„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.
– ბატონო ვალერი, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ? „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან მოყოლებული, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავთ, ოპოზიციასთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის მიერ, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მოულოდნელი შეწყალების ჩათვლით.
– ძალიან გრძელი, დამღლელი და საინტერესო პროცესი იყო და კი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. მოდით, ირაკლი ოქრუაშვილით დავიწყებ. მისი დაჭერა იყო დაგეგმილი. ხელისუფლებას სურდა, ეს კაცი ჩამოეცილებინა პოლიტიკისთვის და ეს მოახერხეს შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმით. ირაკლის ედავებოდნენ 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. ეს ბრალი არ დაუმტკიცდა სასამართლოზე. იგივე ბრალი სხვებსაც წაუყენეს, მაგრამ არავის დაუმტკიცდა. მაინტერესებს, ხელისუფლება რომ აცხადებს, პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო, ორგანიზებული ძალადობა იყოო, სად იყო? თუ იყო, რატომ ვერ დაუმტკიცეს ვერავის და ვერც ოქრუაშვილს? ეს ნიშნავს, რომ რაც იქ მოხდა, ეს ყველაფერი იყო სპონტანური, არ იმართებოდა არავის მხრიდან და არ ჰყავდა ორგანიზატორები. ეს იყო ხალხის უმართავი პროცესი და ყველა ვინ იქ იყო, მათ შორის ოქრუაშვილი, ამ პროტესტის ერთ–ერთი მონაწილე იყო. ამდენად ლეგიტიმური კითხვაა: თუ ამ აქციას არ ჰყავდა ორგანიზატორები, მაშინ რატომ მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი ძალადობის ბრალდებით და სხვას არავის? იქ ათეულობით ათასი ადამიანი იყო. რასაც ესენი ძალადობას ეძახიან, ეგრე ასეულობით ადამიანი ძალადობდა და მარტო ოქრუაშვილი რატომ გაუშვეს ციხეში? ეს უკვე შერჩეული მართლმსაჯულება იყო. ხელისუფლებამ ამით თქვა, რომ ასეულობით ადამიანიდან ეს ერთი დავიჭირე, რადგან მინდოდა, რომ დამეჭირაო. ამ გარემოებამ უკვე გაუჩინა სრულიად საფუძვლიანი ეჭვი უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაჭერილი და დასავლეთიდან შესაბამისმა რეაგირებამაც არ დააყოვნა, მისი და კიდევ რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ პოლიტპატიმრები უწოდეს და სამართლიანადაც.
გიგი უგულავას მიმართ განაჩენი უკვე აღსრულებული იყო, იმ 48 მილიონის გაფლანგვას რომ ედავებიან, ამ ბრალდებით სასჯელი მოიხადა და გამოვიდა ციხიდან. ამის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა სამოქალაქო და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იმავე დანაშაულზე, რომელზეც უკვე ციხეში იჯდა უგულავა და მოიხადა სასჯელი, შეუფარდა 3 წლიანი ციხე. ორმაგი დასჯა გამოვიდა. საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი, დაუშვებლად მიიჩნევს და კრძალავს, რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის, ორჯერ დასაჯოს ადამიანი. ასეთი რამ, მართლმსაჯულების მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. დაირღვა ეს საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმა. რაკიღა ეს დაირღვა, ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური ნიშნით იყო დაჭერილი.
გიორგი რურუას რაც შეეხება, იარაღზე დნმ–ის ექსპერტიზამ არ დაადგინა, რომ მასზე რურუას დნმ–ი იყო. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ რურუას თითის ანაბეჭდები არ იყო იარაღზე. თუ იარაღს ვატარებ, ეს ექსპერტიზები ხომ უნდა ადასტურებდნენ, რომ მართლა ჩემია, მოვიხმარდი მას და შესაბამისად, ჩემი დნმ–ის ნიმუშიც უნდა იყოს იარაღზე და თითების ანაბეჭდიც? არ იყო არც ერთი და სხვა რა რჩება? ჩაუდეს ეს იარაღი რურუას. მეტიც, არც ჩაუდიათ, დააკავეს, მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იქ უკვე გამზადებული ჰქონდათ იარაღი და უთხრეს რურუას, რომ ეს შენი იარაღია, ვაფორმებთ, რომ შენ გქონდა და შენგან ამოვიღეთო.
– გიორგი რურუა დააკავეს პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციის დროს, სადაც ასეულობით პოლიციელი იყო მობილიზებილი. ასეთ დროს, არაკანონიერ ნივთს და მით უფრო იარაღს, უიმედო იდიოტი თუ იახლებს თან. ამ დროს, მას 48 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს სახლში, დარეგისტრირებული და შენახული. ამ დროს კი აქციაზე მაინც და მაინც არარეგისტრირებული იარაღით მივიდა, თან წინასწარ იცოდა, რომ იქ უამრავი პოლიციელი იქნებოდა. სრულიად ლოგიკურად, არსებობდა შესაძლებლობა, ამტყდარიყო პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შეხლა–შემოხლა, რურუა დაეკავებინათ და ცხადია, იმ იარაღსაც უპოვნიდნენ. ეს ვარ გათვალა რურუამ? ასეთი წინდაუხედავი და მიამიტია? რურუას ეს ქმედება, რასაც პროკურატურა გვიმტკიცებს, სრულიად ალოგიკურია. ბარემ ეთქვათ, რომ თავად რურუა მივიდა პოლიციასთან, არარეგისტრირებული იარაღი მისცა მათ და უთხრა, დამიჭირეთო.
– რაც თქვით, ეგ არის სრულიად ლოგიკური. ჭკუათმყოფელი ადამიანი, ცხადია, იქ უკანონო იარაღით არ წავა, სადაც თუნდაც ერთი პოლიციელის გამოჩენის მცირედი შანსია. არადა, რურუამ გარანტირებულად იცოდა წინასწარ, რომ პარლამენტის შენობასთან პოლიციის მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება მოხდებოდა. ასეა ყველა საპროტესტო აქციაზე და გამონაკლისი არც ეს აქცია იქნებოდა და არც იყო. თუმცა, ეს მაინც ლოგიკური კითხვაა. მთავარი მაინც იურიდიული მტკიცებულებაა, რომლებიც არ არსებობს, მათ შორის, არც ორი ექსპერტიზის შემდეგ. გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. ის არის „ნაცმოძრაობის“ წევრი. თუმცა, მთავარი ის არის, რომ რურუა მას შემდეგ დაიჭირეს, რაც მან „მთავარი არხის“, ოპოზიციური არხის წილი შეიძინა და მისი დაფინანსება დაიწყო. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რურუა უნდა დაეჭირათ, ჩამოეცილებინათ, რომ „მთავარი არხი“ არ დაეფინანსებინათ. ეს მისი განეიტრალების მიზეზი იყო. ამ სამივე საქმეში, რასაც ჰქვია სამართლებრივი და იურიდიული შემადგენლობები, არ არსებობს, რაც პირდაპირი დასკვნის საფუძველს აჩენს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაჭერილები. ამიტომ ედავება მათ გამო ხელისუფლებას უცხოეთი, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან და უნდა გამოუშვან ციხიდან. ოქრუაშვილი და უგულავა გამოუშვეს და რურუასაც გამოუშვებენ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას. არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ამას არც „ქართული ოცნების“ აღიარებს. თუმცა, არაპირდაპირ ამის აღიარება ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწია და იგივე გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამაც. ოქრუაშვილამდე და უგულავამდე, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი, კობა კოშაძე და ბესიკ თამლიანი გამოუშვეს. სულ ხუთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდათ და ერთიღა დარჩა.
– სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, ეგენი კრიმინალები არიან, პრეზიდენტის შეწყალებასთან არაფერი გვაქვს საერთოო. ირაკლი კობახიძე ამ სისულელეს ისე უტიფრად ამბობდა ტელევიზიით, მგონი, მართლა ჰგონია, რომ ხალხი ჭურში ზის და მათ გარდა, სხვას არ უსმენს და არ უყურებს.
– ახლა ეს არის ძალიან დიდი სისულელე და მართლა უტიფრობა. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად შეიწყალეს სალომე ზურაბიშვილმა ეს ორი პოლიტპატიმარი. ეს არის თამაში და მორიგი ტყუილი. ეს ხელისუფლება გამუდმებით იტყუება და ეს მისი მორიგი ტყუილია. აქ გადამწყვეტი იყო ფინანსური ფაქტორი. ევროკავშირიდან საქართველო 3 მილიარდ დოლარზე მეტ თანხას ელოდება დახმარებისა და სესხის სახით. ამ ფულს შეპირდნენ საქართველოს. როდესაც შეთანხმებას საფრთხე დაემუქრა, გამოვიდა ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი და განაცხადა, რომ რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, საქართველოს უნდა მას შეუჩერდეს ევროკავშირის ფინანსური დახმარებებიო. ამაზე გაგიჟდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაინახეს, რომ ფული გაუჩერდათ, ესენი ხომ ფულისთვის არიან ხელისუფლებაში მოსულები. ადგა მერე ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინა ორი პოლიტპატიმარი.
– „ქართული ოცნება“ ცდილობდა ჩაეშალა 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ცდილობდა, ეს ოპოზიციისთვის დაებრალებინა? იმიტომ აცხადებდა, რომ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან არ შევთანხმებულვართო?
– რასაკვირველია, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა, არჩევნების ძველი სისტემით ჩატარება უნდოდა და ამის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობდა. თუმცა, ეს არ გამოუვიდა. დასავლეთმა, შეიძლება ითქვას, ერთგვარი განაჩენი გამოუტანა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ღიად, მკაფიოდ განაცხადა, რომ მას პოლიტპატიმრები ჰყავსო. დასავლეთის თვალში ამ ხელისუფლებამ ნდობა სრულიად დაკარგა. მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის „გადაგდებასაც“ არ ერიდება, არავინ ითანამშრომლებს. ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე – ეს ხელისუფლება მალე შეიცვლება.
– დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს, არჩევნები მართლა ლუპის ქვეშ ჩატარდება.
– თუ არჩევნებამდე მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, რასაკვირველია, ეგრე იქნება. მე ახლა ველოდები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ეს დასკვნა იქნება უმკაცრესი, უმძიმესი ხელისუფლებისთვის. ბოლოდროინდელი მოვლენები უფრო დაამძიმებს ამ დასკვნას და თუ იქ პოლიტპატიმრებიც იქნება ნახსენები, ეს მთლად უბედურება იქნება ამ ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო სხვა ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის. შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეუს შეხვედრასა და მერე გამართულ ერთობლივ ბრიფინგს. ამ ბრიფინგზე, მაიკ პომპეუმ, ღიად განუცხადა ბახტაძეს, რის შესრულებასაც საქართველოსგან ამერიკა ითხოვდა. ეს სამი პოსტულატი იყო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ანაკლიის პორტის აშენება. პრემიერმა ბახტაძემ საქვეყნოდ პირობა დადო, რომ სამივეს შეასრულებდა ხელისუფლება. ამ სამიდან ორი არ შესრულდა და მესამე, ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაშლის პირას არის. საქართველოს ხელისუფლებამ მოატყუა სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ. მაიკ პომპეუ გააკეთებს მკაცრ განცხადებას ამის შესახებ. ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ოთხმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა, წერილი გაუგზავნეს პომპეუს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ამერიკის მტრებთან კავშირში და სხვა უბედურებებში. ამ წერილს, ცხადია, წაიკითხავს პომპეუ და უფრო მეტ და უარეს ინფორმაციასაც მოიძიებს ხელისუფლების შესახებ. ამას უკვე მივყავართ ხელისუფლების პერსონალური პირების მიმართ სანქციების გამოყენებამდე, დავუშვათ, ივანიშვილს, კალაძეს და სხვებს დაუწესებენ სანქციებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ამერიკამ სერიოზული დახმარება გაუწია საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გადაურიცხა საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ არ ვიცით, სად წავიდა ეს ფულიო. ამერიკის ხელისუფლებაში გიჟები არიან? როგორ, მოგცემენ ფულს და არ მოგკითხავენ, რაში დახარჯე? თან მიზნობრივი პროექტებისთვის მოგვცეს ეს ფული და ვალდებულიც არის, მოგკითხოს. მართლა სად წავიდა ეს ფული თუ მისი ნაწილი? ვის ჯიბეშია ახლა?
მე ამერიკის ელჩის მჯერა, არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის, მისი გახრწნილი და კორუმპირებული გარემოცვისა. ამ ფულს მოიძიებენ ამერიკელები და გაარკვევენ, სად წავიდა. ამას კიდევ ცალკე დიდი აურზაური მოჰყვება. ყველა მიმართულებით დაკარგეს ამათ ნდობა, ყველაფერში ყველას მოტყუებას ცდილობენ. რეპუტაციის არმქონე ხელისუფლებასთან არავინ ითანამშრომლებს. „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, ამათ არჩევნებზე სახლში გაუშვებს ქართველი ხალხი. უცხოეთში პატრონ–მყვარებელი არ დაიტოვეს, ყველა გადაიკიდეს, სიტყვის შემწევიც არ დარჩათ არავინ.
– ბატონო ვალერი, ერთი რამ ვერ გავიგე. 8 მარტის შეთანხმება ამერიკის საელჩოში, ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინიციატივით შედგა. ისინი ამ შეთანხმებაში შუამავლები იყვნენ. კარლ ჰარცელს, ცხადია, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მანდატი ჰქონდა და ისე მონაწილეობა. ერთდროულად ამერიკა და ევროკავშირი რომ გადააგდო, ვისი და რისი იმედი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს?
– მსოფლიოში ისე განვითარდა მოვლენები ამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რომ ყველა ქვეყანას გაუჩნდა საკუთარი სადარდებელი, მართლა ყველა ქვეყანა უხილავ მტერთან ომშია, კი ხედავთ, რაც ხდება. ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, ახლა ამერიკას და ევროპას ჩვენთვის არ სცალია, მოდი გადავაგდებ ამათ და როდესაც მოიცლიან, უკვე ჩატარებული მექნება არჩევნები, უარეს შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის ვადა გასული იქნება და ძველი სისტემით ჩავატარებ არჩევნებსო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ეგრე მოიქცა ივანიშვილი, მაგრამ მისდა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ არ ბნელოდა, მოეჩვენა, ბნელაო და ქურდობაზე წაასწრეს. ძალიან მარტივი და ბრიყვული გათვლა იყო. თუმცა, ამას მარტო უტვინობას ვერ დაარქმევ, ცოტა ფსიქიკურადაც გასარკვევია ეს ყველაფერი, ივანიშვილის ეს ქმედებები. მივიწყებული თემა გაახსენა დასავლეთს. ჩხრეკა, ჩხრეკა და ის დანა გამოჩხრეკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუღებს ბოლოს.
– მარტო ღებულობს ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებებს თუ ჰყავს მრჩევლები, რომელთა ინფორმაციას და ანალიზსაც ეყრდნობა?
– ლაშა ნაცვლიშვილი ჰყავს მრჩეველი და თუ სხვებიც ჰყავს, მასზე უკეთესი არც ერთი არ არის. ნაცვლიშვილის, სხვების ჭკუაზე კი არ დადის ხელაღებით, მაგრამ არწმუნებენ იმაში, რაც მას აწყობს. ეუბნებიან იმას, რაც უნდა. ყველა ფაქტს და მოვლენას ისე წარმოუჩენენ, როგორც სურს. შემდეგ უკვე ამ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქმედებს ივანიშვილი, უკვე შემსრულებლებს აძლევს შესაბამის დავალებებს. რაც მოუტანა ამან, ვხედავთ ყველა. ეს არის კარჩაკეტილობის ბრალი, ეს არის პერსონალური ფსიქოლოგიური თავდაჯერებულობის ბრალი. აფეტიშებენ, ეუბნებიან, რომ მასზე ჭკვიანი არავინ არის ამ ქვეყანაზე. რაც მეტს ეუბნებიან ასეთ სისულელეს, რაც მეტს აქებენ, მით უფრო რწმუნდება, რომ ერთადერთია, განუმეორებელი, მასზე ჭკვიანი და გონიერი მართლა არავინ არის და ვინც აკრიტიკებს, მისი მტერია, მისი მოშურნეა, რომელსაც მისი ეს გონიერება აღიზიანებს, ან უბრალოდ, სულელია. ამგვარი ფსიქოპატები ხდებიან მერე ავტოკრატები. არღვევენ კანონს და ფიქრობენ, რომ კანონის დარღვევის უფლება მხოლოდ მათ აქვთ და სხვა არავის, არღვევენ ადამიანის უფლებებს და ყველა იმ ფასეულობებს, რომელთა ერთობლიობასაც დემოკრატია ჰქვია. საბოლოდ, პატივს არ სცემენ საერთაშორისო აზრს, უცხოელ პარტნიორებს და მოკავშირეებს, მათ მტრებად აღიქვამენ, რაკიღა მის ხუშტურებს შესაბამისად აფასებენ და რეაგირებაც შესაბამისი აქვთ. საბოლოდ კი საერთაშორისო იზოლაციისთვის არიან განწირულნი. ეს არის გარდაუვალი მომავალი ბიძინა ივანიშვილისთვის.
– მაინც როგორ ფიქრობთ, ამერიკა ფინანსურ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს?
– არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. თუ აქამდე მიიყვანეს ამერიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოდ მას ციხე არ ასცდება. უკეთეს შემთხვევაში, ის შეცდება თავის გადარჩენას. წავა მოლაპარაკებებზე, რომ არ შეეხონ მას, მისი ოჯახის წევრებს, მის ქონებას და დატოვებს ხელისუფლებას. ეს ისედაც მოუწევს შემოდგომით არჩევნების გზით. არანაირი შანსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არ გააჩნია. თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე არც გაახსენდება. ისინი წყალსაც წაუღია, თუ მე აღარ ვიქნები ხელისუფლებაში – ასე ფიქრობს ივანიშვილი.
„ქართული ოცნება“ არჩევნებს რომ წააგებს, მერე რამდენიმე დღეში დაიშლება. დაინახავ აგერ, ნოემბრის პირველ ნახევარში, ეს პარტია აღარ იქნება. დაიშლებიან და გადანაწილდებიან სხვაგან. რომელი იდეური და ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“? სადაც ძალას დაინახავენ, სადაც ამ წლებში დაგროვებული ქონების გადარჩენის შანსი მეტი ექნებათ, იქით წავლენ. „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, გაქრება ქართული პოლიტიკიდან.
– მივაღწევთ არჩევნებამდე? ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. უბრალოდ, შიათ ადამიანებს, ბავშვებს შიათ და მშობლებმა არ იციან, რა აჭამონ. ხალხი ხომ არ გამოვა ქუჩაში და არჩევნების გარეშე ხომ არ დაასრულებს ხელისუფლებას?
– მართლა მძიმე დღეში არიან ადამიანები. ხელისუფლება უმუშევარ ხალხს ფინანსურ დახმარებებს დაპირდა და ჯერ არავისთვის არაფერი მიუცია. დახმარებას სხვა სოციალურ ჯგუფებსაც დაჰპირდა და არც მათ მიუღიათ ერთი თეთრიც კი. ჯერ არც რომელიმე ბიზნესისთვის მიუციათ ის ფული, რასაც დაპირდნენ. ჩვენ ვიანგარიშეთ და ლამის მილიონი ადამიანი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩება. მოკლედ, მძიმე ვითარებაა. შია ხალხს. ასეთ დროს. გამოვა ხალხი გარეთ, აბა, არ გამოვა? არ მაძლევ? მაშინ უნდა წაგართვა! აი, ეს პრინციპი ამუშავდება. დასრულდება თუ არა არჩევნების გარეშე ხელისუფლება, ეს არ ვიცი, მაგრამ ხალხი მალე გამოვა ქუჩაში და კარგი არაფერი მოჰყვება ამას.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №17
კომენტარები