რონდელის კლუბის მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
,,ვინ მართავს ღაზის სექტორის გარეთ არსებულ პალესტინის ტერიტორიებს?
„ფათჰი“ (სრული დასახელება „ჰარაკათუ ალ-თაჰრირ ალ-ვატანი ალ-ფილასტინი“, რაც „პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას“ ნიშნავს) პალესტინური სუნიტური სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც მართავს პალესტინის ტერიტორიების ნაწილს, კერძოდ კი მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროს (რუკაზე აღნიშნულია როგორც West Bank).
მას 1988 წლამდე (როდესაც „ფათჰმა“ ოფიციალურად უარი განაცხადა ტერაქტების მოწყობაზე) ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდნენ ისრაელი და აშშ.
ორგანიზაცია დევნილობაში დაარსდა 1959 წელს. „ფათჰი“ აცხადებს, რომ მისი მიზანი პალესტინის გათავისუფლებაა. იგი სხვა პალესტინური ორგანიზაციებისგან განსხვავებით რელიგიურზე მეტად ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია. „ფათჰის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ხოლო 1969 წლიდან ლიდერი იყო იასირ არაფატი.
„ფათჰი“ შედიოდა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში“ და ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ისრაელის სახელმწიფოს.
1960-იანი წლების ბოლოს ორგანიზაცია გაძლიერდა იორდანიაში, სადაც უამრავი პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. აქ „ფათჰი“ იმდენად მომძლავრდა, რომ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდა იორდანიის სახელმწიფოსთან. მაგრამ მძიმე ბრძოლების შემდეგ დამარცხდა.
„ფათჰის“ ორგანიზაციას დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა და აიარაღებდა საბჭოთა კავშირი და მისი აღმოსავლეთ ევროპული სატელიტები.
ორგანიზაცია ადგილობრივ კომუნისტებთან ალიანსში აქტიურად იბრძოდა ლიბანის სამოქალაქო ომშიც. თავიდან მას ამ ომში სირიის დიქტატორი ჰაფეზ ალ-ასადიც ეხმარებოდა. მაგრამ მოგვიანებით მათი გზები გაიყო და ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა.
პარალელურად, ორგანიზაცია რეიდებს აწყობდა ისრაელზე. თუმცა, ეს უკანასკნელი დიდ ზიანს აყენებდა „ფათჰს“.
არაფატის სიკვდილის (2004 წ) შემდეგ, ორგანიაციას სათავეში ჩაუდგა მისი ახლანდელი ლიდერი მაჰმუდ აბასი, რომელსაც ახლო ურთიერთობები გააჩნია რუსეთთან.
აბასს დამთავრებული აქვს ლულუმბას სახელობის მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურა. სადოქტორო დისერტაცია კი დაიცვა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში თემაზე „საიდუმლო კავშირი ნაციზმსა და სიონიზმს შორის“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი).
აბასის მმართველობის დროს მოხდა შიდა პალესტინური კონფლიქტი რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაცია „ჰამასთან“, რის შედეგადაც (2007 წ.) პალესტინა ფაქტობრივად გაიყო: მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორია „ფათჰის“ მმართველობაში დარჩა, ხოლო ღაზის სექტორი გადავიდა ჰამასის კონტროლქვეშ. 2009 წელს აბასს პრეზიდენტობა უვადოდ გაუხანგრძლივეს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ „ფათჰი“ ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს შეტაკებებში, მაგრამ იგი სრულად ვერ აკონტროლებს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიას (აქ „ჰამასი“ თანდათან ძლიერდება).
ამიტომ 7 ოქტობრის შემდეგ აქაც იყო შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის, რასაც 103 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1772 კი დაიჭრა.
არსებობს მოსაზრება, რომ ღაზის სექტორში “ჰამასის” განადგურების შემდეგ ეს ტერიტორია შესაძლოა სამართავად “ფათჰს” გადაეცეს. მაგრამ ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ “ფათჰი” იმდენად არაპოპულარული და უსუსურია პალესტინელებს შორის, რომ მან კიდევ ერთხელ შეიძლება დაკარგოს კონტროლი ღაზის სექტორზე, როგორც ეს 2007 წელს მოხდა.”
კომენტარები