მათ იდენტიფიცირებას! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, თქვა ესებუამ!
კომენტარები