საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე კი მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. ჰერჩინსკი ოფიციალურად საქართველოდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ დაინიშნება.
ჰერჩინსკის განათლება პოლონეთში, ვარშავაში აქვს მიღებული. აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. ფლობს პოლონურ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს.
პაველ ჰერჩინსკი ბელგიაში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო, 2008- 2013 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. 2006-2008 წლებში ევროკავშირის დეპარტამენტში დირექტორის მოადგილე იყო.
პაველ ჰარჩინსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
რაც შეეხება კარლ ჰარცელს, ის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, მას 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
კომენტარები