როგორც BBC წერს, ისრაელში მოქალაქეების 50%-ზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც. ეს კი გახდა საფუძველი, რომ თანდათან შეამსუბუქონ დაწესებული შეზღუდვები და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
უკვე გაიხსნა მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, თუმცა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ საჭიროა. ასევე, დახურულ სივრცეში 300 კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია, ხოლო ღია სივრცეში 500 ადამიანის ერთად შეკრებაა დაშვებული. მიუხედავად შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნისა, ისრაელის აეროპორტი კვლავ დაკეტილი რჩება კიდევ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ “ფაიზერით” აცრილებში სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე 98%-ით მცირდება, ხოლო ზოგადად Pfizer-ის ვაქცინა 95.8%-ით ეფექტიანია.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, მომდევნო ორ კვირაში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების 95%-ს ვაქცინა გაკეთებული ექნება.
სპორტული დარბაზები, სასტუმროები და სინაგოგები გაიხსნება მათთვის, ვისაც ე.წ. მწვანე პასპორტი აქვს, ეს არის სერთიფიკატი, რომელსაც მოქალაქეებს ვაქცინაციის შემდეგ აძლევენ. “მწვანე პასპორტის“ მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ვაქცინაციამ ჯერ არ დასჭირდათ, რადგან ჯერ კიდევ აქვთ ანტისხეულები.
ისრაელის “მწვანე პასპორტი“ ციფრულია – ეს არის აპლიკაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მონაცემი და მისი მოქმედების ვადა 6 თვეა.
კომენტარები